ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა

12 - 13 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდერ შტუბთან.

„შეხვედრა, ასევე, გაიმართება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატში.

ილია დარჩიაშვილი შეხვდება ფინეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანდერს ადლერკროიცს, ევროკავშირის საკითხებში ფინეთის პარლამენტის დიდი კომიტეტის წარმომადგენლებს და ფინეთის პარლამენტის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს - მატიას მარტინენს.

შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებას“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა