გარემოს დაცვის სამინისტროსა და ეკლესიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოაწერეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მემორანდუმი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეიქმნება ერთობლივი კომისია, რომელიც ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მემორანდუმის გაფორმებას ისტორიული ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ როგორც მემორანდუმი, ასევე ერთობლივი კომისია უფრო გააღრმავებს და ნაყოფიერს გახდის თანამშრომლობას.

„მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებში. საქართველოს ეკლესიას აქვს უდიდესი წვლილი ტყეების, მათ შორის, განსაკუთრებით, ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყეების შენარჩუნებაში, მათ მოვლასა და დაცვაში. ჩვენი თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მეტად შეუწყობს ხელს ამ პროცესს. ჩვენი სამსახურები - სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ის მიზნები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მემორანდუმით და გულისხმობს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, იყოს უზრუნველყოფილი. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვაა; ამასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ტყის ახალი კოდექსის მიღებით, რომლის შესაბამისად ვახორციელებთ რეფორმას, რომელიც აუცილებლად იქნება წარმატებული”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„დღევანდელ დოკუმენტს ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ძალზედ საინტერესო თანამშრომლობის ეტაპი იწყება, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს ჩვენი ქვეყნის ფლორისა და ფაუნის არამხოლოდ შენარჩუნებაში, არამედ მისთვის ყველაზე საუკეთესო პირობების შექმნაში“, - განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება საპატრიარქოში გაიმართა და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე, ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოების, გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის და სამინისტროს უწყებაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია