საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმლის ჯგუფში წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-8.3 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-3.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.9 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ალკოჰოლურ სასმელებზე (3.3 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (2.7 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.1 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (-1.7 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციის, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8 პროცენტით, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.4 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურების ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.5 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (2.7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (5.0 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-18.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-5.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8 პროცენტი), თევზეული (1.6 პროცენტი)”- ნათქვამია ინფორმაციაში.