საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში FMCG-ი სექტორის გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში FMCG-ი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებმა სექტორისთვის მწვავე და პრობლემატური საკითხები განიხილეს.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო, გარკვეული პერიოდის წინ, საცალო ვაჭრობის სექტორის ამოღებას სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალიდან, რამაც, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, კიდევ უფრო გაამწვავა ამ სექტორში ადამიანური რესურსების დეფიციტის პრობლემა, რომელიც შეხვედრის მონაწილეების თქმით 20-30 %-ის ფარგლებშია. ასევე, განიხილეს ვაჭრობის სექტორში სხვადასხვა მაკონტროლებელი უწყებების მიერ დაკისრებული ჯარიმების წესი და მათი ოდენობა, რაც მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ბიზნეს ოპერატორებს და ნეგატიურად აისახება პროდუქციის ღირებულებაზე.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ობიექტებში განთავსებული პროდუქტის ქურდობისა და ობიექტებზე უკანონოდ შეღწევის შემთხვევათა სიმრავლეზე, რაც ჯამურად ათეულობით მილიონი ლარის ზარალს განაპირობებს და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი კრიმინალი, რაც უმეტეს შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე რჩება და რომელმაც, უკანასკნელ პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულის სახე მიიღო.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს წევრი კომპანიების სამართლიანი და ობიექტური ინტერესების დაცვა და შესაბამის დონეზე ადვოკატირება. ის საკითხები, რაც FMCG-ი სექტორთან შეხვედრისას გამოიკვეთა საკმაოდ მწვავეა და ხელს უშლის კომპანიების ეფექტიან მართვას, რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ ზარალზე, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიურ რეჟიმში აწყდება. ვგეგმავთ, აქტიურ კომუნიკაციას ყველა შესაბამის უწყებასთან, რათა წარმოვადგინოთ ბიზნესისთვის მწვავე და პრობლემატური საკითხები. ვიმედოვნებთ, რომ დაგეგმილ შეხვედრებს პოზიტიური შედეგი მოჰყვება, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებაზე“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია