ერთობლივი ძალებით ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა უნდა შეიქმნას, რა პროცესშიცუმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია - „ლელო" მზადაა დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან, რომელიც მზად არის ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა! - აღნიშნული განცხადება პარტია “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, „ლელო“ აცხადებს მორატორიუმს და ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ მოუწოდებს.
ხაზარაძის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად, დოკუმენტურად მოღალატეობრივი გადაწყვეტილება გააფორმა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ხალხის ნებას და ქვეყნის დეკლარირებულ, ისტორიულ არჩევანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„რუსული სპეცოპერაციით - „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით - "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი შეცვალა და გეზი რუსეთისკენ აიღო - უკვე დოკუმენტით დაადასტურეს, რომ ისინი რუსეთს ემსახურებიან!
დღეს “ქართული ოცნების“ მოღალატეობრივმა პოლიტიკამ წერტილი დაუსვა ამ მთავრობის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმართვის პროცესს. “ქართულმა ოცნებამ“ დეკლარირებულად აირჩია რუსეთი და უარი უთხრა ევროკავშირს.
ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, მშვიდად, მყარი ნერვებით პროტესტის გაგრძელება და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება.
ამისათვის საჭიროა, რომ სასწრაფო წესით დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ამ პროცესს აპროტესტებდნენ. მთელი ჩვენი ძალისხმევა, მიმართული უნდა იყოს რუსული ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებისკენ და ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ. ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია.
ჩვენ, „ლელო“ მზად ვართ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ვაცხადებთ მორატორიუმს და მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ. ჩვენი დებატები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ "ოცნების" დემონტაჟს. ჩვენი საუბრები და კოორდინაცია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რუსული ხელისუფლების ძალაუფლებისგან ჩამოშორებას.
ამ წინააღმდეგობის ფრონტს უნდა ჰქონდეს ორგანიზებული, სტრუქტურირებული სამოქმედო გეგმა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმა.
„ლელო" მზად არის დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან რომელიც მზად არის ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესის შესაქმნელად და ეს ამხელა ენერგია, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, არ გავფლანგოთ და მივმართოთ სწორად, რომ ჩვენმა შვილებმა არ გაიღვიძონ რუსეთის უკანა ეზოში.
ჩვენ მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ვესაუბროთ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ხელოვან ადამიანებს, სპორტსმენებს და ყველას ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.
საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ალტერნატიული ცენტრი, რათა გავარღვიოთ წლების განმავლობაში არსებული ორპოლუსიანი სივრცე და ეს რეალობა გადავტეხოთ.
წარსული ვერასოდეს გაიმარჯვებს მომავალზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.