რამაზ საყვარელიძე - ცესკოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება პარლამენტისთვის პრეზიდენტისთვისაც სარისკოა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, პრეზიდენტმა პარლამენტს ე.წ. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში შესთავაზა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს წარუდგინოს.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე განაცხადა, რომ „პრეზიდენტი ჩართულია ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში“. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი თქვა, „ცესკოს თავმჯდომარის ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით უნდათ მისი დაბულინგება“.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამავე თემაზე განაცხადა, რომ „ვეტო იქნება დაძლეული“.

თქვენ როგორ შეაფასებდით ცესკოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით პარლამენტისათვის პრეზიდენტის შეთავაზებას?

- ადამიანების შერჩევა სარისკო საქმეა ქართულ პოლიტიკაში. პრეზიდენტმა გამსახურდიამ კიტოვანი აირჩია თავდაცვის მინისტრად, სიგუა - პრემიერად და... დაამხეს თავზე პრეზიდენტობა. შემდეგ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჟვანია აირჩია პარლამენტის თავმჯდომარედ და სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად და... ვარდებით გააცილეს პრეზიდენტი სახლში.

სააკაშვილმა ივანიშვილი პარტიის დამფინანსებლად აირჩია, მაგრამ მერე მის თეფშებს აპატიმრებდა და... თავად მოხვდა საპატიმროში. ახლახან „ოცნებამ“ ქალბატონი სალომე აირჩია პრეზიდენტობის კანდიდატად, გააპრეზიდენტა და... მერე უშედეგო იმპიჩმენტი გამოუცხადა, ახლა არ აღიარებს.

უახლესი ისტორიიდან ცხადი ხდება, რომ არჩევანი ბუმერანგად ბრუნდება ქართულ პოლიტიკაში. ამ ფონზე უცნაურად გამოიყურება ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტის შეთავაზება - ცესკოს ამრჩევ კომისიას შევქმნიო. გააფრთხილოს ვინმემ, რომ სარისკო საქმეა არჩევანში ჩარევა.

უახლესი ისტორიიდან ცხადი ხდება, რომ არჩევანი ბუმერანგად ბრუნდება ქართულ პოლიტიკაში. ამ ფონზე უცნაურად გამოიყურება ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტის შეთავაზება - ცესკოს ამრჩევ კომისიას შევქმნიო. გააფრთხილოს ვინმემ, რომ სარისკო საქმეა არჩევანში ჩარევა

სამწუხაროდ, იმდენად ცოტა ადამიანია ნდობით გამსჭვალული პრეზიდენტისადმი, რომ ადვილად დააბრალებენ და დაიჯერებენ - პარიზამდე გვირაბი გაჰყავდაო - და საბრალდებო დასკვნაში მიაყოლებენ მაგ კომისიას. ისედაც უწუნებენ არჩევანს პრეზიდენტს - შესაწყალებლების არჩევანს, განსაკუთრებით ოთხმეზურების საქმეზე. მოკლედ, პარლამენტისთვის პრეზიდენტის შეთავაზება სერიოზულად შეფასება არ შეიძლება, რადგან ამგვარი შეთავაზება პრეზიდენტისთვისაც სარისკოა.

- ცესკოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებული თემები ერთი კვირის წინაც აქტუალური იყო, მაგრამ ეს თემა მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, როცა ცესკოს თავმჯდომარის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გახდა ცნობილი.

თავად ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, რომ „დამახინჯებული ფაქტების გავრცელების გამო აპირებს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას მიმართოს“.

ფაქტები რამდენად დამახინჯებულად იქნა გავრცელებული, ამის თქმა ჭირს ჭირს, მაგრამ, ფაქტია, რომ ცესკოს თავმჯდომარე უკანასკნელ წლებში საკმაოდ ძვირადღირებული უძრავი ქონება აქვს შეძენილი. ამდენი ქონების შეძენა, რომ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანისთვის ბევრი კითხვები შეიძლება გააჩინოს, გასაკვირი სულაც არაა.

როგორც ოპოზიცია აცხადებს, გასაკვირი უფრო ისაა, რომ უმრავლესობის წევრებს ცესკოს თავმჯდომარის ქონებასთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენიათ. მესმის რომ ახლა დაიწყება იმის თვლა, ხელფასით შეძლებდა თუ არა გიორგი კალანდარიშვილი და „ქართუ ბანკში“ დასაქმებული მეუღლე ამ ქონების შეძენას.

გიორგი კალანდარიშვილზე მომზადებულ სიუჟეტში ყველაზე მეტად მე ის გამიკვირდა, 2021 წელს ვაკეში 1 კვ.მ 520 დოლარად შეძენა შესაძლებელი იყო თუ არა საერთოდ.

გასაგებია, რომ ცესკოს თავმჯდომარის ქონებასთან დაკავშირებით ხმაური არჩევნებს და პოლიტიკას უკავშირდება. მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი 2024 წლის არჩევნების ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ნდობა მაღალი უნდა იყოს. თუ როგორ იქნა იგი არჩეული ცესკოს თავმჯდომარედ გვახსოვს. მხედველობაში მაქვს პრეზიდენტის გვერდის ავლითა და ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე.

გაქვთ განცდა, რომ პრაქტიკულად ერთი პარის მხარდაჭერით არჩეული და მის მიერვე დაკომპლექტებული ცესკო შეძლებს 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას?

- ცალსახად გიპასუხებთ - ცესკო შეძლებს 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მით უფრო, თუ იგი ხელისუფლების დაკომპლექტებულია. ასე თავდაჯერებული ვარ იმიტომ, რომ ყველა გამოკვლევით ხელისუფლების რეიტინგი ოპოზიციის რეიტინგზე საგრძნობლად მაღალია და მას არანაირი ინტერესი არა აქვს იმის, რომ უსამართლოდ ჩაატაროს არჩევნები. გაყალბებაში დაინტერესებულია ის, ვინც აგებს, და არა ის, ვინც იგებს.

ახლა, რაც შეეხება ქონებაში დაეჭვებას. თქვენ სიტყვებში ნაგულისხმევ მოთხოვნას სავსებით ვიზიარებ - ყველა თანამდებობის პირის ქონება უნდა იცოდეს მოსახლეობამ, ისე სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს.

ასევე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს ოპოზიციურ პოლიტიკოსთა ქონება, რადგან დღევანდელი ოპოზიცია ხვალ ხელისუფლებაში შეიძლება აირჩიონ. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, გასარკვევია ცესკოს თავმჯდომარის ოჯახისთვის ვაკეში ბინის შეძენის მექანიზმები.

ცესკო შეძლებს 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მით უფრო, თუ იგი ხელისუფლების დაკომპლექტებულია. ასე თავდაჯერებული ვარ იმიტომ, რომ ყველა გამოკვლევით ხელისუფლების რეიტინგი ოპოზიციის რეიტინგზე საგრძნობლად მაღალია და მას არანაირი ინტერესი არა აქვს იმის, რომ უსამართლოდ ჩაატაროს არჩევნები. გაყალბებაში დაინტერესებულია ის, ვინც აგებს, და არა ის, ვინც იგებს

ალბათ, ასევე გასარკვევია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ უკრაინაში იმ სახლების შეძენის მექანიზმები, რამაც იქაური ჟურნალისტები გააკვირვა... გასარკვევია ისიც, რა შემოსავლებიდან აძლევენ ოპოზიციონერები უცხოელ ლობისტებს მრავალათასიან გასამრჯელოს.

გეთანხმებით, ეს ყველაფერი გასარკვევია, ოღონდ თანაბარი პრინციპულობით ყველას მიმართ. პრინციპულობაში ტენდენციურობა პოლიტიკოსებმა იციან ხოლმე, განსაკუთრებით, არჩევნების წინ.

ყველაფერი გასარკვევია, ოღონდ თანაბარი პრინციპულობით ყველას მიმართ. პრინციპულობაში ტენდენციურობა პოლიტიკოსებმა იციან ხოლმე, განსაკუთრებით, არჩევნების წინ

- მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრი აზარაშვილი გაათავისუფლა, აქამდე მისი შემცვლელი პრემიერს არ დაუსახელებია, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ყოფილი და ახლანდელი პრემიერის გუნდებს შორის დაპირისპირებაა.

ამ საკითხზე პრემიერის განცხადება ასეთი იყო - „არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. მინიმალური მოცულობით ხორციელდება საკადრო ცვლილება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჯანსაღი ურთიერთობების გუნდის შიგნით.“ პრემიერის ეს შეფასებას დამაჯერებლობა არ აკლია. თუნდაც იმიტომ, რომ პრემიერის შეცვლის შემდეგ დიდი ალბათობით, სახელისუფლებო გუნდში „სამუშაო რეჟიმში“ მიმდინარეობს კონსულტაციები.

რაც შეეხება აზარაშვილის შემცვლელს მან თქვა, რომ „ჯანდაცვის მინისტრობა არავისთვის შეუთავაზებია“.

თქვენ როგორ შეაფასებდით რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მინისტრ აზარაშვილის გათავისუფლებას და იმასაც, რომ მისი შემცვლელი ჯერ არ დასახელებულა?

- ამ გაჭიანურებიდან პირველი დასკვნა ის გამომდინარეობს, რომ უწყებას მინისტრი ძალიან არ სჭირდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბავმა, ალბათ, დააჩქარა მინისტრის განთავისუფლება. მინისტრმა ადრე თქვა - საავადმყოფო ინგრევაო. პრემიერმა ახლა თქვა არ ინგრევაო და დააკმაყოფილა ექიმების მოთხოვნა. ამდენად განსხვავებული შეფასებების შემდეგ მინისტრი უნდა წასულიყო.

მინისტრმა ადრე თქვა - საავადმყოფო ინგრევაო. პრემიერმა ახლა თქვა არ ინგრევაო და დააკმაყოფილა ექიმების მოთხოვნა. ამდენად განსხვავებული შეფასებების შემდეგ მინისტრი უნდა წასულიყო

აჩქარების გამო გაუშვეს მინისტრი ისე, რომ შემცვლელი არ ჰყავდათ. ესაა და ეს. არაა გამორიცხული, რომ ეს ამბავი გაგრძელდეს - თუ კობახიძე ცდებოდა, ყოფილმა მინისტრმა შეიძლება იჩივლოს. თუ ბრალდება სწორი იყო, შეიძლება აღიძრას საქმე კორუფციასა და ტყუილზე და ა.შ. თუმცა, ამგვარ ისტორიებს ხმაურიანი გაგრძელებები იშვიათად აქვს.

- აწ უკვე ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა აზარაშვილი გადადგომის შემდეგ საკმაოდ ორაზროვანი და დამაფიქრებელი განცხადება გააკეთა.

ვგულისხმობ იმას, რომ მან 60 ექიმი- ონკოლოგი პაციენტებისთვის უვარგისი წამლების გამოწერაში დაადანაშაულა. უცნაური კი ისაა, როგორც აღმოჩნდა, ქვეყანას არ აქვს შემოტანილი წამლების ეფექტური შემოწმების მექანიზმი.

მეორე უცნაურობა კიდევ ის იყო, თუ მანამდე მინისტრმა აზარაშვილმა ეს იცოდა, ამ თემაზე განცხადება მან მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ რატომ გააკეთა.

თქვენ როგორ შეაფასებდით აწ უკვე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ასეთ ქმედებას? და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?

- აზარაშვილი რომ დაინიშნა იყო მოლოდინი, რომ ის სწორედ ჯანდაცვის ეკონომიკურ მხარეს მიხედავდა. ჩანაფიქრი გასაგები იყო იმ ხარვეზების ფონზე, რაც ჯანდაცვაშია - მგონი მსოფლიოში არსად არაა დაზღვევის შერწყმა ფარმაციასა და კლინიკასთან, ჩვენთან არის, არის მონოპოლიებიც, ფასებიც მსოფლიო მნიშვნელობის გვაქვს.

წამლების შემოწმების სისტემებიც რომ არ გვქონია, უკვე აღარაა გასაკვირი. სისტემის ყველა ეს ხარვეზი მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება. აზარაშვილის იმედი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ტყუილად. ისე, ალბათ, საჭირო არის სამომავლოდ მისი მოღვაწეობის ავ-კარგის სრულად გაგება ისევე, როგორც სხვა მინისტრების.

წამლების შემოწმების სისტემებიც რომ არ გვქონია, უკვე აღარაა გასაკვირი. სისტემის ყველა ეს ხარვეზი მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება

- გვერდს ვერ აუვლით ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულება არშესრულების თემას. ოპოზიციის მტკიცებით, მმართველმა გუნდმა უარი თქვა მართლმსაჯულების რეფორმის ვენეციის კომისიის შესრულებაზე.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად მოხდა ანტიკორუფციულ ბიუროს შესახებ კანონში ცვლილებები. ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გვერდის ავლით ცესკოს დაკომპლექტება.

ამ თემაზე დეპუტატმა დავით მათიკაშვილი განაცხადა - “ოპოზიცია ცდილობს, ბნელ ოთახში შავი კატა იპოვოს და ეს კატა იქ არ არის - ყველა ცვლილება ესადაგება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

მესმის, რომ იურისტი არ ხართ, მაგრამ თქვენი დაკვირვებით რა ხდება ევროპული რეკომენდაციების შესრულება- არშესრულებასთან დაკავშირებით!

- ყოველ დღე არათუ რეკომენდაციებს გვაწვდიან, არამედ შემზარავი სურათებით გვაშინებენ კიდეც - არ მოწიოთო თამბაქო. ვასრულებთ? ვინც არ ასრულებს, მასზე, ალბათ, ის ორმაგი სტანდარტიც მოქმედებს, რომ ერთის მხრივ რეკომენდაციას გაძლევენ და მეორეს მხრივ - გთავაზობენ მაღალ ფასად სიგარეტს.

ორმაგი სტანდარტების გამო პოლიტიკურ რეკომენდაციებსაც გაუტყდათ სახელი. შენიშვნები სამ ქვეყანას ერთნაირი მოგვცეს, ყველაზე ნაკლები საქართველოს, ხოლო კანდიდატობა ყველა მისცეს საქართველოს გარდა. ჩვენ რეკომენდაციების შესრულება დაგვითქვეს პირობად. ეს რეკომენდაციები რომ მხოლოდ უარის საბაბი იყო, იმაზეც გამოჩნდა, რომ ერთი წლის თავზე, როცა რეალური გახდა კავკასიაზე გამავალი ტრანზიტის ხაზი, ევროპელებმა მოგვცეს კანდიდატობა რეკომენდაციების ბოლომდე შესრულების გარეშე.

ახლა დაიწყო ამ დარჩენილი რეკომენდაციების პოლიტიკური ღეჭვა, მაგრამ ნდობას აღარ იწვევს რეკომენდაციების სერიოზულობა ხსენებული ორმაგი სტანდარტების გამო. ორმაგ სტანდარტებს ქართველები შეჩვეული ვართ, ორმაგობა ჭარბად გვქონდა სსრკ-ში.

ახლა დაიწყო ამ დარჩენილი რეკომენდაციების პოლიტიკური ღეჭვა, მაგრამ ნდობას აღარ იწვევს რეკომენდაციების სერიოზულობა ხსენებული ორმაგი სტანდარტების გამო. ორმაგ სტანდარტებს ქართველები შეჩვეული ვართ, ორმაგობა ჭარბად გვქონდა სსრკ-ში

არ მინდა გაუჩნდეს ქართველებს ეჭვი დასავლეთის მოთხოვნების გულწრფელობაში, თორემ თუ დაეჭვდებიან, თვალებში ნაცრის შეყრაც არ გაუჭირდებათ, რადგან ორმაგობა ისტორიულად გვიწევდა მუსულმანებთან, კომუნისტებთან. დასავლეთისგან ველით გულწრფელობას, მათ შორის, რეკომენდაციების აღსრულების საჭიროებაში.

- ვხედავთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიათა არ გადაჯგუფება მომხდარა და არც გამსხვილება. პირიქით, ვიცით, რომ შესაძლოა, კვირის ბოლომდე კიდევ დაფუძნდეს ორია თუ არა ერთი პარტია. მხედველობაში მაქვს გვარამია-მელიას პარტია.

ამ თემაზე ხმაურიანი განცხადებები კეთდება, მაგრამ, ჯერჯერობით, ოპოზიციურ ფლანგზე საინტერესო ბევრი არაფერი ხდება.

ამ თემაზე პრემიერმა განაცხადა - „ბოლო რეიტინგებითნაცმოძრაობა“ -18%, სხვა პარტიები 5%- ქვემოთ - ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას - გვარამია-მელია-ხაზარაძე კოლექტიურინაცმოძრაობაა“, როგორი ბნელი წარსულიც ჰქონდათ, ასეთივე ბნელი ექნებათ მომავალი.“

გასაგებია, რომ საარჩევნო წელია და პრემიერი სხვა ტიპის განცხადებას არც გააკეთებს. მაგრამ, თუ ასეთი თვითდაჯერებულია ხელისუფლება, ლამის ყოველ დღე რატომ ხარჯავს ამდენ დროს კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებზე საუბარში?

- ერთხელ კოკა-კოლას მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ რეკლამაზე ფული აღარ დაეხარჯათ, რადგან უკვე ყველამ იცის კოკა-კოლაო. მოხსნეს რეკლამა და ჩავარდა გაყიდვები. რეკლამა სულ უნდა მუშაობდეს, ანტირეკლამაც ასევეა. ეს ითქმის კომერციაზეც და პოლიტიკაზეც.

ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ხშირად უნდა გავახსენოთ ხოლმე, რომ დემოკრატიაში ცხოვრებას მაგარი ნერვები სჭირდება, მუდმივი ჩხუბის ყურებას უნდა შევეჩვიოთ და დავივიწყოთ პასტორალური განწყობილებები

ამიტომ გამართლებულია ხელისუფლების მუდმივი კრიტიკა ოპოზიციის მისამართით, თუმცა ნერვი ეშლება ოპოზიციის გულშემატკივარს. ასევე, მუდმივად მუშაობს ოპოზიციის ანტირეკლამაც - ისინიც სულ ოცნების კრიტიკაში არიან და ნერვს უშლიან ხელისუფლების გულშემატკივარს. ამიტომ, ორივეს გულშემატკივარი უკმაყოფილოა.

ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ხშირად უნდა გავახსენოთ ხოლმე, რომ დემოკრატიაში ცხოვრებას მაგარი ნერვები სჭირდება, მუდმივი ჩხუბის ყურებას უნდა შევეჩვიოთ და დავივიწყოთ პასტორალური განწყობილებები.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო