ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024

ხარკოვის ალეპოიზაცია - რატომ ცდილობს რუსეთი პირისაგან მიწისა აღგავოს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი

“უცხოური გავლენის” კანონპროექტის განხილვის ფონზე კობახიძე ბერლინში შოლცს შეხვდება - რა იქნება საუბრის მთავარი თემა

რამდენად ეფექტური იქნება სანქციების ახალი პაკეტი, რომელსაც ევროპა რუსეთს უმზადებს

* * *

ხარკოვის ალეპოიზაცია - რატომ ცდილობს რუსეთი პირისაგან მიწისა აღგავოს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი

“რუსეთი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს განსაკუთრებით უტევს - ხარკოვში მძიმე ვითარებაა და რუსებმა ქალაქის წინააღმდეგ თითქმის ყოველდღიურად დაიწყეს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენება, რასაც მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ეწირება. უკრაინის ხელისუფლება კი გზებს ეძებს ქალაქის ცის დასაფარად, თუმცა საჰაერო თავდაცვით “პეტრიოტის” ტიპის სისტემებზე აშშ-სგან ამ დრომდე საპასუხო ნაბიჯები არ ჩანს. ჯერჯერობით არც ის კონტურები იკვეთება, თ ფინანსური დახმარების კუთხით კონგრესი რას აპირებს. ბოლო მონაცემებით, 10 აპრილის ხარკოვის ოლქის სხვადასხვა დასახლებების რუსულ დაბომბვებს მცირეწლოვანი გოგონა შეეწირა, დანგრეულია კლინიკა. უკრაინული მედიის ინფორმაციით შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მოქმედებს, მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი მაინც ისაა, რომ კონგრესმა კიევის სამხედრო დახმარების პაკეტი დროულად დაამტკიცოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხარკოვის ალეპოიზაცია - რატომ ცდილობს რუსეთი პირისაგან მიწისა აღგავოს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი / “დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მუშაობს, დღე-დღეზე ოკუპანტები შესაძლოა სტრატეგიულ შეტევებზე გადავიდნენ”.

“ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი დარწმუნებულია, რომ რუსი ოკუპანტები ვერ შეძლებენ ქალაქამდე მისვლას. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები, ხელისუფლება და ხარკოვის მოსახლეობა დაიცავს ხარკოვს ბოლომდე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კი “პატრიოტის” ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვს და ამბობს, რომ რუსეთი ინტენსიური თავდასხმებით ცდილობს, რომ ხალხი აიძულოს ხარკოვი დატოვონ და ქალაქი დაიცალოს. “ხარკოვში ძალიან მძიმე ვითარებაა. რუსული ტერორი მუდმივია. რუსებმა თითქმის ყოველდღიურად დაიწყეს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენება ქალაქის წინააღმდეგ. უკრაინას აშკარად აკლია საჰაერო თავდაცვის საკმარისი სისტემები და ეს აშკარაა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. მთელ მსოფლიოში არსებობს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. მათი უკრაინაში გადასაყვანად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო... “პატრიოტები” ახლა უკრაინაში უნდა იყვნენ, შედეგად მომავალში ნატო-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე მათი გამოყენება აღარ იქნება საჭირო”, - განაცხადა ზელენსკიმ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ რუსეთს ხარკოვში ჩაფიქრებული ჰქონდეთ სირიის ქალაქ ალეპოს სცენარის მსგავსი რამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არაა გამორიცხული, რომ ხარკოვს რუსები ალეპოს სცენარისთვის ამზადებდნენ. ისინი საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტს იყენებენ და ცდილობენ, რომ ჯერ საჰაერო დარტყმებით გაანადგურონ მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა და მერე ნაკლები დანაკარგებით აიღონ ქალაქი. ხარკოვი საზღვრისპირა ტერიტორიებთან ახლოსაა და როგორც ჩანს, ბუფერული ზონის სულ მცირე, 200 კილომეტრიანი ზონის შექმნა სურთ, რადგან უკრაინელების სარაკეტო კომპლექსების წვდომის ვარიანტი 150 კმ-ის რადიუსია. ხარკოვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია, ორ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ამისთვის სულ მცირე “პატრიოტის” ოთხი ბატარეა მაინც უნდა. არა მგონია აშშ-ის გარდა, რომელ ქვეყანასაც სისტემები აქვს, გაიღონ, უკრაინას გადასცენ და თავიანთი უსაფრთხოება შეამცირონ. თან ამერიკამ თავის დროზე ეს სისტემები თურქეთსაც არ მისცა. მერე უკრაინას მცირე რაოდენობით კი გადასცა, რომელიც ახლა ძირითადად კიევის ოლქისთვის გამოიყენება, მაგრამ ესეც დიდი ზარ-ზეიმით არ მიუციათ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ ეს კომპლექსი რუსმა დივერსანტებმა ხელში ჩაიგდონ. თავშეკავების ბევრი მიზეზია, თან ხარკოვი საზღვრისპირა ოლქია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“კონგრესი არდადეგებიდან 9 აპრილს უკვე დაბრუნდა და როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინის საკითხს დაუბრუნდება, საუბარია რამდენიმე ვერსიაზე, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი წარადგენს, ჯონსონის წინადადების არსი შემდეგია - უკრაინის დახმარება მაქსიმალურად უნდა გადავიდეს ბიუჯეტის გარე წყაროებზე. დახმარების ნაწილი კიევისთვის სესხის სახით უნდა გაიცეს. ასევე მიზანშეწონილი იქნება პრეზიდენტ ბაიდენის მიერ თხევადი გაზის ექსპორტის ახალ პროექტებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმება და აქედან მიღებული შემოსავლის უკრაინისათვის გადაცემა. გარდა ამისა, ამავე წყაროს ცნობით, ასევე განიხილება გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და მათი უკრაინისთვის გამოყენება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები კიევს მიატოვებენ. “შეერთებული შტატები გაცილებით ნაკლებად დაცული იქნება, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს”, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა. ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის უმოქმედობა თავისუფალ სამყაროს საფრთხის ქვეშ დააყენებს და “წარმოუდგენელი ხარჯებისა და საფრთხის” რისკს შექმნის. ვახტანგ მაისაიას აზრით, დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მუშაობს და მთავარი წინ გადადგმული ნაბიჯი მაინც ისაა, რომ კონგრესმა კიევის სამხედრო დახმარების პაკეტი დროულად დაამტკიცოს”, - დასძენს გამოცემა.

“აქ მთავარი მდგენელი არა განცხადებები, არამედ ისაა თუ როდის მიიღებს 61 მილიარდიან პაკეტს კონგრესი. კონგრესი სულ ცდილობს საკითხი გადასწიოს. ნატოც შეჰპირდა უკრაინას რამდენიმე მილიარდ დოლარიანი შეიარაღების მოზიდვას, მაგრამ ესეც როდის განხორციელდება ჯერჯერობით უცნობია, დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მუშაობს. დღითიდღე ოკუპანტები უფრო მეტი აგრესიით მიდიან უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს წირავენ საჰაერო დარტყმებს. გარდა იმისა, რომ ხარკოვს მიწასთან ასწორებენ, საშინლად დაიბომბა ლვოვიც, ინტენსიფიკაცია ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა დღე-დღეზე ამ მიმართულებით ოკუპანტები სტრატეგიულ შეტევებზე გადავიდნენ, ასეთი დროის გაწელვა და არაფრისმთქმელი განცხადებების გაკეთება, ისევ ოკუპანტების წისქვილზე ასხამს წყალს. დასავლეთს უკრაინის დამარცხება არანაირად არ აწყობს, თუმცა დასავლეთშიც არიან პოლიტიკური ლობისტები, რომლებიც არ იზიარებენ ერთიან პოზიციებს, ტრამპის მომხრეები პირდაპირ ამბობენ, რომ ამერიკა არ უნდა ჩაერიოს ამ კონფლიქტში. ამ ეტაპზე დასავლეთში ანტიუკრაინული ძალები არანაკლებ აფერხებენ ამ პროცესებს”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

“უცხოური გავლენის” კანონპროექტის განხილვის ფონზე კობახიძე ბერლინში შოლცს შეხვდება - რა იქნება საუბრის მთავარი თემა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონპროექტის განხილვის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 12 აპრილს ბერლინს ეწვევა, სადაც გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდება. გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს. “2024 წლის 12 აპრილს ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები”, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ანალიტიკოსები კი არ გამორიცხავენ, რომ დამატებით გამახვილდეს ყურადღება “აგენტების კანონზეც”. შეხვედრაზე სავარაუდოდ მართლაც ინება განხილვის ერთ-ერთი თემა აღნიშნული კანონპროექტი - “დოიჩე ველე” წერს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “სინანული გამოთქვა” კანონის პარლამენტში შებრუნების გამო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უცხოური გავლენის” კანონპროექტის განხილვის ფონზე კობახიძე ბერლინში შოლცს შეხვდება - რა იქნება საუბრის მთავარი თემა.

“ფედერალური მთავრობის პრესსპიკერის პირველმა მოადგილემ და ფედერალური მთავრობის პრესისა და ინფორმაციის ოფისის უფროსის მოადგილემ კრისტიან ჰოფმანმა უპასუხა თუ როგორია ოფიციალური ბერლინის რეაქცია აღნიშნულ კანონპროექტზე. ჰოფმანმა გაიხსენა, რომ “საქართველოს მთავრობა შარშან უპირობოდ დაჰპირდა ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღებას”. მისი თქმით, “შარშან, ამ კანონპროექტის წინააღმდეგ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათიათასობით წარმომადგენლის პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს”, ჰოფმანის თქმით, “პრესისა და მედიის თავისუფლება არის საფუძველი ნებისმიერი დემოკრატიისა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა”. ხოლო საკითხი, დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის შანსს, თუ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს მიიღებს, მისი თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ეჭვობს, რომ მაინცდამაინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი იყოს ძირითადი საკითხი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მეეჭვება, რომ მაინცდამაინც კანონის თემა იყოს ძირითადი, რადგან გერმანიამ დღის წესრიგი უკვე გამოაქვეყნა და იქ ეს არ ფიგურირებს. ალბათ ის საკითხები იქნება, რაც დღის წესრიგშია მოხსენებული - რეგიონის უსაფრთხოება და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება საუბარი შეეხოს კანონსაც, მაგრამ თავად ეს თემა რომ არაა ძირითადი სამიზნე, თავისთავად საყურადღებოა. საყურადღებოა იმ ფონზე, რაც შარშან იყო, როცა კანონის წინააღმდეგ მთელი დასავლეთი ამხედრდა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე და არა მხოლოდ კერძო პირების - პოლიტიკოსების გამონათქვამების მიხედვით. წინა წელს უცხოელ დიპლომატთა მთელი კორპუსი იყო მობილიზებული ამ კანონის წინააღმდეგ და წელს ანალოგიური სიტუაცია არაა, რაც თავისთავად საყურადღებოა. სავარაუდოა, რომ ამ კანონის თემას შეეხებიან. აკრძალული თემა არაა და ბოლო პერიოდის მოვლენებში კანონის გარშემო განვითარებული აქციები შეიძლება იყოს საუბრის თემა, თუმცა, არა მგონია, რომ ეს საუბარი იყოს იმავე სტილის, რითაც იყო შარშან. წინა წელს ჯერ კიდევ არ იყო გამოვლენილი, რომ ამ კანონისკენ მიდის დასავლეთის მთელი ქვეყნები და ეს მხოლოდ რუსული ფაქტი არაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“შესაბამისად ეს კანონი, როგორც თავდაცვის საშუალება დღეისთვის დასავლეთისთვის უფრო მეტადაა აღიარებული. მემგონი ამიტომაა, რომ დასავლეთი ისეთ მძაფრ რეაქციას აღარ იძლევა, როგორც ადრე, რადგან თვითონაც ამ კანონის ინსტრუმენტი აქვს შეტანილი თავის შიდა პოლიტიკაში”, - თვლის რესპონდენტი. მისივე თქმით, თუ მოხდა ისე, რომ გერმანია “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით კრიტიკული აღმოჩნდა, მოსალოდნელი არაა, რომ “ოცნებამ” გადაწყვეტილება შეცვალოს. |ერთი ქვეყნის, თუნდაც ისეთი დიდი და მნიშვნელოვანის, როგორიც გერმანიაა დამოკიდებულებამ არ მგონია, რომ გავლენა იქონიოს “ოცნების” გადაწყვეტილებაზე, თუნდაც იმიტომ, რომ “ოცნებამ” ეს კანონი ერთხელ უკვე დააბრუნა და ალბათ ყოველმხრივ ეცდება, რომ არ გაიმეოროს ის ნაბიჯი, რაც შარშან გადადგა”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ გერმანია კანონპროექტზე ყურადღებას აუცილებლად გაამახვილებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“შოლცი ევროკავშირის სახელითაც გააკეთებს განცხადებას, დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომ კანონი არ უნდა იქნას მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პრობლემები შეექმნება ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისას. მგონია, რომ იქნება კონკრეტული მოთხოვნები კობახიძესთან, საერთო ჯამში, საქართველოს ხელისუფლების მიმართ”, - განაცხადა ჩიტაძემ. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კრიტიკის მიუხედავად, „ოცნებამ" მაინც გააგრძელოს კანონპროექტის განხილვა. “რატომღაც მგონია, რომ განხილვას გააგრძელებს, დიდი ალბათობით, ბრძანება აქვთ მიღებული ბიძინა ივანიშვილისგან და მას უარს ვერ უბედავენ. დიდი ალბათობით ივანიშვილმა მოსკოვიდან მიიღო დავალება. ვნახეთ მკაცრი განცხადებები ევროპარლამენტის, აშშ-ის სახდეპის, სტოლტენბერგის და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირისგან, თუმცა “ოცნება” მაინც აგრძელებს განხილვას”, - ამბობს ჩიტაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ “ოცნება” შარშანვე უნდა დაფიქრებულიყო, რომ მეორედ არ შემოებრუნებინა, მაგრამ არ უფიქრდება, რითაც ავნებს საკუთარ თავს და ქვეყანას”, - დასძენს გამოცემა.

რამდენად ეფექტური იქნება სანქციების ახალი პაკეტი, რომელსაც ევროპა რუსეთს უმზადებს

“ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი, სავარაუდოდ, გაზაფხულდე იქნება მიღებული. ევროკომისია შეისწავლის წინააღმდეგობის საშუალებას ევროპის ფარგლებს გარეთ მდებარე დასავლური ქვეყნების შვილობილი კომპანიების მეშვეობით, სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. “ვაგრძელებთ ზეწოლას რუსეთსა და მათზე, ვინც რუსეთს ბრძოლის ველზე მხარს უჭერს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. პუტინის მეგობრების დევნას გავაგრძელებთ და მათისაც, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება ან მის სამხედრო არსენალს ავსებს”, განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე აღნიშნულ სანქციებს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ მთავარია ევროპამ სანქცია რუსულ გაზსა და ნავთობს დაადოს, რითაც ისინი სულდგმულობენ. მისივე თქმით, ეს რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენად ეფექტური იქნება სანქციების ახალი პაკეტი, რომელსაც ევროპა რუსეთს უმზადებს.

“პრობლემა ისაა, რომ ევროპა, პირდაპირ თუ ირიბად, რუსულ გაზსა და ნავთობზეა დამოკიდებული. რუსეთის წინააღმდეგ ყველა პაკეტს რომ გადავხედოთ, ამ ხნის განმავლობაში, რაც რუსეთი უკრაინაიში შეიჭრა, მას შემდეგ რუსული ეკონომიკა მართალია ცოტათი, თუმცა მაინც გაიზარდა. ანუ მათ სანქციების ეფექტურობა არც უგრძვნიათ. გასაგებია, რომ გარკვეული მაღალჩინოსნების ანგარიშებია დაყადაღებული, მაგრამ მხოლოდ ამ დაყადაღებულ ანგარიშებზე აქვთ თანხა? რა თქმა უნდა, არა. სხვადასხვა ოფშორში აუცილებლად ექნებათ. ასე რომ, მე ამსოლუტურად სკეპტიკურად და ნეგატიურად ვუყურებ ამ ფსევდოსანქციებს. ეფექტური რომ იყოსსაქნციები, უნდა დაადონ იმ გაზსა და ნავთობს, რომლითაც რუსეთის ბიუჯეტი სულდგმულობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“რაღაც ეტაპზე ეს სანქცია უნდა გამოიყენონ და აიძულონ რუსეთი, რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. ნებისმიერი ომიმოლაპარაკებით სრულდება და ადრე თუ გვიან, ეს გარდაუვალი იქნება.არ შეიძლება ამდნი ხნის განმავლობაში უკრაინა ასე დაფლეთილი იყოს და ხალხი ასე დაიტანჯოს, დაჭრილებსა და დახოცილებზე აღა ვლაპარაკობ. კატასტროფული შემთვევაა 21-ე საუკუნეში შუაგულ ევროპაში რუსეთის ამხელა აგრესია. ამ პაკეტში რა იქნება ზუსტად არ ვიცი, თუმცა შესაძლებელია იმ მაღალჩინოსნების სია გაიზარდოს, რომლებიც ამ სისხლიან ომში არიან ჩ ართული. ვფიქრობ, ევროპას სადამდეც მიუწვდება ხელი ანგარიშების გაყინვა-დაყადაღების, ამას გააკეთებს და რუსეთისთვის შენგენის ვიზებს არ გასცემს. თუმცა მგონია, რომ ამ მაღალჩინოსნებს ეს პაკეტი დიდად არ დააზარალებს, რადგანდიდი ალბათობით, მათ თავისი თანხები უკვე სხვა, მათთვის უსაფრთხო ფინანსურ ზონებში აქვთ დანლაგებული”, - დაასკვნის გია აბაშიძე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ