საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ზამთრის უნივერსიადაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ზამთრის უნივერსიადაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, მასშტაბურ სტუდენტურ ღონისძიებაში - „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ - მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული სპორტული გუნდები და შემოქმედებითი ჯგუფები: ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა, მუსიკალური ჯგუფები და ბენდები, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მსახიობები, ასევე, ფორმირების პროცესში მყოფი სტუდენტთა საუნივერსიტეტო თემატური გაერთიანებები, რომლებიც საფესტივალო შეჯიბრებებში საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, ინტერმედიისა და მოხალისეობის მიმართულებით ჩაერთვებიან.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა სპორტულმა გუნდებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს და პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს ახლახან დასრულებულ ყოველწლიურ სტუდენტურ სპორტულ ღონისძიებაში - „ზამთრის უნივერსიადა 2024“, რომელიც სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა.

მათივე განმარტებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდმა თოვლის რაგბიში, ალექსი ალიბეგაშვილის, ნიკოლოზ კუპრაშვილის, გოჩა თავართქილაძისა და მათე ბლაგიძის შემადგენლობით, ფინალურ შეხვედრაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა და პირველი ადგილი მოიპოვა.

წლევანდელი ზამთრის უნივერსიადის გამარჯვებულის ტიტული და ოქროს მედალი თოვლის ხელბურთის სახეობაშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდმა დაისაკუთრა. სტუ-ის ხელბურთელებმა - ლევან ფანცხავამ, ლუკა მუკბანიანმა, ლაშა თიგიშვილმა, ოთარ ჭურღულიამ და გიორგი ბერაიამ - ტურნირის ფინალში ბსუ-ის ხელბურთელებს სძლიეს.

რაც შეეხება სათხილამურო სლალომს, ვაჟებს შორის ტურნირში მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრმა, ლაშა კურტანიძემ მოიპოვა, ხოლო ამავე სახეობაში, გოგონათა შორის მე-4 ადგილი სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტს, ლინდა შარაძეს ერგო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განაცხადებით, სტუდენტურ ტურნირებსა და ახალგაზრდულ ფესტივალში უნივერსიტეტების მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს შორის პოზიტიური ურთიერთობების და მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, განათლების, მეცნიერების, ინოვაციების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ამასთან ერთად, ახალ თაობაში სოციალურ პასუხისმგებლობას და მოქალაქეობრივ თვითშეგნებას ავითარებს, ასევე, ახალგაზრდულ ინიციატივებს აძლიერებს.

„ვიმედოვნებთ, წლევანდელი ახალგაზრდული ფესტივალისთვის ჩვენი სტუდენტური გუნდები სათანადოდ მოემზადებიან, ღირსეულად იასპარეზებენ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაერთ გამარჯვებას მოუტანენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, ვულოცავთ ზამთრის უნივერსიადის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში გამარჯვებულებს, თავდაუზოგავი სპორტული აქტივობისთვის მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ მასშტაბური სტუდენტური ღონისძიების - „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ მონაწილეებს, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 6 აპრილიდან აიღებს სტარტს და 10 ივნისს დასკვნითი ღონისძიებითა და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო