ვატო სურგულაძე ზურაბ აზარაშვილზე - ასეთი ცუდი და არაფრის გამკეთებელი მინისტრი  არ მახსოვს, არა იმიტომ, რომ განზრახ უნდოდა ასე, არამედ არ იცოდა, რა გაეკეთებინა - ჯანდაცვის სისტემა სრულად ჩააგდო

ნებისმიერი დარგის მინისტრს ორი რამ მოეთხოვება - ეს არის საგნის ცოდნა და კომუნიკაცია. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს არც ერთი ჰქონდა და არც მეორე - ამ ადამიანმა ჯანდაცვის სისტემა სრულად ჩააგდო, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს ჯანდაცვის სფეროში ბევრი კარგი იდეა არსებობდა, თუმცა არცერთი მათგანი ბოლომდე არ განხორციელებულა.

„ნებისმიერი დარგის მინისტრს ორი რამ მოეთხოვება - ეს არის საგნის ცოდნა და კომუნიკაცია. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს არც ერთი ჰქონდა და არც მეორე. მე მითქვამს, რომ აპრილის დასაწყისში აზარაშვილს გაუშვებდნენ. ასეთი ცუდი და არაფრის გამკეთებელი მინისტრი მე არ მახსოვს. არა იმიტომ, რომ განზრახ უნდოდა ასე, არამედ იმიტომ, რომ არ იცოდა რა გაეკეთებინა. ამ ადამიანმა ჯანდაცვის სისტემა სრულად ჩააგდო.

აფთიაქებს გარეთ გაჩნდა „შავი ბაზარი“, თქვენ ევროპულ მედიკამენტებს აფთიაქებში თითქმის ვეღარ იპოვით, ონკოპაციენტები ზოგ მედიკამენტს დღემდე საერთოდ ვერ იღებენ. გარდა ამისა, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების პრობლემას 5 თვის განმავლობაში არასერიოზულად უყურებდნენ. ბავშვებს ყოველდღე უწევთ იაშვილის კლინიკაში მისვლა ინექციისთვის და მშობლების თხოვნაზე, რომ წამალი სახლში გაატანონ, უარს ეუბნებიან, წამალი რომ არ გაიყიდოსო, ეს ძალიან ცინიკური დამოკიდებულებაა.

აზარაშვილის მინისტრობის დროს ბევრი კარგი იდეა იყო ჯანდაცვის სფეროში, თუმცა გეგმა ბოლომდე მიყვანილი არასოდეს არ იყო“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, პროფესიონალი ექიმები საქართველოს ტოვებენ, რაც სწორია, რადგან ქართულ ჯანდაცვის სისტემას სისტემური მიდგომა არ გააჩნია.

„ცნება „კარგი და ცუდი ექიმი“ არ უნდა არსებობდეს. ხარისხიანი და უხარისხო მედიკამენტები ქვეყანაში არ უნდა განიხილებოდეს, ოქსიმორონია. ექიმი არ შეიძლება ცუდი იყოს. კარგი, პროფესიონალი ექიმები საქართველოდან მიდიან და ეს სწორია. ექიმი რეზიდენტურაში სწავლას რომ იწყებს, იქ ფული უნდა გადაიხადოს. ესაა პრობლემა, რეზიდენტებს ფულს იქით უნდა უხდიდნენ, რადგან ისინი მუშაობენ. ქართულ ჯანდაცვის სისტემაში სისტემური მიდგომა საერთოდ არ გაგვაჩნია.

ჩემი აზრით, ჯანდაცვის სისტემის მართვა ყველაზე რთულია, რადგან შენ ისეთ საკითხებთან გაქვს საქმე, სადაც შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ჯანდაცვის სისტემით ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, როგორც ხალხი, ისე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ იმისთვის, რომ ადამიანს ხვალინდელი დღის არ ეშინოდეს“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ გადაცემაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის