ანგარიში - ფსიქიკური აშლილობის გამოვლენისას ან მდგომარეობის გაუარესებისას, პაციენტთა დიდი ნაწილი სხვა სპეციალისტს მიმართავს, რადგან ფსიქიატრის პროფესია სტიგმატიზებულია

ფსიქიკური აშლილობის გამოვლენისას ან მდგომარეობის გაუარესებისას, პაციენტთა დიდი ნაწილი სხვა სპეციალისტს მიმართავს, რადგან ფსიქიატრის პროფესია სტიგმატიზებულია და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საშიშ და უსიამოვნო გამოცდილებასთან ასოცირდება. ფსიქიატრიული საჭიროების მქონე პირთა 40% ფსიქოთერაპევტს მიმართავს. ამის მიუხედავად, ფსიქოთერაპიული საქმიანობა არ რეგულირდება, - ამის შესახებ საუბარია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნაში. მოკვლევა 2023 წლის ივნისში დაიწყო, დეკემბერში დასრულდა - დასკვნითი დოკუმენტი კი დღეს გასაჯაროვდა.

პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს უმეტესად მოძველებული სქემებით მკურნალობენ და სამედიცინო პერსონალი თანამედროვე მიდგომებს არ იყენებს. ჰოსპიტალიზაციის გამოცდილების მქონე პირები ისეთ საკითხებზე საუბრობენ, როგორიცაა სამედიცინო პერსონალის „არასენსიტიური“ დამოკიდებულება, მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შევიწროება და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ხელშეშლა.

დასკვნითი დოკუმენტის თანახმად, სამედიცინო პერსონალი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა რესურსი საკმარისი მაინც არ არის. დეფიციტის მთავარ ფაქტორებად არასაკმარისი დაფინანსება და რთული სამუშაო პირობები განიხილება.

განსაკუთრებით მწვავედ სფეროში ახალგაზრდების მოზიდვის საკითხი დგას. არასაკმარისია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრების რაოდენობა. არ არსებობს გერიატრიული ფსიქიატრია, როგორც ფსიქიატრიის სუბსპეციალობა.

ადამიანური რესურსების დეფიციტისა და არათანაბარი განაწილების გამო, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს 18 წლამდე ასაკის მოზარდები და ბავშვები და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირები წარმოადგენენ, რადგან მათი უმეტესობისთვის სერვისები საცხოვრებელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი არ არის.

პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის შეფასებით, სამედიცინო პერსონალი საჭიროებს გადამზადებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პაციენტებთან კომუნიკაცია, პაციენტის უფლებები, ინფორმირება დიაგნოზის შესახებ და მედიკამენტთა შერჩევა.

“სამედიცინო პერსონალის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. წერილობითი გამოკითხვისას გაირკვა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობა საქართველოში მცხოვრებ ლგბტქი+ ადამიანთა 43.1%-ს სჭირდება, თუმცა თემის წევრები თავს სახელმწიფო პროგრამებში ჩართვისგან იკავებენ. ამ ფაქტს ისინი საზოგადოებაში (სამედიცინო პერსონალის ჩათვლით) ლგბტქი+ ჯგუფის იდენტობის აღქმასთან შეჭიდული ფაქტორით ხსნიან. თემის წევრები ამჯობინებენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიიღონ.

ამავე საკითხზე გაამახვილეს ყურადღება თბილისში გამართულ მოსმენაზე მოწვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მათ ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში, კადრების რაოდენობასთან ერთად, პერსონალის კომპეტენციის პრობლემებიც დგას, რაც შემდგომ მუშაობას საჭიროებს.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა ასევე აჩვენებს, რომ საჭიროა სამედიცინო პერსონალის კომპეტენციის გაზრდა. კვლევაში მონაწილე პირები აღნიშნავდნენ, რომ ჰოსპიტალიზაციის უარყოფითი გამოცდილება, სხვა ფაქტორებთან ერთად, შეჭიდული იყო სამედიცინო პერსონალის “არასენსიტიურ და აგდებულ“ დამოკიდებულებასთან. მათ შორის ნახსენები იყო პაციენტთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შევიწროება და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ხელშეშლა“, - ვკითხულობთ თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნაში.

წერილობითი გამოკითხვის შედეგად, გამოვლინდა ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალთა მოწყვლადობა სერვისპროვაიდერებთან კონტაქტისას.

„პრობლემები შეიძლება რამდენიმე ნაწილად დაიყოს და ეხებოდეს შემდეგ საკითხებს: ძალადობა, სახელმწიფო სკრინინგპროგრამებით სარგებლობა, სამედიცინო პერსონალის ცნობიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, პაციენტთა/ბენეფიციართა ინფორმირებულობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ჰიგიენური პირობების დაცვა და ღირსეული მოპყრობა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევაში მონაწილეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფსიქიატრიულ კლინიკებში ქალთა სექსუალური უფლებები ირღვევა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

თემატური მოკვლევის რესპონდენტები ბიოფსიქოსოციალური მიდგომის

დანერგვაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ზრუნვის ალტერნატიული სერვისებისა და მკურნალობის მეთოდების განვითარება.

“მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შესახებ აღინიშნა, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს მოძველებული სქემებით მკურნალობენ და მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ვერ ხერხდება. შესაბამისად, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები მედიკამენტურ მკურნალობას იღებენ და ხშირად ოჯახებს მათზე პასუხისმგებლობის აღება არ სურთ.

გარდა ამისა, არ არსებობს ე. წ. აღდგენის გეგმა (recovery), რომელიც შემუშავდება პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისში განთავსებისთანავე და საბოლოოდ, მის საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს პარლამენტის მოკვლევის ჯგუფი.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით