მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ შექმნას აზარტული თამაშების, თამაშდამოკიდებულების პრევენციისა და შესაბამისი პოლიტიკის მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვისთვის, განხორციელებისა და შეფასებისთვის, ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობასა და რესურსების კონსოლიდაციას, - ამ რეკომენდაციას მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია, მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი მექანიზმისთვის გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კომპეტენციები: სათამაშო ბიზნესის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების რეგულარული მონიტორინგი, ნაკლოვანებების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირებისთვის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რისკების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება; თამაშდამოკიდებულების პრევენციისთვის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; სხვადასხვა სექტორთან (კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებთან, საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებთან) თანამშრომლობა; სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ტენდენციებისა და მონაცემების ანალიზი, სტატისტიკის წარმოება და მონაცემების მართვა; დაინტერესებულ სუბიექტებთან თანამშრომლობით თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და მისი განხორციელების მონიტორინგი.
ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ მარეგულირებელი ორგანო კვლევისა და სტატისტიკის წარმოების საფუძველზე პერიოდულად უნდა უზრუნველყოფდეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმების აღსრულების მონიტორინგს და აღმოჩენილ ხარვეზებზე რეაგირებას.
ასევე მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს, ჯანმოს სათანადო პრინციპებისა და მიდგომების შესაბამისად, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რისკების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თამაშდამოკიდებულების გავრცელების პრევენცია და თამაშდამოკიდებულ პირთა რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამინისტროებთან ურთიერთობის კუთხით, მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი მექანიზმისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჭირო ინფორმაცია, რათა შესაბამისი პოლიტიკა და სხვა საქმიანობა მტკიცებულებებსა და ფაქტებს დაეფუძნოს.
მნიშვნელოვანია, ამ მექანიზმმა უზრუნველყოს დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის დროულად გაცვლა, სფეროში მოქმედ სუბიექტებს შორის აქტიური კომუნიკაცია, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ მსგავს მექანიზმებთან (ორგანოებთან) თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, აგრეთვე დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. აუცილებელია, მარეგულირებელი ორგანო მუდმივად აწარმოებდეს სტატისტიკასა და კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით, ასევე რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხების მოკვლევასა და მონიტორინგს.
„ამჟამად საქართველოში არ ხორციელდება იმის კონტროლი, თუ რა მეთოდოლოგიით ახდენენ თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრები და კერძო პირები თამაშდამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციას. არ არსებობს არც სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით და არ არის დამტკიცებული გაიდლაინები ჯანმოს გამოცდილების გათვალისწინებით. მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრების საქმიანობის სტანდარტიზაცია, ხელშეწყობა და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა. იგი უნდა ახორციელებდეს აგრეთვე რეაბილიტაციის სფეროს მონიტორინგს“, - ვკითხულობთ დასკვნაში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო გამოცდილება და საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აზარტული თამაშებისა და თამაშდამოკიდებულების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მართვის კონტექსტში ერთიანი მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი მექანიზმის არსებობა ეფექტიანი ინსტრუმენტია. თემატური მოკვლევის ჯგუფის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშებისა და თამაშდამოკიდებულების პრევენციასთან დაკავშირებით პოლიტიკის გასატარებლად ერთიანი მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოს შესაბამისი კვლევის ჩატარება, რის შედეგადაც განისაზღვრება ამ მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური, ტექნიკური და ადმინისტრაციული რესურსები, აგრეთვე შეიქმნება სამოქმედო გეგმა მის ჩამოსაყალიბებლად.
მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე თემატური მოკვლევის ჯგუფი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფარგლებში გასული წლის 7 ივნისს ჩამოყალიბდა და პარლამენტს საკუთარი დასკვნა წარუდგინა, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.