ვფიქრობ, რომ უნგრეთი გამოიყენებს მის ვეტოს უკრაინასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ საქართველოს წინსვლას მიაღწიოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის სტრატეგია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება მუშაობს - ბუდაპეშტთან ახლო კავშირების შექმნამ, შეიძლება, კარგად იმუშაოს, მაგრამ ასევე ძალიან რთული იქნება წინსვლა „ყველა კვერცხის ერთ ყუთში მოთავსებით“, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თუმცა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შემთხვევაში შეიძლება პრობლემა ის იყოს, რომ მისი მხარდამჭერი უნგრეთი სულ უფრო მეტად არ მოსწონთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და სულ უფრო მეტად ცდილობენ მის იზოლირებას.
ამასთან, რიკარდ იოზვიაკმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები არა დამსახურებაზე დაფუძნებული, არამედ პოლიტიკური იყო.
„მე ყოველთვის არ ვეთანხმები ევროკავშირს, როდესაც ის ამბობს, რომ ეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომაა. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მე მაქვს შეგრძნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება არ შეასრულოთ ყველა პირობა, თქვენ შეიძლება მაინც მიიღოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა, რადგან უნგრეთი ძალიან მტკიცედ არის თქვენ მხარეს. ვფიქრობ, რომ უნგრეთი გამოიყენებს მის ვეტოს უკრაინასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ საქართველოს წინსვლას მიაღწიოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის სტრატეგია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება მუშაობს - ბუდაპეშტთან ახლოს კავშირების შექმნამ შეიძლება კარგად იმუშაოს, მაგრამ ასევე ძალიან რთული იქნება წინსვლა „ყველა კვერცხის ერთ კალათში მოთავსებით“.
როდესაც თქვენ მიიღეთ კანდიდატის სტატუსი, შეიძლება დავა იმაზე, იყო თუ არა ეს დამსახურებული, საბოლოო ჯამში, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ ვგრძნობ, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ამის ალბათობა იმაზე დიდია, ვიდრე დამსახურებაზე დაფუძნებული შედეგი.
მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის და ბრიუსელის პრობლემაა იმაზე საუბარი, რომ ეს პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებულია, რადგან ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები იღებენ და იღებენ ვეტოთი. ამიტომ, ეს ხდება დე ფაქტო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ყოველთვის ასე იყო. ვფიქრობ, რომ საქართველომ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი 10 წლის წინ დაიმსახურეს, მაგრამ რაც მოხდა არის ის, რომ ეს გახდა პირდაპირი შედეგი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა, სწორედ ასე მიიღეს ჯერ მოლდოვამ და უკრაინამ და შემდეგ საქართველომ კანდიდატის სტატუსი. ეს არის პოლიტიკური საკითხები. როგორც მე მოვისმინე ჩემი წყაროებისგან ბრიუსელში, უნგრეთს და ასევე, სხვებსაც დიდად არ უნდათ რამის გაკეთება უკრაინასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის არჩევნებამდე. ამავდროულად, მე ვფიქრობ, რომ უნგრეთი და ასევე, სხვა ქვეყნები, რომლებსაც უნდათ, რომ ბოსნიამ წინ წაიწიოს, ამ პროცესში სურთ ყველა ქვეყნის დაკავშირება, რომ მათ ერთად განაგრძონ სვლა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალი შანსია იმის, რომ განსაკუთრებით უნგრეთმა შეიძლება სცადოს შეანელოს უკრაინა და ამავდროულად, დააკავშიროს და წინ წაწიოს საქართველო. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რეალისტური სცენარია. ძალიან ამბიციურია, თუმცა შეიძლება, რომ ამ წელს საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსნას, მაგრამ ამ პროცესში ძალიან ბევრი „თუ“ და „მაგრამ“ არსებობს. რაც შეეხება უნგრეთს, კარგია, როდესაც მხარდამჭერი გყავს კლუბის შიგნით, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მხარდამჭერი არის ის, რომელიც ბევრ სხვა წევრ ქვეყანას არ მოსწონს, და ეძებს გზებს, როგორ მოახდინოს მისი იზოლირება. ამიტომ, უკეთესია საქართველოს ხელისუფლებამ „კვერცხები სხვადასხვა კალათში მოათავსოს“, - განაცხადა იოზვიაკმა.
მან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში რუსეთის მხრიდან გავლენების მოხდენის შესაძლებლობები არ გამორიცხა. იოზვიაკის თქმით, ბრიუსელი აკვირდება არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს, ისევე როგორც იმას, რომ „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა ხდება“.
„მე პირადად ვფიქრობ, რომ რუსეთი შეეცდება გავლენა იქონიოს ნებისმიერ არჩევნებზე, რომლებიც იქნება ევროპასა თუ ამერიკაში. მას ეს აქამდეც გაუკეთებია და ამას კვლავ გააკეთებენ. ისინი გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას, განსაკუთრებით ჰიბრიდულ შესაძლებლობებს, რათა ეცადონ გავლენის მოხდენას არჩევნების შედეგებზე საქართველოში. ასევე, სავარაუდოა, რომ საქართველო ამჟამად არ არის მათ თვალთახედვაში, იმდენად ძალიან, რადგან, პირველ რიგში, ეს არის უკრაინა, მოლდოვა, ევროპული არჩევნები.
არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ის ახლა არის პირობათაგან, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა გაიხსნას წევრობის მოლაპარაკებები ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბრიუსელი აკვირდება ამას. მე ვსაუბრობდი ევროკავშირის მაღალჩინოსანთან, რომლის დასახელებაც, რა თქმა უნდა, არ შემიძლია, მან აღნიშნა, რომ პირდაპირ საუბარი არ შეუძლია, ამიტომ მითხრა, რომ მე ამის გაჟღერება შემეძლო თუ საქართველოში ჩამოვიდოდი, საკმაოდ საინტერესოა რაც მან თქვა. მან აღნიშნა:“ ჩვენ ვხედავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში თავდასხმის ქვეშაა - სამოქალაქო საზოგადოება არის ქართველი ხალხი, და ჩვენ მოვინიშნეთ ეს ბრიუსელში. შეიძლება ყველა ასპექტზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის“, - ეს იყო მისი გზავნილი".- განაცხადა იოზვიაკმა.