ნათია თურნავამ და ირაკლი ლექვინაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"ნიშანდობლივია, რომ სწორედ დღეს მოეწერა ხელი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს შორის განახლებულ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უწყებებს შორის თანამშრომლობას როგორც კონკურენციის პოლიტიკის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენს უწყებებს შორის მემორანდუმი 2018 წლიდან მოქმედებდა, თუმცა იგი ითვალისწინებდა თანამშრომლობას მხოლოდ კონკურენციის პოლიტიკის ნაწილში. ამასთანავე, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების რეკომენდაციით, მიზანშეწონილია თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა, ვინაიდან მოქმედი მემორანდუმით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგას უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაციის საჭიროება. ამდენად, განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის მეტად მოქნილ და ეფექტიან მექანიზმებს როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ასევე კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ნაწილში და გვჯერა, რომ იგი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორივე მიმართულებით ეფექტიან თანამშრომლობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მემორანდუმის ხელმოწერით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს დარღვევების პრევენციის, მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენის, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

"საფინანსო სექტორში, კონკურენტული გარემოს ხელშეწყობის, მომხმარებლის უფლებების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და მის იმპლემენტაციის ეფექტიანი აღსრულების მიზნით დღევანდელი მემორანდუმი მნიშვნელოვანია. 2020 წელს, კონკურენციის კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა ცხადი და მკაფიო გახადა საფინანსო სექტორის მარეგულირებელთან ურთიერთობის ფორმები. ჩვენ, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვცვლით საჭირო ინფორმაციას კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით. შესაბამისად, სააგენტოსთვის ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია’", - აღნიშნა მემორანდუმის ხელმოწერისას ირაკლი ლექვინაძემ.

მხარეებმა ორმხრივ დონეზე გამოთქვეს მზაობა - ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების, საფინანსო სექტორში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მექანიზმების ეფექტიანი აღსრულების და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერებაზე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო