ანგარიში - 2023 წელს განაჩენი 258 არასრულწლოვანს გამოუტანეს, მათგან 2 გამართლდა - არსებითად განხილული და საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეებიდან 25.2%-ში არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობა გამოიყენეს

2023 წელს განაჩენი 258 არასრულწლოვანს გამოუტანეს, მათგან გამართლდა 2 - არსებითად განხილული და საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეებიდან 25.2%-ში არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობა გამოიყენეს,- ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტში წარდგენილი 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი გამოყენებულ იქნა სულ 1000 პირის მიმართ - აქედან, 544 (54%) არასრულწლოვანი და 456 (46%) 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი იყო. 2010-2023 წლებში კი 14-დან 21 წლამდე ასაკის სულ 7770 პირი განრიდდა, საიდანაც 4700 (60%) არასრულწლოვანი, ხოლო 3070 (40%) - 18-დან 21 წლამდე ასაკის პირია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მონაცემებით, განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობა არის 1010, საიდანაც განრიდება-მედიაციის პროგრამაში 544 (54%) არასრულწლოვანი ჩაერთო. რაც შეეხება განრიდებული და ბრალდებული არასრულწლოვანების რაოდენობას, წლების მიხედვით მონაცემები შემდეგია: 2023 წელი: დევნა 466 (37%) პირი; განრიდება 544 (63%) პირი; 2022 - დევნა 342 (46%); განრიდება 585 –(54%).

„ბრალდებულ და განრიდებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით განრიდების პროცენტული მაჩვენებლის კლება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2023 წელს მოიმატა იმ არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელმა, რომლებიც განრიდების კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ. არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების გამოყენების მაჩვენებელი კი, რომლებიც განრიდების კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ 2023 წელსაც მაღალი. 2023 წელს ბრალდებული 466 პირიდან განრიდების კანონით დადგენილ კრიტერიუმს მხოლოდ 134 არასრულწლოვანი აკმაყოფილებდა. ამდენად, 2023 წლის მონაცემებით განრიდებულ და იმ ბრალდებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობა, რომლებიც განრიდების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, 678 პირს შეადგენს, საიდანაც პროკურორმა განრიდების გადაწყვეტილება 544 (80%) არასრულწლოვანის მიმართ მიიღო“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმადვე, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი ბოლო 3 წელია სტაბილურად მაღალია და 80%-ს შეადგენს. 2023 წელს, განრიდებული 544 არასრულწლოვანიდან, განრიდებამდე დევნა მხოლოდ 10 (1,8%) არასრულწლოვანის მიმართ დაიწყო. განრიდება აქტიურად გამოიყენება ასევე მძიმე კატეგორიის დანაშაულებზეც.

რაც შეეხება არასრულწლოვანების მიმართ გამოტანილი განაჩენების რაოდენობას, 2023 წელს განაჩენი გამოტანილი იქნა 258 არასრულწლოვანის მიმართ, 2022 წელს კი 192. 2023 წელს გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 2 არასრულწლოვანის მიმართ.

არასრულწლოვანთა მიმართ არსებითად და საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეები 2023 წელს ასეთია: არსებითი 47.3%; საპროცესო 52.7%.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მსჯავრდადებულ არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი 2023 წელს 16.2%-ია, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 19.4% იყო.

არასრულწლოვანთა მიმართ, არსებითად განხილულ საქმეებზე გამოტანილი განაჩენებიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი 2023 წელს 35.2%-ია, 2022 წელს 39.2%

არასრულწლოვანთა მიმართ არსებითად განხილული და საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეების საერთო რაოდენობიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ჯამური მაჩვენებელი კი 2023 წელს 25.2%-ია.

რაც შეეხება არსებითად განხილულ, საპროცესო შეთანხმებით დასრულებულ და განრიდებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ჯამურ მაჩვენებელს, აღნიშნული მონაცემი 2023 წელს 8.1%, ხოლო 2022 წელს 7.8% იყო.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, პროკურატურის მიერ რეფერირების ცენტრში გადამისამართდა 14 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი 54 არასრულწლოვანი და 14-დან 18 წლამდე ასაკის 18 არასრულწლოვანი, რომელთა მიმართ პროკურორებმა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე უარი თქვეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე განრიდების გამოყენების გარეშე.

ამასთან, გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საპროცესო შეთანხმებით საქმეთა დასრულების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა.

„2023 წელს, წინა წლების მსგავსად, შენარჩუნდა გამოძიების ადრეულ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაღალი მაჩვენებელი. კერძოდ, 2023 წელს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე გაფორმდა აღნიშნულ პერიოდში სულ გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების 60,3%.

აღსანიშნავია, რომ საპროცესო შეთანხმების სამართალწარმოების ადრეულ ეტაპზე (ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე) გაფორმება ხელს უწყობს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამავდროულად ზოგავს როგორც პროკურატურის, ისე სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან ადამიანურ და ფინანსურ რესურსს, რაც ხელს უწყობს პროკურორებს უფრო მეტად კონცენტრირდნენ რთულ და კომპლექსურ საქმეებზე“, - ნათქვამია ირაკლი შოთაძის ანგარიშში.

გენერალური პროკურორის ინფორმაციით, 2023 წელს არსებითი განხილვის საფუძველზე გამოტანილი განაჩენებიდან 12,1%-ის შემთხვევაში სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო 7,4%-ის შემთხვევაში - ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელმა 2023 წელს 56,2% შეადგინა.

2023 წელს საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ოდენობა 32 707 976 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებას, ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სასჯელის აღნიშნული სახის გამოყენების მაჩვენებელმა 15,4% შეადგინა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით გამოყენებულ იქნა 17% -ის მიმართ, ხოლო არსებითი განხილვისას თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნა ბრალდებულთა 37,7%-ის მიმართ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო