გიგი წერეთელი - ხელისუფლების ბევრი მოქმედება ადასტურებს, რომ რეალურად არ დგამენ ნაბიჯებს სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, მაგრამ ყველა ნაბიჯს დგამენ, რომ არჩევნებზე წარმატებას მიაღწიონ

ხელისუფლების ბევრი მოქმედება ადასტურებს, რომ რეალურად ნაბიჯებს სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის არ დგამენ, მაგრამ ყველა ნაბიჯს დგამენ იმისთვის, რომ არჩევნებზე წარმატებას მიაღწიონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

გიგი წერეთლის მტკიცებით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უფრო მეტს საუბრობენ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

„თვალყურს ვადევნებდი ნატოს გენერალური მდივნის ირგვლივ დისკუსიას და ვიზიტის განხილვას. გაცილებით უფრო თავშეკავებული რეაქციებია საქართველოს ხელისუფლებაში, ისინი უფრო მეტს ლაპარაკობენ ურთიერთობების გაღრმავებაზე, თანამშრომლობაზე, წევრობაზე, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს იმიტომაა, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს? - ხომ ვიცით, რომ ამ პოლიტიკას შედეგი არ მოაქვს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ ელექტორატის გარკვეულ ნაწილს ანტიდასავლური განცხადებები სჭირდება და სწორედ ამიტომ არჩევნებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ანტიდასავლურ რიტორიკას შეინარჩუნებენ.

„ძალიან არ ეთანადება ერთმანეთს ხელისუფლების ერთი ნაწილის განცხადებები და მეორე ნაწილის აბსოლუტურად საპირისპირო განცხადებები, პირდაპირ ანტიდასავლური კამპანია, რომლის შესახებაც მოგვიწოდეს და რეკომენდაციებშიც კი არის ერთ-ერთ მთავარ ჩანაწერად, რომ დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ კამპანიას უნდა დაესვას წერტილი. სამწუხაროდ, ეს გრძელდება და როგორც ჩანს, არჩევნებამდე ეს საკითხი არ მოიხსნება.

პოლიტიკა აქვთ შემუშავებული. მთავარი ამოცანა მაინც არჩევნებია. როგორც ჩანს, კონსულტანტების ჯგუფი ასეთ ტაქტიკას სთავაზობენ. ისინი თვლიან, რომ ელექტორატის გარკვეულ ნაწილს ასეთი გზავნილები სჭირდება. ამაზე მიუთითებს ახალი პარტიის „ხალხის ძალის“ შექმნაც.

„ქართული ოცნების“ რაღაც ნაწილი აქტიურ ევროპულ დღის წესრიგზე ლაპარაკობს, მაგრამ ამას არ ჭამს არავინ, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მხარში დაუდგეს საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას, რომ გავარღვიოთ რუსული წრე და ნორმალურ სივრცეში აღმოვჩნდეთ. დასავლეთში არ არიან დარწმუნებული, რომ შენ გულწრფელი ხარ შენს ქმედებებში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს