„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2023 წელს მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე ინფორმაციას აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2023 წელს მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს, მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის 45-მდე შემთხვევიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის სამი ძირითადი კატეგორია გამოყო. ესენია: მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმები; მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარისა და სავარაუდო დაშინების მცდელობები; ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე განხორციელებულ ძალადობა, მათი დაკავებები და დაჯარიმებები.

„2023 წლის ტენდენციები გაგრძელდა წელსაც.

ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე განხორციელებული ძალადობის, მათი დაკავებისა და დაჯარიმების პრაქტიკა, რომელიც ადასტურებს სამართალდარღვევათა კოდექსის ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებას. საილუსტრაციოდ გამოვყოფთ სამ ეპიზოდს, რომელიც უკავშირდება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების საპროტესტო აქციებზე დაკავებასა მათ დაჯარიმებას.

ესენია:

ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის დაკავება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე (2 მარტი, 2023);

ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის დაკავება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე (2 მარტი, 2023);

ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის დაკავება კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაპროტესტებისას (23 იანვარი, 2024)

რას გვეუბნება ჟურნალისტების დაკავება-დაჯარიმების დამკვიდრებული პრაქტიკა? ეპიზოდებს სამი საერთო მახასიათებელი აქვს. ესენია: დაკავების მუხლი: სამივე ჟურნალისტი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევის ბრალდებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა (166-ე) და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე) გულისხმობს;

სამოქალაქო სექტორი გასულ წელსაც აღნიშნავდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტრუმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება. ჟურნალისტებთან მიმართებით ეს მუხლი გამოიყენება პროფესიულ საქმიანობასთან კონტექსტში და ქმნის ბარიერებს მოვლენების გაშუქებისას, ინფორმაციის მოპოვებისა და გადაცემის პროცესში. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ჟურნალისტების დაკავების დამკვიდრებული პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია.

ჯარიმის ოდენობა: სამივე ჟურნალისტი დააჯარიმეს დისპროპორციული ჯარიმებით (2000-2200 ლარით). ეს პრობლემაა იმის გამოც, რომ ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ჟურნალისტების ყოველთვიურ შემოსავალს. დისპროპორციული ფინანსური ჯარიმები აძლიერებს შიშის ატმოსფეროს და ზრდის თვითცენზურის რისკებს კრიზისებისა და დემონსტრაციების გაშუქებისას. ჟურნალისტების დასჯის დემონსტრირებას კი აქვს „მსუსხავი ეფექტი“ სხვა ჟურნალისტებსა და მთლიანად, მედიაგარემოზე.

განმხილველი მოსამართლე: სამივე საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა ერთი და იგივე მოსამართლემ - ნინო შჩერბაკოვმა. ერთი მოსამართლის მიერ საქმეების ერთგვაროვნად განხილვა ბადებს ეჭვებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.

საარჩევნო წელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ინფორმაციასთან და ამ კუთხით, მედიის როლი შეუცვლელია. ამ კონტექსტში, სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზაცია მედიის წინააღმდეგ, არსებული გამოწვევების მხოლოდ ერთი ასპექტია. ამ ფონზე, კიდევ უფრო თვალშისაცემი და საყურადღებოა საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული (ე.წ. SLAPP) სარჩელების ზრდის ტენდენციაც და კოორდინირებული შეტევები დამოუკიდებელ მედიაზე. სწორედ ამიტომ, მედიასთან დამოკიდებულებისას, არსებითია სამართალდამცველებმა და სასამართლომ იხელმძღვანელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით და დაამკვიდროს პრაქტიკა, რომელიც გააუმჯობესებს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს საქართველოში და მისცემს მედიის წარმომადგენლებს საშუალება იმუშაონ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა