მაია ბითაძე - პოტენციურად მომატებული საფრთხის შემცველი ძაღლის ყოლის უფლება შეიძლება შეეზღუდოთ ადამიანებს, რომლებიც ძალადობრივი დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი და პირებს, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ

უმრავლესობის წევრის, მაია ბითაძის განცხადებით, ნასამართლევ პირებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები, შესაძლოა, პოტენციურად მომეტებული საფრთხის ჯიშის ძაღლის ყოლა შეეზღუდოს.

მისივე განმარტებით, პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშისაა ძაღლი, რომელიც ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ნაკლები წვრთნის შედეგად, კრიტიკულ მომენტში შესაძლებელია საფრთხის შემცველი იყოს.

„ვის არ შეიძლება ჰყავდეს ძაღლი, რომელიც პოტენციურად მომეტებული საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს - ვფიქრობთ, ეს უფლება შეიძლება შეეზღუდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობრივი დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი და ნასამართლობა არ აქვთ გაქარწყლებული და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები, რაც ფურცლით დასტურდება“, - განაცხადა ბითაძემ.

მან, ასევე, ევთანაზიასთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ცოფთან დაკავშირებით ევთანაზია ისე განხორციელდება, როგორც ეს აქამდე ხორციელდებოდა.

„მთავარია ევთანაზიის მუხლი ეყრდნობა მთლიანად მთავრობის დადგენილებას და მინდა ხაზგასმით ვთქვა, საეჭვო შემთხვევა არ არის ის, რომ მაია ბითაძეს მოეჩვენება, რომ ძაღლი ცოფიანია, საეჭვო შემთხვევა კანონმდებლობით დასტურდება. ვეტერინარები დაადასტურებენ, რომ ცოფი არის საშიში დაავადება, რომელიც 100-დან 100 პროცენტით სიკვდილიანობით სრულდება და იმ შემთხვევაში, თუ მიმკედლებელი ან მეპატრონე არ განახორციელებს საკუთარ ძაღლზე მეთვალყურეობას და ვიცით, რომ კარანტინის ვადა 1 წელია, ამ შემთხვევაში ძაღლი დაექვემდებარება ევთანაზიას. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ევთანაზიასთან მიმართებით ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ეს არის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და იმ დასავლურ სამყაროში საითკენაც მივდივართ, სადაც ცივილურად უნდა წავიდეთ და არა ერთმანეთის ბულინგით. ასევე, ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს კინოლოგის და ვეტერინარის დასკვნა, ორივესი ერთობლივი, რომელიც დაადასტურებს, რომ ძაღლი არც დამამშვიდებლების შედეგად, არც ქცევის კორექციის შედეგად, არ ექვემდებარება დამშვიდებას, იქ თავად პატრონის მოთხოვნაა გათვალისწინებული, თუ მას სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე თავად სურს, რომ ძაღლი დააძინოს, ეს იქნება აგრესიული ძაღლის დაძინების წინაპირობა“, - განაცხადა ბითაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია