„საქსტატი“ - წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 9.5% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი- თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.

„საქსტატის“ განმარტებით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.

„რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, აქ საუბარია ძირითადი ლითონების წარმოების მოცულობის ზრდასთან. აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან 32%-ით გაიზარდა ფერო-სილიკონ-მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად თურქეთის, ეგვიპტის, იტალიის და უკრაინის მიმართულებით. გაზრდილია ასევე სასმელების წარმოების მაჩვენებელიც, კერძოდ 60%-ით გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი, 40-41%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი, ძირითადად უკრაინის, რუსეთის და ყაზახეთის მიმართულებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 100-ჯერ და მეტად გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი რუმინეთის, ბულგარეთის და პერუს მიმართულებით. მშენებლობის სექტორს რაც შეეხება, ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა- ნაგებობების მშენებლობასთან. აღსანიშნავია, რომ თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 22%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო გადაზიდვების მოცულობის ზრდასთან როგორც საგზაო, ისე საჰაერო მიმართულებით. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში ზრდა განპირობებული იყო სარეკლამო სააგენტოების, ასევე, არქიტექტურული საქმიანობის მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდით. ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში შეინიშნებოდა, ასევე, ზრდის ტენდენციები, რაც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ჩამოყალიბების თვალსაზრისით და აქ ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება IT მიმართულებით, მათ შორის, კომპიუტერული მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის ზრდა. რაც შეეხება კლების ტენდენციებს ენერგეტიკის სექტორში კლება განაპირობა თბოსადგურების გამომუშავების მოცულობის შემცირებამ. აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით დაახლოებით 47%-ით არის შემცირებული, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების მოცულობა გაორმაგებულია მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. სამთო-მოპოვებით მრეწველობის სექტორში კლება დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვების შემცირებასთან“,- განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია