ლევან დავითაშვილმა მწვანე ენერგეტიკის განვითარების მინისტერიალზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ასევე, მწვანე ენერგეტიკის განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მწვანე ენერგეტიკის განვითარების ოთხმხრივ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა ბაქოში მწვანე ენერგეტიკის განვითარების მინისტერიალის ფორმატში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა და ამ კუთხით არსებული საკვანძო საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე იმსჯელეს ერთობლივი კომპანიის დაფუძნების დეტალებზე და პროექტის შემდგომი განვითარების ნაბიჯების შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა გარდა, სხდომას ასევე დაესწრნენ ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი და ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენელი.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ყოველწლიურად მზარდი ენერგიის მოხმარების პარალელურად, ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევის მიზნით, საქართველო ცდილობს განავითაროს არსებული რესურსები და იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია. ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო აფართოებს თავის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს არამხოლოდ ნახშირწყალბადების ტრანზიტის, არამედ ელექტროენერგიის კუთხითაც.

„კავშირების გაძლიერება და გაფართოება ცოცხალი პროცესია და ჩვენ ვაგრძელებთ ახალი პროექტების განვითარებას. კერძოდ, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, უშუალოდ დაუკავშირდეს ევროპულ ენერგოსისტემებს დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. მის განხორციელებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ტრანსფორმაციული ეფექტი ექნება საქართველოსთვის, ხელს შეუწყობს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას. ევროპის ელექტროენერგიის ბაზრებზე წვდომა დადებითად აისახება ქართულ ბაზარზე, მის ტრანსფორმაციასა და ევროპულთან დაახლოებაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ამბიციურ ინიციატივად“ აფასებს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ენერგიის მდგრადი გადაცემის ჯაჭვში და ხელს შეუწყობს მონაწილე ქვეყნებს შორის დაკავშირებულობას და თანამშრომლობას. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ.

„ჩვენი პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენი ერების საერთო ვალდებულებას მდგრადი და მწვანე ენერგეტიკული გადაწყვეტილებების წინსვლისკენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს კოლექტიურ ერთგულებას ჩვენი ქვეყნებისა და მთელი რეგიონისთვის უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის ხელშეწყობის მიმართ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მწვანე ენერგეტიკის განვითარების მინისტერიალის სხდომას საქართველოს დელეგაციის შემადგენლობით დაესწრნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით