პრემიერი - ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ბიზნესის, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარებას - აშშ-ს მხრიდან თუ იქნება შემოღებული უვიზო რეჟიმი, ეს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე დადებითად აისახება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ბიზნესის, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარებას - [აშშ-ს მხრიდან] თუ იქნება შემოღებული უვიზო რეჟიმი, თუ მაგალითად, პროტოკოლური საკითხებიც მოგვარდება და არა მესამე, მეოთხე რანგის თანამდებობის პირები მიულოცავენ პრეზიდენტებს და პრემიერებს დანიშვნას, არამედ, ეს გადაწყდება უმაღლეს დონეზე, ეს ყველაფერი, დადებითად აისახება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩინეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღო.

„რაც შეეხება ჩინეთს, ჩვენ შარშან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და თანდათანობით, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულ შედეგებში აისახოს. მორიგი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით გასული დღეების განმავლობაში ეს იყო სწორედ უვიზო რეჟიმი. ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. ამას წინ უსწრებდა ჩვენი ანალოგიური გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი, მობილობის თვალსაზრისით და მეორე - რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური, კულტურული კავშირების განვითარებას, ყველა სფეროში ჩვენ გვაქვს ზრდის პოტენციალი და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩინეთის ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავშირების განვითარებას ჩვენ ქვეყნებს შორის“, -განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, რას გეგმავენ ამერიკასთან მიმართებით ვაჭრობის, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების დაწესებასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე ან მიმსგავსებული ტემპით განვითარდეს კავშირები კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან.

„ეს ეხება უვიზო მიმოსვლას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის მითუმეტეს, რომ ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის კუთხით დრეს ვერავითარ გამოწვევებს ვერ შექმნის, საუბარი მაქვს აშშ-ს მიგრაციულ პოლიტიკაზე. თუ იქნება პირდაპირი ფრენები შემოღებული, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თუ იქნება ხელმოწერილი და თუ გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, თუ შემოვა მეტი ინვესტიცია - ყველა ამ მიმართულებით დღეს გვაქვს პრაქტიკულად ნულოვანი მდგომარეობა. თუ გვენება დადებითი დინამიკა, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მისასალმებელია. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს. თუმცა, ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს ამ ნაწილში. მე მქონდა ძალიან დამაიმედებელი შეხვედრა ამერიკის ელჩთან, მას ჰქონდა პოზიტიური გზავნილები. მთავარია, რომ ეს ყველაფერი გარდაისახოს ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ იქნება შემოღებული უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, თუ გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თუ გვექნება მზარდი დინამიკა ინვესტიციების კუთხით, თუ მაგალითად პროტოკოლური საკითხებიც მოგვარდება და არა, მესამე, მეოთხე რანგი თანამდებობის პირები მიულოცავენ პრეზიდენტებს და პრემიერებს დანიშვნას, არამედ, ეს ყველაფერი გადაწყდება უმაღლეს დონეზე, ეს ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ, დადებითად აისახება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე“, -განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ