როგორ აისახება საქართველოზე მიმდინარე გლობალური ცვლილებები და აშშ-ს არჩევნების შედეგები
ბრძოლა მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსისთვის - ვინ გაუწევს რეალურ კონკურენციას “ნაცმოძრაობას”
“კრემლში კარგად იციან დასავლურ დემოკრატიაზე როგორ იმოქმედონ” - რა არის მოსკოვის სტრატეგია უკრაინასთან ომში
* * *
როგორ აისახება საქართველოზე მიმდინარე გლობალური ცვლილებები და აშშ-ს არჩევნების შედეგები
“ოფიციალურად გაირკვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე “რესპუბლიკელების” კანდიდატი დონალდ ტრამპი, “დემოკრატების” კანდიდატი კი მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართება, პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას ახლა იწყებენ, ამიტომაც ანალიტიკოსებს უჭირთ მათ რეიტინგებზე საუბარი, თუმცა, რამდენიმე სცენარზე საუბრობენ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ერთ-ერთის გამარჯვების შემთხვევაში. ანალიტიკოსთა შეფასებით, ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, თუ მან გაიმარჯვა, არაა გამორიცხული, რომ აშშ-ის ნატოდან გამოსვლის საკითხი დადგეს, რაც ევროპის უსაფრთხოებისთვის საყრდენის გამოცლას ნიშნავს და არაა გამორიცხული, რომ კიევის სამხედრო დახმარების პოლიტიკას გადახედოს და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ უბიძგოს. ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში კი სიტუაცია უცვლელი იქნება, თუმცა, რუსეთის შეკავების პოლიტიკა მისი მთავარი ხაზი იქნება - ანალიტიკოსთა შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარდაჭერას გააგრძელებს, ხოლო ტრამპი ისევ იმ პოლიტიკას გაატარებს, რაც პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჰქონდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ აისახება საქართველოზე მიმდინარე გლობალური ცვლილებები და აშშ-ს არჩევნების შედეგები.
“საპრეზიდენტო არჩევნებზე “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატი დონალდ ტრამპი, “დემოკრატიული პარტიის” კანდიდატი კი ჯო ბაიდენი იქნება. “ასოშიეტიდ პრესის” ინფორმაციით, ტრამპმა უკვე მოიპოვა სულ მცირე 1215 დელეგატის მხარდაჭერა. წინა კვირაში კი მისი ბოლო კონკურენტი, ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ფორმალურად, ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად “რესპუბლიკელები” პარტიის ყრილობაზე მილუოკიში, 15-18 ივლისს წარადგენენ. რაც შეეხება ბაიდენს, მან ასევე მოიპოვა სულ მცირე 1968 დელეგატის მხარდაჭერა. ფორმალურად, მისი კანდიდატურა აგვისტოში, ჩიკაგოში დაგეგმილ “დემოკრატიული პარტიის” ყრილობაზე დამტკიცდება.საპრეზიდენტო არჩევნები კი აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ტრამპის გზავნილები რადიკალურად განსხვავებულია ბაიდენის წინასაარჩევნო გზავნილებისგან და განმარტავს თუ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ერთის, ან მეორის გამარჯვების შემთხვევაში. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით რეიტინგებზე საუბარი ადრეა, თუმცა შესაძლო სცენარებზე საუბრობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჯერჯერობით ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკა ცოტა არასტანდარტულია, რომ ამერიკა ნატოდან უნდა გამოვიდეს და რომ ეს ალიანსი უნდა დაიშალოს, უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ჩინეთი უნდა შეაკავოს, არალეგალ მიგრანტებს მიხედოს და ა.შ. ეს დღეს ტრამპის მთავარი მესიჯებია, თუმცა შესაძლოა პრეზიდენტობისას შეცვალოს მიდგომები. აშშ ნატოს მთავარი საყრდენი და დამფინანსებელია და ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში თუ ალიანსიდან გავიდა, ალიანსი მარტივ მამრავლებად დაიშლება. ტრამპს ჩინეთთან დაბალანსებული ურთიერთობა ექნება, რუსეთთანაც შეეცდება, რომ დააბალანსოს ჩინეთის საპირწონედ. ალბათ, უკრაინის ომის ვარიანტში ის მკაცრი და ხისტი იქნება და მხარეებს აიძულებს, რომ მოლაპარაკებები დაიწყონ, აშშ-ს ეს ბერკეტები გააჩნია, თუ უკრაინას “ლენდ-ლიზი2”-ის დახმარება შეუწყვიტა, კიევს გაუჭირდება. თუ ბაიდენმა გაიმარჯვა, თავის ახლანდელ კურსს გააგრძელებს, თუმცა, კონგრესში რესპუბლიკურ უმრავლესობას რას მოუხერხებს, თუნდაც უკრაინის დახმარების კუთხით, ეს საკითხავია. მეორეც, ბაიდენს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ესეც მნიშვნელოვანია. თუ ის პრეზიდენტად აირჩიეს და მერე პრეზიდენტობა ვეღარ შეძლო, მის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს და ოთხი წელი მაინც დემოკრატები იქნებიან სათავეში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“თუ ტრამპმა გაიმარჯვა, მან თავის დროზე კავკასია თავისი კონცეფციიდან ამოიღო, ჩვენსკენ საერთოდაც არ იყურებოდა და შესაძლოა მისთვის ეს რეგიონი ნაკლებად საინტერესო იყოს. ბაიდენმა კი პირიქით, შესაძლოა ურთიერთობა გააგრძელოს და გააღრმაოს. დღეს ტრამპის შანსი უფრი მაღალია, ვიდრე ბაიდენის. ტრამპს უკვე შავკანიანები და აფროამერიკელებიც უჭერენ მხარს, ამასთან, ის უფრო ენერგიულია, ვიდრე ბაიდენი. ჩემი აზრით, ამერიკელებს სულ არ აინტერესებთ გამოვლენ თუ არა ნატოდან. ისეთი შემთხვევა არ მახსენდება, როცა აშშ-ში პრეზიდენტი ერთი ვადით აერჩიოთ და გარკვეული ინტერვალის შემდეგ ისევ დაბრუნებულა, თუმცა ყველაფერს არჩევნები გვიჩვენებს”, - დაასკვნის მაისაია.
“თუ ტრამპი დაბრუნდა, ტრანსატლანტიკური და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა ძირეულად შეიცვლება, რადგან როგორც წინა შემთხვევაში, ალბათ ევროპელ პარტნიორებთან ურთერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, ნატოსთან მიმართებაში სერიოზული რყევები იქნება. ალბათ რუსეთს ხელი გაეხსნება, რადგან თუ ტრამპი თავის დანაპირებს შეასრულებს, უკრაინას მხარს არ დაუჭერს და არ დააფინანსებს, კიევს იძულებულს გახდის მოლაპარაკებებზე წავიდეს, მისთვის არახელსაყრელი პირობებით. ამ დროს მნიშვნელოვანია ევროპა რას იზამს, რადგან შეერთებული შტატების გარეშე გაუჭირდება უკრაინას თავად დაეხმაროს და საკუთარი ბედი თვითონ განსაზღვროს, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა იმ კუთხითაც დამაფიქრებელია, თუ რას გამოიწვევს ეს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი ზოგადად ევროპას ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს და მისი მთავარი მიმართულება ჩინეთი და აღმოსავლეთი იქნება, არაა გამორიცხული, რომ ამან პუტინი წააქეზოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ. ბაიდენის დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ ის მის არჩეულ პოლიტიკას გააგრძელებს, მართალია ცოტა გაუჭირდება, რადგან თუნდაც კონგრესში რესპუბლიკელები დიდი ძალაა, მაგრამ შეეცდება, რომ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს, ტრანსატლანტიკური კავშირები კიდევ უფრო გააძლიეროს, რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს. ის ალბათ ყველაზე მთავარს იმას გააკეთებს, რომ ევროპულ უსაფრთხოებას რაღაცნაირად გააძლიერებს და უკრაინას პოსტკონფლიქტური მოლაპარაკებებისთვის მოამზადებს. ომი რა შედეგებით დასრულდება არ ვიცით, მაგრამ ეცდება, რომ უკრაინას საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების საკითხში მხარი დაუჭიროს”, - განაგრძობს თსუ-ს პროფესორი.
“ბაიდენი ჩვენს მხარდაჭერას გააძლიერებს, თუმცა მისი ადმინისტრაციისთვის საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს არასდროს არ წარმოადგენდა, ბოლო ხანებში ამ კუთხით განსაკუთრებული ინტერესი არ შეინიშნება, ის მაინც ჩვენ მოგვიაზრებს, როგორც რუსეთის სამეზიობლოში შემავალ ქვეყანას. ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დღეს საქართველოსთან და ხელისუფლებასთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ აქვს, პირიქით, თუ დავაკვირდებით და უკვე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ურთიერთობები გაცივდა, ბევრი რამ ალბათ დამოკიდებულია იმაზე თუ თვითონ საქართველოში რა პროცესები განვითარდება. ბაიდენისა და ტრამპის რეიტინგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ პარტიებში იბრძვიან”, - დასძენს კორნელი კაკაჩია.
ბრძოლა მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსისთვის - ვინ გაუწევს რეალურ კონკურენციას “ნაცმოძრაობას”
“ოპოზიციაში კონტურები თანდათან იკვეთება, თუ რა კონფიგურაციით წარსდგებიან არჩევნებზე, ამის პარალელურად კი, მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის ბრძოლა მიდის. აქამდე გამოქვეყნებულ ყველა კვლევაში „ქართული ოცნების" მერე, რეიტინგით მეორე ადგილზე “ნაცმოძრაობაა”, ანალიტიკოსების პროგნოზით კი მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მოპოვება გარკვეულ პარტიებს სურთ, მათ შორის ახლადშექმნილ ნიკა მელია-ნიკა გვარამიას “ახალს”, ამ იმიჯით არჩევნებამდე რვა თვით ადრეც კვლავ “ნაცმოძრაობაა”, რადგან გადამწყვეტი მაინც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ელექტორატია. “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიები იქმნება, რომლებიც “თავის თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს, არ არიან “ნაცმოძრაობის” შემადგენელი”. სინამდვილეში, კი “ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები” არიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბრძოლა მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსისთვის - ვინ გაუწევს რეალურ კონკურენციას “ნაცმოძრაობას”.
“როგორც “ახალში” ამბობენ, თანამშრომლობაზე კონსულტაციები გრძელდება, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მას ენმ-დან წასული პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან და ამ პარტიის გარკვეულ ელექტორატსაც წაიყვანს, თუმცა არა იმდენს, რომ “ნაცმოძრაობას”კონკურენცია გაუწიოს. “ლელოს” რაც შეეხება, ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აცხადებდა, რომ ჩამოყალიბებული ჰქონდა ხედვა, რომლის განხორციელებასაც არჩევნების ჩატარების მეორე დღიდანვე დაიწყებდა, რისი მეშვეობითაც “ლელო” იქნებოდა მთავარი ოპოზიციური ძალა. გასულ წელს კი ლელოს ერთ-ერთი წევრი ირაკლი კურტანიძე ამბობდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ ეტაპზე არის ყველაზე დიდი პარტია, მაგრამ, ის აღარ არის მთავარი ოპოზიციური ძალა”. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები, ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ და ოპოზიციაში მცირე ჯგუფების შექმნა “ქართულ ოცნებას” დაეხმარება, პარლამენტში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი პოლიტიკურ ხრიკს უწოდებს მელია-გვარამიას გაერთიანებას და მათ “ნაცმოძრაობისგან” დისტანცირებას. “სინამდვილეში, ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. გვარამიასა და მელიას გაერთიანება ერთ მიზანს ემსახურება - იქნებ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, “ნაცმოძრაობისგან” დისტანცირდნენ და რამენაირად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის ერთის და მეორის წარსული. შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ”, - განაცხადა გიორგი კახიანმა. ენმ-ში კი სხვა ოპოზიციურ პარტიებს კონკურენტად არ აღიქვამენ, მათ შორის “ახალს”, პარტიის წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ არც ერთ პარტიას ენმ-ს “კლონობა არ გამოსვლია”. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ დღეს ოპოზიციურ ფლანგზე მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი გარკვეულ პარტიებს სურთ, მათ შორის ახლად შექმნილ მელია-გვარამიას ერთობას, თუმცა ამ იმიჯით კვლავ ენმ იქნება, რადგან გადამწყვეტი მაინც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ელექტორატია”, - განაგრძობს გამოცემა.
“უნდა ითქვას, რომ მელიას თავისი მომხრეები ჰყავს, მაგალითად, როცა ენმ-ში შიდა არჩევნები მიდიოდა, მას გარკვეულმა ელექტორატმა მხარი დაუჭირა. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც “ნაცმოძრაობა” დატოვა, ისინი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები და წევრები იყვნენ, მომხრეები მათაც ჰყავთ, თუნდაც ახლობლების სახით. შესაბამისად, ამით ენმ-ს მომხრეები აკლდება. მელია-გვარამიას გუნდი 5%-იან ბარიერს გადალახავს, თუმცა, მთავარი ოპოზიციური სტატუსის იმიჯით მაინც “ნაცმოძრაობა” იქნება, რადგან გადამწყვეტი მაინც მიხეილ სააკაშვილის ფაქტორია, გარკვეული მომხრე მაინც ეყოლება. საერთო ჯამში, კარგი იქნება თუ რაც შეიძლება მეტი პროდასავლური პარტია გადალახავს 5%-იან ბარეირს, შევიდეს პარლამენტში და არსებობდეს იმის შესაძლებლობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას. თუმცა, გახარიას პარტია არ მგონია ვინმეს შეუერთდეს, მათ ისეთი ნიშა აქვთ აღებული, რომ მოუღებელია როგორც “ოცნება”, ისე ენმ. შესაძლოა მთავარი ოპოზიციური სტატუსის პრეტენზია გახარიას პარტიასაც და “ლელოსაც” ჰქონდეს, თუმცა, მთავარი ამომრჩევლის მობილიზებაა...”- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ სხვადასხვა კვლევებში ციფრები განსხვავებულია, თუმცა, ტენდენცია ერთია, რომ პირველ-მეორე ადგილზე “ოცნება”-“ნაცმოძრაობაა”, მისი თქმით, სახელისუფლებო პარტიასთან კონკურენციის მკვეთრად გამოხატული უნარი მხოლოდ ენმ-ს აქვს. “პარტიები ბევრი გვაქვს და მათი რეიტინგები გამოკვლევებით ცნობილია, ციფრები სხვადასხვა კვლევებში ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ, ტენდენციები დაახლოებით ერთნაირია. ამ პარტიებში საკითხავია 5%-იან ბარიერს გადალახავენ თუ არა. სახელისუფლებო პარტიასთან კონკურენციის მკვეთრად გამოხატული უნარი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. - ამბობს საყვარელიძე, რომლის აზრით, “არაერთხელ ითქვა ისიც, რომ ამის საფუძველი არის ამ პარტიის კავშირი მიხეილ სააკაშვილთან”, - დასძენს გამოცემა.
“ენმ-ს ოფიციალური თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, ამ პარტიას მაინც სააკაშვილს აკუთვნებენ და სააკაშვილის მომხრეებიც ენმ-ს აძლევენ ხმას. ამიტომაა, რომ მას ჯერ კიდევ დიდი რეიტინგი აქვს, მიუხედავად დიდი ქარტეხილებისა. მეც შემიძლია ვთქვა, რომ “ნაცმოძრაობა” კი არა, “ქართული ოცნებაც” აღარაა ძალა და ვაპირებ, რომ ყველა დავამარცხო და არჩევნებში გავიმარჯვო-მეთქი, მაგრამ დამაჯერებელი იქნება?! მებრძოლ განცხადებებს კი აკეთებენ, მაგრამ მებრძოლი განცხადებები და ბრძოლა სხვადასხვა რამაა. ჩხუბის წინ მოკრივეები ძალიან შემტევ განცხადებებს აკეთებენ და ერთმანეთს განადგურებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ მერე შედეგი სხვა დგება ხოლმე”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“კრემლში კარგად იციან დასავლურ დემოკრატიაზე როგორ იმოქმედონ” - რა არის მოსკოვის სტრატეგია უკრაინასთან ომში
“პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი რუსული ლეგიონი კვლავ გააქტიურდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ლეგიონის ქვეითმა მებრძოლებმა და ჯავშანტექნიკამ რუსეთის საზღვარი გადაკვეთა და რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. შეტევა ძირითადად კურსკის ოლქში განხორციელდა და ამბოხებულებმა რამდენიმე სოფელიც დაიკავეს. რუსეთზე განხორციელდა შეტევები უპილოტო საფრენი აპარატებითაც. ერთ-ერთი დრონი ქალაქ ბელგოროდის ადმინისტრაციის შენობას მოხვდა. წყარო უსაფრთხოების სამსახურიდან “უკრაინსკა პრავდას” ეუბნება, რომ 13 მარტის ღამეს უკრაინის უშიშროების სამსახურმა დრონებით შეუტიეს რუსეთში სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. `ბი-ბი-სის~ უკრაინულ ბიუროსაც იმავეს უდასტურებს წყარო სამართალდამცავ უწყებებში. წყაროს თქმით, ეს თავდასხმები არის მტრის გადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერიის გაგრძელება, რომელიც მანამდე დაზვერვის სამსახურმა დაიწყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “კრემლში კარგად იციან დასავლურ დემოკრატიაზე როგორ იმოქმედონ” - რა არის მოსკოვის სტრატეგია უკრაინასთან ომში.
“ჩვენი ამოცანაა მტრის რესურსების ჩამორთმევა და ნავთობის ფულის და საწვავის ნაკადის შემცირება, რასაც აგრესორი პირდაპირ მიმართავს ომისკენ, უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისკენ”, - ამბობს წყარო, რომლის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დრონებით შეუტია რუსეთის საჰაერო ძალების საჰაერო ბაზას ბუტურლინოვკაში და სამხედრო აეროდრომზე ვორონეჟში. მანამდე რიაზანის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს, დაახლოებით დილის 7 საათზე, რიაზანში ქარხანას თავს დაესხა უპილოტო საფრენი აპარატი და ცეცხლი გაჩნდა. ოთხი საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო. არ ყოფილა ოფიციალური ინფორმაცია კსტოვოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ახალი თავდასხმის შესახებ მას შემდეგ, რაც იქ დრონები წინა დღეს ჩამოვიდა. შესაძლოა ეს იყოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის დაპირება, რომლიც მან რუსეთს მიერ კრივი რიჰზე თავდასხმისას განაცხადა. მან თქვაა, რომ საპასუხო დარტყმებს განახორციელებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო ზარალს მივაყენებთ - სრულიად სამართლიანად. მათ კრემლში უნდა ისწავლონ, რომ ტერორი მათთვის დაუსჯელი არ რჩება. ამ პაციენტებს ბოროტებისგან ვერაფერი განკურნავს, მაგრამ ისინი განიცდიან დანაკარგს. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ამით შეიძლება ის უსაფრთხო გახდეს მეზობლებისთვის. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვადასხვა ერებისთვის, ჩვენი ქმედებები ახლა სიცოცხლის გადამრჩენია”, - თქვა ზელენსკიმ. ამის პარალელურად კი უკრაინა დაპირებული 800 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია. ის კიევს უახლოეს კვირებში გადაეცემა. ჩეხეთის ლიდერის თქმით, მიწოდების ამ ვადაში განხორციელება შესაძლებელია, თუ “ფუნდამენტური პრობლემები” არ იქნება. ამასთან, პეტრ პაველი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ასეთი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება”, - განაგრძობს გამოცემა.
“აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმამ, შესაძლოა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გამოიწვიოს. აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამართულ მოსმენაზე უილიამ ბერნსმა აღნიშნა, რომ ის ცოტა ხნის წინ უკრაინას მეათე ვიზიტით ეწვია. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის შეფასებით, დამატებითი დახმარებით, უკრაინა შეძლება ფრონტის ხაზზე პოზიციის შენარჩუნებას 2024 წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისში, რაც მას უფრო ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკების საშუალებას მისცემს. “ვფიქრობ, რომ 2024 წელს დამატებითი დახმარების გარეშე, ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ ავდიივკას უკრაინაში და ეს, ჩემი აზრით, შეერთებული შტატებისთვის უდიდესი ისტორიული შეცდომა იქნება”, - განაცხადა უილიამ ბერნსმა. კონფლიქტოლოგი მამაუკა არეშიძე კი ამბობს, რომ ეს ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რომელიმე მათგანი ისე არ დასუსტდება, რომ ბრძოლის გაგრძელების თავი აღარ ექნება. არეშიძე ამბობს, რომ უკრაინაში რაიმე მოლაპარაკების დაწყებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ეს ჯერ ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მოსკოვში არ სურთ”, - დასძენს გამოცემა.
“ყველამ კარგად ვიცით, რომ დასავლეთს სხვისი ხელით ნარის გლეჯვის პოლიტიკა აქვს. ამ შემთხვევაში ნარის მგლეჯველი უკრაინელები არიან. ყველამ იცოდა, რომ 2014 წელს რუსეთი მხოლოდ ყირიმზე არ გაჩერდებოდა. საბოლოო ჯამში ასეთი სურათია, რომ ომი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ეს ბრიუსელში, ვაშინგტონში და მოსკოვში უნდათ. ახლა უკრაინა უმძიმეს სიტუაციაშია, ერთის მხრივ ტერიტორიები წართმეულია, მეორეს მხრივ კი დანგრეულია მთელი აღმოსავლეთ უკრაინა. უკრაინის პრობლემები უკვე სხვა ქვეყნების მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ უკრაინა არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ ბრძოლა შეწყვიტოს. საბოლოო ჯამში პროცესი იქით მიდის, რომ უკრაინის მაგიდასთან დაჯდომა აბსოლუტურად წამგებიანი იქნება. ამოცანა, რომელიც დასახული აქვს დასავლეთს უკრაინის მეშვეობით რუსეთის დასუსტებისა, ეს ამოცანა ჯერ მიღწეული არ არის. ამიტომ იქნება ეს ომი მანამ, სანამ უკრაინა ან რუსეთი ისე არ დასუსტდება, რომ მოლაპარაკების გარდა სხვა გზა აღარ ექნებათ“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“რუსეთმა ყველა ის ომი მოიგო, როდესაც მოწინააღმდეგის ძალა თავის ტერიტორიაზე შეიტყუა და ფრონტი გაშალა. ასე იყო ნაპოლეონის და ჰიტლერის შემთხვევაში - ეს ტაქტიკა, რომელიც მოწინააღმდეგის რესურსულ შიმშილზეა ორიენტირებული, ახლაც მუშაობს. პუტინს სწორედ ამის იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთი ამ გამოწვევას ვეღარ გაუძლებს. იმიტომ კი არა, რომ დასავლეთს რესურსი მოაკლდება, არამედ კრემლში კარგად იციან, დასავლურ დემოკრატიაზე როგორ იმოქმედონ. ეს არის ამო0მრჩევლის გამქყობის შექმნა, პუტინი ამაზე მუშაობს და ფაქტია, ამართლებს. ვხედავთ, ევროპის მტელ რიგ ქვეყნებში როგორი პროტესტია. პოლონელმა ფერმერებმა ის ავტომობილები დააზიანეს, რომლითაც უკრქაინული მარცვლეული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პოლონეთის გავლით შეჰქონდათ. სწორედ ამას ელის პუტინი და დასავლეთისგან განსხვავებით, ამისთვის ნარც ადამიანური რესურსი და არც სხვა საბრძოლო მასალა არ ენანება”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.