პრემიერი - ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმით მოქმედებას, რასაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს ვუწოდებთ, რადგან პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს, უკრაინის სახელმწიფოს და  ისტორიულ მეგობრობას, თუმცა გარკვეულ მოვლენებზე რეაგირება აუცილებელია

ყველა შემთხვევაში, იმ რეჟიმით მოქმედებას გავაგრძელებთ, რასაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს ვუწოდებთ - თუმცა, რეაგირება გარკვეულ მოვლენებზე აუცილებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მისმა ხელისუფლებამ მიიღო.

„ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ვიკავებდით თავს კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან. უკრაინაში ომია და ეს, რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზია [ამის]. ჩვენ გავაგრძელებთ, ყველა შემთხვევაში, იმ რეჟიმით მოქმედებას, რასაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს ვუწოდებთ, იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს, უკრაინის სახელმწიფოს და იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყნებს და ხალხს შორის. თუმცა რეაგირება გარკვეულ მოვლენებზე აუცილებელია. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ურყევი სოლიდარობა უკრაინის მიმართ გამოხატულია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით, როგორიცაა იგივე 600-ზე მეტი შესაბამისი გადაწყვეტილების აქტის მხარდაჭერა, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო პლატფორმებზე. ასევე, ეს არის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ჩვენ დღესაც ფართო მასშტაბით ვუწევთ უკრაინელ ხალხს. ამ ფონზე ხდება რა - შეგახსენებთ, ფაქტებს, თავის დროზე 2022 წლის პირველ მარტს, რამდენიმე დღეში უკრაინაში ომის დაწყებიდან, უკრაინის სახელმწიფომ საქართველოდან გაიწვია უკრაინის ელჩი, რაც იყო უმძიმესი და აბსოლუტურად გაუგებარი ფაქტი. ორი მიზეზები იყო დასახელებული - ეს იყო სანქციების არ დაწესება და მებრძოლი მოხალისეების არ გაგზავნა უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ არაერთ ქვეყანაში, აღარ დავასახელებ გასაგები მიზეზების გამო, დღემდე არიან მოქმედი ელჩები, რომლებსაც ვიტყოდი, სრულიად განსხვავებული პოზიციები ეკავათ უკრაინასთან დაკავშირებით. იქ წლების განმავლობაში არ ხდებოდა ელჩების გაწვევა. აბსოლუტურად გაუგებარი იყო, მითუმეტეს დღევანდელი გადმოსახედიდან. ასევე, შეგახსენებთ, რომ შარშან 3 ივლისს უკრაინის ტერიტორია დაატოვებინეს ჩვენს ელჩს. ეს იყო ის ელჩი, რომელსაც კიევი არ დაუტოვებია პირველივე დღეებიდან, როდესაც ომი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ არაერთმა დიპლომატმა, მათ შორის, ევროკავშირის, ამერიკის დიპლომატებმა დატოვეს კიევი უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, რაც გასაგებია. ოფიციალური მიზეზი, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნა. დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო არა მხოლოდ ყალბი საბაბი, არამედ არ ვიცი, ღიმილისმომგვრელიც არის. იმ დროს ასევე გავრცელდა განცხადება, ვციტირებ, რუსეთი საქართველოს ხელისუფლობის ხელით კლავდა მიხეილ სააკაშვილს. ეს არის შეგნებული ნაბიჯი. თითქოს მიზნად ისახავს ისტორიული მეგობრობისთვის ჩრდილის მიყენებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

რაც შეეხება მაღალ თანამდებობებს, დღემდე უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ დამნაშავეები, კრიმინალები, ძებნილები. აქ გამოსაყოფია კიდევ ერთხელ, ზურაბ ადეიშვილი ასევე, გიორგი ლორთქიფანიძე, რომელსაც შეგახსენებთ, რომ გარდა ძალადობრივი დანაშაულებისა, ეჭვმიტანილია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მხარდაჭერაში. ამაზე არსებობს კონკრეტული ჩვენებები. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ ჩამოსვლის შემდეგ, ლორთქიფანიძე დაწინაურდა კიდეც და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა მიიღო, რაც გარკვეული კითხვის ნიშნებს აჩენს რბილად რომ ვთქვათ. იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ გადმოგვცემენ დამნაშავეებს.

გარდა ამისა ვიტყვი, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, დარწმუნებულები ვართ, რომ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნის იმ მეგობრობას, რომელსაც მყარი ისტორიული საფუძველი აქვს“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო