ბათუმის წყალი - ბათუმში, შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდება

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-5 ფაზის ფარგლებში ვორქშოფი გაიმართა.

ბათუმის წყლის ინფორმაციით, შეხვედრაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიებმა - Posch & Partner GmbH და MACS წარადგინეს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, შემოერთებულ ტერიტორიებზე: ადლია, კახაბერი, აეროპორტისა და ხელვაჩაურის ინდუსტრიული დასახლებები, შეიქმნება უწყვეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული სისტემები, ასევე დაგეგმილია: ჩაქვის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობა; ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება და განახლება; წყალარინების A სატუმბი სადგურის მშენებლობა; წყალარინების B სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია; ჩაქვის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია; მეჯინისწყლის ჭაბურღილის გაფართოება წყლის წარმოების სიმძლავრის გაზრდის მიზნით.

„ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-5 ფაზის ფარგლებში, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. განვიხილეთ შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხები. პროექტი არის მასშტაბური, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებასა და შემოერთებული ტერიტორიების კომუნალური სისტემის ქალაქთან სრულ ინტეგრირებას უზრუნველყოფს. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრულად მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით ათეულობით წლის განმავლობაში არსებული პრობლემა სრულად გადაიჭრება“, - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

ბათუმის წყლის ინფორმაციითვე, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობითა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დახმარებით ხორციელდება. პროგრამის ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს