სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებას“ ახალი ფაზა აქვს, ეს არის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება და მათ შორისაა გერმანიაც

„ქართულ ოცნებას“ ახალი ფაზა აქვს, ეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებაა და მათ შორის არის გერმანიაც , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ამ კომენტარით სალომე სამადაშვილი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის მიმართ საქართველოს პროკურატურის მიმართვის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არავის მიაჩნია, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არსებობს, ამიტომ არავინ თვლის, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამნაშავეებად აღიარებული პირების მიმართ რაიმე ზომები უნდა მიიღონ.

„არავის მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა არსებობს, ამიტომ ვხედავთ, რომ ბევრი წელია, მთავრობის მიერ დამნაშავეებად აღიარებული პირების მიმართ რეაგირება ერთი და იგივეა. არავინ თვლის, რომ ამ ადამიანების მიმართ შესაბამისი ზომები უნდა განახორციელონ. სწორედ იმიტომ, რომ იციან, ეს არის ხელისუფლება, რომელიც სასამართლოსა და სამართალს იყენებს ისე, როგორც დასჭირდება. შორს რომ არ წავიდეთ, ჩემი თანაპარტიელებიც სამართლებრივად იდევნებოდნენ და მათი საქმე სტრასბურგმა განიხილა.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იგივე მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით ბევრად ჩამორჩენილები ვყოფილიყავით და ის საბოტაჟს აგრძელებს. ეს მხოლოდ იმას არ გულისხმობს, რომ მოთხოვნებს არ ასრულებენ. ახალი ფაზა აქვთ, როგორც ჩანს, ეს სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობის გაფუჭებაა და მათ შორის არის გერმანიაც“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, „ლელოს“ დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ისაუბრა პოლიტიკურ გაერთიანება „ახალზე“ და აღნიშნა, რომ მათ წარმატებას უსურვებს, თუმცა გაერთიანებას არ აპირებს, რადგან „ლელოს“ მთავარი მოკავშირე ხალხია.

„მე მათ წარმატებას ვუსურვებ, ისევე, როგორც წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც ებრძვის იმ რუსულ რეჟიმს, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს. რაც შეეხება „ლელოს“ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირე ქართველი ხალხია, ამიტომ ჩვენს დროს, ენერგიასა და რესურსებს ხალხთან საუბარს ვუთმობთ. ამ ეტაპზე, გაერთიანებას არავისთან ვაპირებთ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია