საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და მკვლევრები TAD Week-ში მონაწილეობდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულში (TAD Week) მონაწილეობა მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, TAD Week-ი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, ასევე, მთავარი პარტნიორების: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Politecnico di Milano, იტალია), ევროკავშირის პროგრამა „Erasmus+“-ის და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

„მიმდინარე წელს, TAD Week-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა როგორც თბილისის არქიტექტურული კვირეული (TAW), ასევე, თბილისის დიზაინის კვირეული (TDW). შედეგად, TAD Week-ი ჩამოყალიბდა კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პლატფორმად, რომლის მიზანი არქიტექტურის, ურბანისტიკის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და ხელოვნების სფეროს წარმოჩენა, ხელშეწყობა და განვითარებაა.

როგორც TAD Week-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი მარიამ ბოჭორიშვილი აღნიშნავს, კვირეულის ყოველწლიური ციკლური ღონისძიებები აერთიანებს შესაბამის სფეროებში მოღვაწე ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს, სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციებს, სტუდენტებს, ენთუზიასტებსა და დაინტერესებულ მხარეებს. მისი თქმით, წლევანდელი TAD Week-ის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები: კონფერენციები, ლექციები, პანელური დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები, გამოფენები, არქიტექტურული ტურები, რომლებზეც საქართველოს ტექნიკური და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტების მკვლევრებმა სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს პირადი გამოცდილება და სამეცნიერო სიახლეები გაუზიარეს, ასევე, არქიტექტურასა და ურბანისტიკაში უახლესი გამოწვევები და ინოვაციური მიდგომები გააცნეს.

მეცნიერების დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, მეცნიერების, არქიტექტურისა და დიზაინის სინერგია ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ხოლო თანამედროვე ურბანისტიკაში არსებული გამოწვევების დაძლევა მეცნიერებასთან მჭიდრო კოლაბორაციითაა შესაძლებელი“, - ნათქვამია სტუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები, მკვლევრები წელსაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი TAD Week-ის მუშაობაში იტალიელ კოლეგებთან - მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად. 21-ე საუკუნეში, მეცნიერების, არქიტექტურის და დიზაინის სინერგიის გარეშე ნებისმიერი სახელმწიფოს წინსვლა წარმოუდგენელია. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ურბანისტიკასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები მხოლოდ მეცნიერებასთან მჭიდრო კოლაბორაციით თუ დაიძლევა. დარწმუნებული ვართ, წლევანდელი კვირეული ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი უნივერსიტეტისა და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს და იტალიის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, ორივე ქვეყნის ახალგაზრდებს შორის დიალოგის განვითარებას, კვლევითი და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რაც ახალი გამოწვევების დაძლევის მიმართულებით, ორივე ქვეყანას დიდად წაადგება“, - აღნიშნავს თამარ ლომინაძე.

თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA TBILISI) გაიმართა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე თამარ ლომინაძემ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ხვედელიანმა. კვირეულის მონაწილეებსა და მიწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და მოკლე თემატური პრეზენტაციები წარუდგინეს სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა: სტეფანო კაპოლონგომ, ანდრეა რებეკმა, მაურო ატილიო ჩეკონელომ, დავიდე სპალაცომ, ნორა ლომბარდინიმ და ელენა სოლერომ.

TAD Week-ის მუშაობა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე, სამ სექციად წარიმართა: სოციალური არქიტექტურა; დიზაინი კულტურისთვის; ურბანული რეგენერაცია კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით. სექციებზე ქართველმა და იტალიელმა მკვლევრებმა წარმოადგინეს მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის: არქიტექტურა და ჯანმრთელობა; ქალაქები და ჯანმრთელობა; დიზაინი კულტურული მემკვიდრეობისთვის; ურთიერთქმედების დიზაინი: ჰუმანიზაციის ტექნოლოგია; არქიტექტურული მემკვიდრეობის შეცნობა და გაძლიერება; ქალაქების ადაპტაცია ხელახალი გამოყენებისთვის და სხვა. აღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით, კვირეულის სექციებში ჩატარდა არაერთი ლექცია, "ვორქშოფი", პანელური დისკუსია და საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები.

TAD Week-ის ფარგლებში, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ, ვიზუალური მასალის თანხლებით, წარადგინა კვლევა - „თბილისის კულტურული მემკვიდრეობა არქიტექტურისა და დიზაინის მეშვეობით“. გარდა ამისა, ნინო იმნაძემ და სტუ-ის მკვლევრებმა - მარიკა ფოჩხუამ და ბესო ტატიშვილმა, იტალიელ კოლეგებთან კოლაბორაციით, თემებზე: „ურბანული რეგენერაცია კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით“ და „ურბანული ჯანმრთელობა“, სტუდენტებისთვის "ვორქშოფები" ჩაატარეს, ხოლო თემაზე - „თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია და მათი განვითარება თანამედროვეობის კონტექსტში“ - პანელური დისკუსია გამართეს.

სტუ-ის ინფორმაციით, თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულის (TAD Week) სექციების, სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების მონაწილე სტუდენტებს ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო