ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ევროკავშირთან ბრუნვა 15%-ით გაიზარდა, 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ევროკავშირთან ბრუნვა 15%-ით გაიზარდა, 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა და საქართველოს მთლიანი ბრუნვის 21% დაიკავა. ამასთან, ექსპორტი 18%-ით შემცირდა და 704 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი 24%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ 795 მილიონო დოლარი შეადგინა.

აღნიშნული ციფრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დაასახელა, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა და 2024 წლის გეგმაზე ისაუბრა.

არველაძის განცხადებით, საქართველოდან გაზრდილია ისეთი საექსპორტო პროდუქცია, როგორიცაა: - მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, სპირტიანი სასმელები, აზოტოვანი სასუქები. ევროკავშირის ბაზარზე ასევე შევიდა ისეთი ახალი პროდუქტი, როგორიცაა: - კივი, გამხმარი ლიმონი, ხურმა, მოცვი, ვაშლი, კომში, ხილის ჯემები, ტყლაპი, ჩურჩხელა, ცხოველების ავეჯი, მინის ბოთლები, პლასტმასის ჭურჭელი, თაფლი, თევზი და ასე შემდეგ.

რაც შეეხება იმას თუ რამ გამოიწვია ექსპორტის 18%-იანი შემცირება, როგორც არველაძემ განმარტა, ეს ძირითადად სპილენძის მადნებით, კონცენტრატებითა და ფეროშენადნობებით იყო გამოწვეული.

„ჯამში, 18%-იან კლებაში 16.7% სპილენძის მადნებისა და ფეროშენადნობების შემცირებას უჭირავს, რისი შემცირებაც არამხოლოდ ევროკავშირის ბაზარზე, არამედ სხვა საერთაშორისო ბაზრებზე მოხდა. ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს.

ჩვენ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების სხვა ქვეყნიდან იმპორტს ვახდენთ. აქ დამატებითი ღირებულების შექმნა და შემდგომ ექსპორტი ხდებოდა. ერთ-ერთი მომწოდებელი ქვეყანა სომხეთია. ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც ამ პროდუქტის შემცირება მოხდა.

ფეროშენადნობებთან დაკავშირებით საერთაშორისო ბაზრებზე ფასის დაწევას ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, მოხდა ამ პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება და ჩვენი ექსპორტიც შემცირდა“, - განაცხადა გენადი არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს