ნინო ლომჯარია - თუ გვინდა კოალიციური მმართველობა მოვიდეს, პარტიებმა სტრატეგიული კონფიგურაციებით უნდა უპასუხონ - სიმწიფე გამოიჩინონ, პირობებით შეთანხმდნენ, თუნდაც 2 წლის ვადით იყოს მთავრობა, შემდეგ ჩატარდეს არჩევნები

ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ერთპარტიული თუ ერთპიროვნული მმართველობა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებმა ეს როლი შეასრულოს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტა“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, თუ ოპოზიციის მიზანია, ხელისუფლების შეცვლა და კოალიციური მმართველობა, მაშინ პარტიებმა შესაბამისი სტრატეგიული კონფიგურაციებით უნდა უპასუხონ.

მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ საარჩევნო ხმები არ დაიკარგოს, რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაა საჭირო.

„ჩემი ხედვა არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ერთპარტიული მმართველობის ცვლილება. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ამ პროცესში ნეიტრალური ვარ და არ მაინტერესებს, რა მოხდება. ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ერთპარტიული თუ ერთპიროვნული მმართველობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებმა ეს როლი შეასრულოს.

ამ ვითარებას ოპოზიციური პარტიები მომზადებულები უნდა შეხვდნენ. ჩემი ხედვაა, რომ უფრო გონივრული და სტრატეგიული მიდგომა გამოიჩინონ. იქ, სადაც ლოგიკურად არის შესაძლებელი პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და მსხვილი პოლიტიკური ცენტრების შექმნა, ეს უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს 5%-იანი ბარიერი, 1%-იანი ბარიერი რომ იყოს, სხვა ვითარება იქნებოდა. როდესაც გვაქვს 5%-იანი ბარიერი და თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს და კოალიციური მმართველობა მოვიდეს, მაშინ პარტიები შესაბამისი სტრატეგიული კონფიგურაციებით უნდა უპასუხონ ამ მდგომარეობას. ჩემი ხედვა იყო რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება იმისათვის, რომ ხმები არ დაიკარგოს“,- განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ შეიძლება იყოს 4 მსხვილი პოლიტიკური ცენტრი

„შეიძლება იყოს 4 მსხვილი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ვფიქრობ, რომ არის დასაშვები და ის პარტიები, რომლებიც აქტიურობენ და ალბათ, ნახავენ საკუთარ ადგილს ამ ცენტრებში“,- დასძინა მან.

როგორც ლომჯარია განმარტავს, პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური სიმწიფე უნდა გამოიჩინონ და გარკვეული პირობებით შეთანხმდნენ.

„ვფიქრობ, პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური სიმწიფე უნდა გამოიჩინონ და, თუნდაც, რაღაც პირობებით შეთანხმდნენ, მაგალითად, 2 წლის ვადით იყოს ასეთი მთავრობა, მოაწესრიგონ დემოკრატიული ინსტიტუტი და დაამსგავსონ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, ცესკო სწორად დააკომპლექტონ, მართლმსაჯულების რეფორმა განახორციელონ და შემდეგ ჩატარდეს არჩევნები და ყველა თავის გზით წავიდეს“,- განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე, რა იდეის გარშემო შეიძლება ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ, ლომჯარია პასუხობს, რომ გამარჯვების იდეის გარშემო.

„გამარჯვების იდეის გარშემო უნდა გაერთიანდნენ და არა ბარიერის გადალახვის ან პარლამენტში მოხვედრის იდეის გარშემო, არამედ იდეა უნდა იყოს კოალიციური მმართველობა ანუ ხელისუფლების შეცვლა“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს