საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ დარგებში მოღვაწე ყველა ქალბატონს - ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს - ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ის სივრცეა, სადაც დაცულია მკვლევარ, პედაგოგ და სტუდენტ ქალთა უფლებები და შექმნილია პირობები მათი სამეცნიერო და აკადემიური განვითარებისთვის.
„ნებისმიერი ქვეყნის საყრდენი ძალა, კეთილდღეობისა თუ ძნელბედობის ჟამს, ქალები არიან. მშვიდობასა და ქვეყნის აღმშენებლობაშიც ქალების როლი ფასდაუდებელია, რადგან ქალებზე უკეთ არავინ იცის მშვიდობის ფასი და მათზე ზუსტად ვერავინ ჭვრეტს მოსალოდნელ საფრთხეებს. ქალები ზრდიან მომავალ თაობებს, რომელთათვისაც ფასეულია ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა, თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორობის პრინციპების ერთგულება. ეს კი ღირსეული, სამართლიანი, მშვიდობიანი და განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობაა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ათეულობით წელია, ურთულეს საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სპეციალობებს, ვაჟებთან ერთად, სტუდენტი გოგონები ეუფლებიან, უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში, როგორც საინჟინრო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, საპატიო ადგილს ქალები იკავებენ.
ჩვენს უნივერსიტეტში მოღვაწე ქალბატონების საქმიანობა კვლავაც ადასტურებს, რომ არ არსებობს პროფესიული დისკრიმინაცია. საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ის სივრცე, სადაც დაცულია ქალთა უფლებები, სადაც შექმნილია ყველა პირობა ქალ მეცნიერთა და პედაგოგთა განვითარებისთვის, კვლევების ინტერნაციონალიზაციისთვის. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სადაც მნიშვნელოვან თანამდებობებს ქალები იკავებენ, ყოველმხრივ ცდილობს ხელი შეუწყოს, როგორც გამოცდილ, ასევე ახალგაზრდა მკვლევარ ქალებს, სტუდენტ გოგონებს, რომელთა შორის არაერთი - იმედისმომცემი და პერსპექტიულია.
საქართველოს მომავალი დიდად არის დამოკიდებული სწორედ თქვენზე, ჩვენო სასიქადულო ქალბატონებო! გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში, სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში, თქვენი ოჯახების, უნივერსიტეტისა და საქართველოს საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.