საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა და პერუს ელჩმა შეხვედრაზე პერუს ახალი პორტისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოში პერუს რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს, ექსპორტ-იმპორტისა და ინვესტიციების პოტენციალს.

ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა პერუს საპატიო კონსული საქართველოში მიხეილ ჭკუასელი.

მათი განმარტებით, შეხვედრის ფარგლებში, პერუს ელჩმა კესარ დე ლას კასასმა ისაუბრა პერუს ახალ უმსხვილესს პორტზე, რომელიც დააკავშირებს სამხრეთ ამერიკასა და აზიას, რაც თავის მხრივ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენს რეგიონთან სავაჭრო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, საუბარი, ასევე, შეეხო ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საკითხებს, ასევე პერუში არსებულ ბიზნეს საქმიანობის მხარდამჭერ სქემებსა და მექანიზმებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის მხრივ, ისაუბრა ასოციაციისა და მისი წევრი კომპანიების საქმიანობის სპეციფიკასა და თანამშრომლობის შესაძლო სექტორებზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და საინვესტიციო პოტენციალის კვლევა. ასეთი შეხვედრები გვაძლევს საშუალებას, მეტი ინფორმაციის მოძიებისა და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების, რასაც ჩვენ მიზნობრივად ვუზიარებთ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს