„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ანალიტიკური დოკუმენტი: „შეწყალების მიუხედავად მსჯავრდებულების მიერ სასამართლოებში გაგრძელებული სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები“ წარადგინა.

როგორც მათ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტეს, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდებოდა, გარკვეულ კითხვებს აჩენს საქმის სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, კითხვებს აჩენს ირაკლი ოქრუაშვილისთვის წარდგენილი ბრალიც.

ამასთან, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეჭვს ბადებს ასევე სააპელაციო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის გაჭიანურებული განხილვა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგს“ უწევს საერთო სასამართლოებში მიმდინარე იმ საქმეებს, სადაც, სავარაუდოდ, არსებობს პოლიტიკური მოტივები. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზნებისთვის საინტერესოა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები. ყველა ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა ექსკლუზიური უფლებამოსილება - შეწყალების მექანიზმი. აქედან ორ შემთხვევაში - გიგი უგულავა და ნიკა გვარამია სამივე ინსტანციაში საქმის განხილვის დასრულების შემდგომ შეიწყალა, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას შეწყალების აქტის გამოცემისას მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების განხილვა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში იყო დასრულებული. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა და გიორგი რურუამ, მიუხედავად პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტისა, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რითაც ერთგვარი პრეცედენტი შექმნეს ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში“,-აღნიშნულია დოკუმენტში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს კონკრეტულ პირთა მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ კითხვები, სამართლიანობის აღდგენა დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეების ირგვლივ არსებულ დისკუსიას უფრო აძლიერებს გაჭიანურებული მართლმსაჯულება - ერთ შემთხვევაში პროცესების ჩანიშვნა ხანგრძლივი ინტერვალით, მეორე შემთხვევაში კი წლობით ჩაუნიშნავი სასამართლო სხდომები. სამართლიანი სასამართლოს უფლების იმანენტური კომპონენტია ეფექტიანი და დროული მართლმსაჯულების განხორციელება. დაგვიანებული მართლმსაჯულება კი ხშირად მართლმსაჯულებაზე უარის თქმას უდრის. სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების გაჭიანურება, გარდა იმისა, რომ შესაძლოა არღვევდეს ბრალდებულის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს, ამძაფრებს ეჭვს პირის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ. მსგავს პროცესში, მნიშვნელოვანია ხელისუფლების თითოეული შტოს მიზანმიმართული და გააზრებული ქმედება, ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ იმ პირების შეწყალება, რომელთა საქმეების მიმართაც არსებობს პოლიტიკური მოტივების შესახებ კითხვები, უნდა შეფასდეს დადებითად. პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება გამოდგა. ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას მიერ, შეწყალების მიუხედავად, სასამართლოებში გაგრძელებული სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ქართული მართლმსაჯულებისთვის საინტერესო პრეცედენტს წარმოადგენს. პირის უფლება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიუხედავად (ხანდაზმულობის, შეწყალების ან ამნისტიის საფუძველზე), მისი საქმე განხილული იყოს სასამართლოს მიერ, ერთი მხრივ, ეხმიანება სასამართლოს ფუნქციურ დატვირთვას, შეაფასოს პირის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრიობა, და მეორე მხრივ, სამართლებრივი თვითშეგნების განმტკიცების გამოძახილია. საბოლოოდ, მსგავსი პრეცედენტი, ასევე, სხვა პირებისთვის ქმნის საკუთარი უფლებების დაცვის და სამართლებრივი, შესაბამისად, სოციალური რეაბილიტაციის შესაძლებლობას“,-აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.hrc.ge/files/319Appeals_after_Presidential_Pardon-geo.pdf

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს