ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და „საქართველოს ჰარვარდის კლუბის“ წევრები - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება

მიგვაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და „საქართველოს ჰარვარდის კლუბის“ წევრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი შეფასებით, ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას აფერხებს.

"ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და „საქართველოს ჰარვარდის კლუბის“ წევრები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. საქართველოს აქვს გაცხადებული ევროატლანტიკური კურსი, ევროპული ღირებულებები აღიარებულია საქართველოს უზენაესი კანონით, კონსტიტუციით და ამავდროულად, წარმოდგენილ კანონპროექტს გმობს და აკრიტიკებს ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნები, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოება, ევროკავშირი და აშშ.

გასულ წელს საქართველოს საზოგადოების მასშტაბური პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ ეს კანონპროექტი გაიწვია, თუმცა, გაურკვეველი მოტივით კვლავ აინიცირებს მას პარლამენტში. ქართული საზოგადოებისა და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კვლავ ინიცირება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. ყველა ცივილური ქვეყნის საელჩო თუ წარმომადგენლობა მოგვიწოდებს ამ კანონპროექტის არმიღებისკენ. მიუხედავად საზოგადოების აღშფოთებისა, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა, საქართველოს პარლამენტი კვლავ აინიცირებს ამ კანონს, რაც მიუღებელია.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონის მიღების აუცილებლობა ან მიზანი არ არის დასაბუთებული. “გამჭვირვალობის” მოტივის დასახელება ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი კანონის მისაღებად სრულიად დაუშვებელია იმ ფონზე, რომ უცხოური გრანტის მიმღები ორგანიზაციების გამჭვირვალობა ისედაც უზრუნველყოფილია. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. სამწუხაროდ, შთაბეჭდილება იქმნება, რომ მისი ინიცირებით ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია განზრახ შეაფერხოს.

„ჰარვარდის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულები და საქართველოს ჰარვარდის კლუბის წევრები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ეკატერინე ეგუტია, გენო მალაზონია, მამუკა ხაზარაძე, მირიან ხაბურძანია, ნათია ნაცვლიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ლელა ჩახაია, თამარ ღონღაძე, სიმონ ჯანაშია, ანა ლაღიძე, ნინო ფრუიძე, თეა სიფრაშვილი, გიორგი ზედგინიძე, სოფო ფანჯიკიძე, თეა გერგედავა, ეკა გურეშიძე, ნანა ღიბრაძე, გიორგი მუჩაიძე, დათო სიხარულიძე, გელა ბეჟუაშვილი, ანა ჯანელიძე, ნათია ანდღულაძე, დიმიტრი გვინდაძე, ია წეროძე, არჩილ გიორგაძე, მერი ჩაჩანიძე, მარეხ ხმალაძე, ლია მამნიაშვილი, ია გელაშვილი, სოფო გორგოძე, მერი გაბაშვილი და სოფო ტყემალაძე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის