ქირურგიული სამსახურის პრობლემების გადაჭრის მიზნით, მეცნიერებათა აკადემია მთავრობისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს

ქირურგიული სამსახურის პრობლემების გადაჭრის მიზნით, მეცნიერებათა აკადემია მთავრობისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა აკადემია ავრცელებს.

მათი განმარტებით, სწორედ თანამედროვე ქირურგიის პრობლემები იყო განხილვის თემა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მორიგ შეხვედრაზე.

მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, 28 თებერვალს (2024წ.) გამართულ სხდომას, სადაც ზოგიერთი თანამედროვე მიდგომის, არსებული სიტუაციისა და პერსპექტივების შესახებ ანალიზი გაკეთდა, მეცნიერებათა აკადემიის მედიცინისა და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხეცურიანი თავმჯდომარეობდა.

მსჯელობაში მონაწილეობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის, X რეგულირების სამმართველოს უფროსი, მედიცინის დოქტორი მარინე ბადიაური.

სხდომაზე სამედიცინო ინოვაციების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა კახა ნურალიძემ.

„ვიწრო, ე. წ. მხოლოდ ქირურგიულ ჭრილში ამ თემის განხილვა დღევანდელი მედიცინის გადმოსახედიდან უკვე ძალიან მოძველებულია და არააქტუალური თემაა. კერძოდ, თანამედროვე მედიცინა ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება და ინტერაქტიური დარგი ხდება, რაც, პირველ რიგში, პოლიმორბიდული, მულტიდისციპლინური მიდგომებისკენ გვიბიძგებს, რათა პაციენტს შევუქმნათ მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი უსაფრთხო გარემო. შესაბამისად, ქირურგიული სამსახური ძველებური მიდგომით ვერ გადაჭრის მის წინაშე მდგარ ამოცანებს სხვა სამედიცინო მიმართულებებთან მჭიდრო და განუყოფელი არათუ მხოლოდ „თანამშრომლობის“, არამედ რეალური შერწყმის გარეშე. პირველ რიგში, ეს მიმართულებებია - ანესთეზიოლოგია და რადიოლოგია, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ფართომასშტაბიანი ქირურგიული ოპერაციების სტრატეგიული დაგეგმვა, შესაძლო ინტრაოპერაციული გართულებების პროგნოზირება და შესაბამისი პროფილაქტიკის უზრუნველყოფა“, - განაცხადა თსსუ-ს კლინიკის და აწსუ-ს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის მიმართულების პროფესორმა კახა ნურალიძემ.

თანამომხსენებელმა, პროფესორმა მერაბ ჯანელიძემ აქცენტი გააკეთა სიმსუქნის მიზეზების, მისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის დარგზე - ბარიარტრიული და მეტაბოლური ქირურგიის პრობლემებზე.

„წონის კორექცია არ შეიძლება იყოს მოდური, ტრენდული ან საკუთარი სურვილის განხორციელების საშუალება. სამედიცინო ჩვენების გარეშე ჩატარებული ოპერაცია შეიძლება გახდეს პაციენტის ფიზიკური და მორალური გამოფიტვის მიზეზი. ამ მიმართულებით საქართველოში, სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენცია აღინიშნება, რაც აშკარად საგანგაშოა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპერაცია უკუნაჩვენებია ონკოლოგიური, ალკოჰოლდამოკიდებული და მენტალური ავადმყოფობის მქონე პაციენტებისათვის. უფრო მეტიც, სამედიცინო ტურიზმის ეგიდით საქართველოდან გაედინება ყოველთვიურად ათეულობით პაციენტი მეზობელ ქვეყნებში, რომელთაც უტარდებათ ბარიატრიული და მეტაბოლური ტიპის ოპერაციები მხოლოდ ერთდღიანი კვლევისა და მომზადების შედეგად. შემდგომში კი, პაციენტთა დიდი ნაწილი სხვადასხვა გართულებებით მკურნალობას საქართველოს კლინიკებში აგრძელებს“ - აღნიშნა თსსუ-ს პროფესორმა მერაბ ჯანელიძემ.

მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს და მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიკოსებმა დავით მიქელაძემ და რამაზ შენგელიამ, ასევე, პროფესორებმა არჩილ ჩხოტუამ, რამაზ ყურაშვილმა, ბეჟან წინამძღვრიშვილმა, თენგიზ ცერცვაძემ, კოტე ყიფიანმა და შეხვედრაში მონაწილე სხვა სტუმრებმა.

მათივე განმარტებით, შეხვედრაზე დასმული პრობლემატიკის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, დროული და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებისთვის, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქირურგიული სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდება რეკომენდაციებისა და წინადადებების პაკეტი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ