ირაკლი კობახიძე - უნდა შევიმუშაოთ „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით

მე ვფიქრობ, რომ უნდა შევიმუშაოთ "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტზე დავიწყებთ დაუყოვნებლივ მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმონ აღნიშნულ საკითხს.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, არის ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხი. რამდენიმე ადამიანმა მომმართა მე პირადად ამ საკითხებზე, იყო კონკრეტული საუბრები, რომ კონკრეტულ რეგიონებში, ხეობებში იჭრებოდა ტყეები. მე არ მაქვს ფაქტები და მტკიცებულებები, ვერ ვიტყვი ვერაფერს ამაზე, რამდენად არის ეს ფაქტები ნამდვილი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულის პრევენცია.

ოთარ შამუგია დღეს არ ესწრება მთავრობის სხდომას, არის შვებულებაში და მასთან გვექნება მოგვიანებით კომუნიკაცია ამ საკითხზე. მე მინდა, რომ სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს, ასევე, ძალოვანმა უწყებებმა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ძალიან მძიმე დანაშაულია, ზოგადად, ხე-ტყის უკანონო ჭრა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრას. არანაკლებ მძიმე დანაშაულია, სხვა მძიმე დანაშაულებს რომ შევადაროთ, გამომდინარე იქიდან, რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის და მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, გვჭირდება აქაც მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური სიმკაცრე, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ უნდა შევიმუშაოთ "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტზე დავიწყებთ დაუყოვნებლივ მუშაობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია