მეუფე შიო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ" კანონპროექტზე - არ უნდა დავუშვათ გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტი ["ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ"] და მცდელობა, რომ ჩვენი ბავშვები დავიცვათ მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორც შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე. არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში ასეთი გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, აუცილებლად უნდა მივიღოთ აღნიშნული კანონი, - ასე მიმართა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძართან შეკრებილ ადამიანებს.

მეუფე შიოს თქმით, დღევანდელ მსოფლიოში ახალი სოციალური ტექნოლოგიების და გენდერული იდეოლოგიების გავლენით ოჯახი განიცდის დიდ ზეწოლას და ვხედავთ ამ ტენდენციების საქართველოში გადმოტანის მაგალითებს და სურვილს.

„საოცრად ამაღლებული განწყობაა დღეს ჩვენს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ სიყვარული და ერთგულება ოჯახისადმი, რაც არის ღვთისგან მომდინარე სიწმინდე, გახდება საწინდარი ჩვენი ერის გამთლიანების, უთანხმოებათა დაძლევის. თქვენ მოგახსენეთ უკვე, რომ ოჯახს სიწმინდეს იმიტომ ვუწოდებთ, რომ რომ ეს არის ღვთის მიერ დადგენილი ფორმა ყოფიერების და ცხოვრების. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცავთ ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახურ ღირებულებებს აქ იგულისხმება არა ის, რომ ჩვენ წინაპრებისგან გადმოგვეცა მხოლოდ ეს ღირებულება, არამედ რომ სათავე ამ ტრადიციისა არის თავად ღმერთი. აი ამიტომ ვიცავთ ჩვენ და ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს. ვხედავთ დღევანდელ მსოფლიოში ახალი სოციალური ტექნოლოგიების და გენდერული იდეოლოგიების გავლენით ოჯახი განიცდის დიდ ზეწოლას მსოფლიოს ქვეყნებში, რომლებიც მოწინავედ იწოდებიან. პოლიტიკოსები იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება მარადიულ ღმერთისგან დადგენილ ზნეობრივ ნორმებს, საზოგადოების ცხოვრების ტრადიციულ წესს და ყაიდას. მძიმე ცოდვა ცხადდება სიკეთედ და უფრო მეტიც, ღირსეულ ქმედებად, ღირსებად და ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ნორმალურ გამოვლინებად. ეს შედეგად იწვევს ერების დემოგრაფიულ კლებას და ოჯახის განადგურებას. ვხედავთ ამ ტენდენციების საქართველოში გადმოტანის მაგალითებს და სურვილს. ამის ნათელი დასტურია ის დიდი წინააღმდეგობა, რომელიც შეხვდა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, რომელიც გულისხმობს სოდომური ცოდვის პროპაგანდის აკრძალვას მოზარდებში და ბავშვებში. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი მცდელობა, რომ ჩვენი ბავშვები დავიცვათ ამ მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორც შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე.

იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვათ ასეთი გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, აუცილებლად უნდა მივიღოთ აღნიშნული კანონი. მეტიც, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა, მათზე ზრუნვა და აღორძინება უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და მიმართულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ თუ დავეთანხმებით იმას, რომ ღმერთი მცნებების დარღვევა და ცოდვები ეს არ არის საღმრთო კანონის დარღვევა, არამედ არის ადამიანის ქცევის ერთ-ერთი ნორმალური გამოვლინება, მაშინ ჩვენ არათუ არ გავხდებით ჩვენი ქვეყნის გამთლიანების ღირსი, არამედ ჩვენივე ხელით მოვაწერთ ხელს ჩვენი ქვეყნის გადაშენებას და დაღუპვას.

ამიტომ, ყველაფერი ის, რაც უკავშირდება ბიბლიაში დაგმობილი ცოდვების გამართლებას, ძვირფასო დებო და ძმებო, ეს არის დიდი გამოცდა ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი უფლისადმი ერთგულების. თუ რამდენად გვაქვს შესაძლებლობა დღეს ჩვენ დავამოწმოთ ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი ერთგულება ღვთის წინაშე, მთელი მსოფლიოს წინაშე. ამიტომ, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. თუ ჩვენ გვსურს ჩვენი ერის გადარჩენა და გამთლიანება, უნდა ვუერთგულოთ ღვთის სიტყვას, უფლის მცნებებს და არასდროს არ შევეგუოთ იმ ადამიანებს, ვინც ეცდება ჩვენში ცოდვის და სიწმინდის ზღვრის მოშლას და განსხვავების წაშლას. ვინც ეცდება ჩვენში ცოდვის პროპაგანდას და ცოდვის წარმოჩენას, როგორც სიკეთის, როგორც ღირსების და ვიმეორებ, როგორც ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ნორმალური გამოვლინების. კიდევ ერთხელ გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024