წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ოჯახებს 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ამოცნობილი ნეშტი გადაეცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით ოჯახებს 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ამოცნობილი ნეშტი გადაეცა.

ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით, 2010 წლიდან მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.

“წითელი ჯვრის“ ცნობით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მათი ახლობლების ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და ICRC-ის ექსპერტები.

“ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ამ ოჯახებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით მსურს, თანაგრძნობა გამოვხატო მათ მიმართ, ვისაც გაურკვევლობის ათწლეულების შემდეგ გადაეცათ ახლობელი ადამიანების ნეშტები. დღეს ჩვენ იმ ოჯახებზეც ვფიქრობთ, რომელთა ახლობლები კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან და იტანჯებიან გაურკვევლობით მათი ხვედრის არცოდნის გამო.

გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით გაიზრდება. 2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთობლივად, ასევე, განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული“, - აღნიშნა ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ან მონტავონმა.

2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ სულ მოძიებულია და ოჯახებს დაუბრუნდა 285 ადამიანის ნეშტი, რომლებიც 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. დღეისათვის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ჯერაც დაკარგულად ითვლება 1 859 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა