ნინო ლაცაბიძე, ირაკლი შატაკიშვილი და დავით ნარმანია, GWP-ის პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, კომპანია GWP-იმ სემეკში წარდგენილი გეგმის შესაბამისად, მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, კომპანია GWP-ის გენერალურ დირექტორ, ხოსე მიგელ სანტოსთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნენ.

„რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს პროექტები. მოსახლეობას როგორც დავპირდით, ჩვენ მონიტორინგის პროცესში აქტიურად ვართ ჩართული, რომ ნაკლები დისკომფორტი ჰქონდეთ რუსთაველებს, კომპანიამ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს ჩვენი ქალაქის გამართული წყალმომარაგება და მოაგვაროს წლების განმავლობაში არსებული პრობლემები”, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

სემეკის მიერ დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის თანახმად, 2024 წელს კომპანია GWP-ი რუსთავში 18 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„მარეგულირებელმა კომისიამ გაზრდილი საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა GWP-ის იმისთვის, რომ რუსთავში არსებული პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. დღეს ჩვენ რუსთავის მერიასთან ერთად ვახორციელებთ მონიტორინგს, რათა კომპანიის მიერ დაწყებული პროექტები ადგილზე ვნახოთ, შევაფასოთ სამუშაოების ტემპი და ხარისხი. ამ ეტაპზე GWP-ი საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს რუსთავში, იმისთვის რომ, გეგმა-გრაფიკი და ის პროექტები რაც ჩვენს მიერ არის დამტკიცებული, დროულად შესრულდეს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ინფორმაციის თანახმად, მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციაში კომპანია ჯამში 5,5 მილიონ ლარს დახარჯავს.

„წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის მიზნით, მსგავსი მასშტაბების პროექტები რუსთავის მერიის, სემეკის და GWP-ის ერთობლივი ჩართულობით ხორციელდება. პროცესი შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი ტემპით მიმდინარეობს, მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ სამუშაოები მაქსიმალურად დათქმულ ვადებში დასრულდეს”, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

მათივე ცნობით, მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება 1700 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდება 15 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 11 საკვანძო ჭა. სამუშაოები დაიწყო გაგარინის ქუჩაზე, სადაც 1800 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის ქსელი განახლდება, დამონტაჟდება 17 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 15 საკვანძო ჭა. კომპანიამ სამუშაოები ორივე ლოკაციაზე მიმდინარე კვირას დაიწყო, გაგარინის ქუჩაზე მაისში გეგმავს პროექტის დასრულებას, მეგობრობის გამზირზე კი ივნისში.

მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტების მიმდინარეობისას, აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, წყალმომარაგების შეზღუდვა კი მხოლოდ დასკვნით, გადაერთებით ეტაპზე იქნება საჭირო. მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთავში 40 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს