საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ლექცია, რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებისა და ComCom-ის ორგანიზებით ჩატარდა.
საჯარო ლექციაზე სტუ-ის სტუდენტები მობილური მომსახურების ტრადიციული და ახალი მოდელის ოპერატორების ფუნქციონირების სპეციფიკაციებს გაეცნენ და ასევე, მობილური ქსელის ოპერატორსა (MNO) და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს (MVNO) შორის განსხვავებაში გაერკვნენ. კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე ახალგაზრდებს იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც მომხმარებელს MVNO სთავაზობს და ყურადღება იმ სარგებელზე გაამახვილა, რაც სტუდენტებმა, შესაძლოა, ახალი შეთავაზებით მიიღონ.
როგორც ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის ქართულ ბაზარზე დაშვება ტელეკომბაზრის გახსნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაც ბარიერების მოხსნისა და კონკურენციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ამასთან ერთად, მომხმარებლისთვის მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე კომისიის წევრმა საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული სხვადასხვა ქეისი განიხილა, ასევე, სტუდენტებს ქართულ ტელეკომბაზარზე არსებული მდგომარეობის, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაში ComCom-ის როლისა და სხვადასხვა სეგმენტისთვის განკუთვნილი სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ნატო ქათამაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეორე სასწავლო სემესტრიდან დაიწყო შეხვედრების სერია, რომელიც ითვალისწინებს როგორც საჯარო ლექციათა ციკლის ორგანიზებას, ასევე, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაღრმავება-გაფართოებას.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი კარიერული განვითარების პლატფორმის მეშვეობით, დამსაქმებელი ორგანიზაციები სტუდენტებს სთავაზობენ როგორც სტაჟირების პროგრამებსა და აქტიურ ვაკანსიებს, ასევე, თემატურ საჯარო ლექციებს, რაც ახალგაზრდების თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. საჯარო ლექცია, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრმა გამართა, ინტერაქციურ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენი უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილება აგრძელებს სტუდენტებს შორის მოკვლევის ჩატარებას, თუ რა მიმართულებით და რომელ ორგანიზაციასთან სურთ ახალგაზრდებს შეხვედრა და მეტი ინფორმაციის მიღება. ჩვენთვის მთავარი ორიენტირი სტუდენტების ინტერესებია, თუმცა აუცილებლად გავითვალისწინებთ იმ ორგანიზაციების ინტერესებსაც, რომლებთანაც უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებს. სწორედ ამ დოკუმენტებშია გაწერილი ის სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც სტუდენტთა კარიერულ განვითარებას უზრუნველყოფს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კვლავინდებურად აქტიურად აორგანიზებს სტუდენტების ინტერაქციურ შეხვედრებს შრომის ბაზარზე მოქმედ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს დამსაქმებელსა და სტუდენტს შორის ბარიერის შემცირებას სწორედ იმ მიზნით, რომ სამომავლოდ, ახალგაზრდებმა მაღალანაზღაურებადი სამსახური მოიძიონ, ხოლო დამსაქმებელმა მაღალკვალიფიციური კადრები მოიზიდოს“, - აღნიშნა ნატო ქათამაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ComCom-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.