ჩვენ გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან. ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ურთიერთობები ძალიან მდორე დინებაზე გადავიდა - მე გამიგია მიჯნურობა ცალმხრივი, პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი. სხვა მეორე მოსაზრება ამის თაობაზე არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ოპოზიციის ყალბი მოთქმა იმის შესახებ, რომ ქართველებმა მეგობრობა არ იციან, ფუჭია".
"ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია დღეს ხმამაღლა გაჰყვიროდა, თითქოს, ქართველებმა მეგობრობა არ ვიცით და უმადურები ვართ. ტყუილია ეს. ქართველებმა იციან მეგობრობა. ჩვენ გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან, ჩვენ ამას ვაფასებთ, მადლობას ვუხდით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ურთიერთობები ძალიან მდორე დინებაზე გადავიდა და ჩვენს ამ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, გაუსწრეს სხვა სტრატეგიულმა პარტნიორებმა კონკრეტული ღონისძიებების, კონკრეტული ბენეფიტების გენერირების მიმართულებით. მაგალითად, ჩინეთმა უკვე მოახერხა უვიზო რეჟიმის შემოღება, ძალიან მალე იქნება პირდაპირი ფრენები. დღეს დაგვაყვედრეს, რომ თურმე, რუსეთთან გვაქვს პირდაპირი ფრენები. არ ვიცი, ამ ხალხს სერიოზულად ღალატობს მეხსიერება თუ ასეთი მავნებლები არიან. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ცალმხრივად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მოხარული ვიქნები, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ცალმხრივად მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე პირდაპირი ფრენების შესახებ. რა არის ამაში ცუდი? ყველაფერში ცუდის დანახვა შეიძლება?! თუ ევროკავშირი გვიშვებს ჩვენ თავისუფლად და შენგენის ზონაში გადავადგილდებით უვიზოდ რა პრობლემა არის, რომ აშშ-ში [გადავაადგილდებოდეთ]? დავიპყრობთ რომელიმე შტატს თუ რა იქნება? არ გიხაროდეს, რომ შენი ხელისუფლება ცდილობს, მოგცეთ თქვენ ყველას საშუალება, რომ ჩასხდეთ თბილისში და ჩაფრინდეთ ნიუ-იორკში, ან ვაშინგტონში ან სხვა რომელიმე შტატის დედაქალაქში? რა არის ამაში ცუდი და დასაძრახი? ანუ, როგორ გავბედეთ, რომ ეს ვთხოვეთ პარტნიორს? მე გამიგია მიჯნურობა ცალმხრივი, პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი, სხვა მეორე მოსაზრება ამის თაობაზე არ არსებობს," - განაცხადა ოდიშარიამ.