ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"პოლონეთისა და საქართველოს რთულმა ისტორიულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენიტეტი, და ამავე დროს პარტნიორებთან ალიანსი", - აღნიშნულია პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუმინეთი მზადაა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისა და შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის პროექტების განხორციელებისთვის.
„რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ამ გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფუნდამენტური ღირებულებების დაცვასა და რეფორმების განხორციელებას.
ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი ელმედინ კონაკოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქვეყანას წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს. „მწამს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთოები მომავალშიც გაგრძელდება, ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გამოგზავნილ წერილში.
ანდორას სამთავრო გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
„გვსურს კიდევ ერთხელ აღინიშნოს ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი ძალისხმევა და განსაკუთრებული წვლილი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საქმეში, რომელიც ემსახურება მშვიდობიანი თანაცხოვრების ღირებულებების ერთგული საზოგადოების მშენებლობას", - ნათქვამია მისალოც წერილში.
დამოუკიდებობის დღესთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ერთიანობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
„უკრაინა და საქართველო ერთად დგანან საერთო ღირებულებების - თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობიანი და ევროპული მომავლის სადარაჯოზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სლოვენიის, ბულგარეთის, მონტენეგროს, მაკედონიის, სერბეთისა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და იმედს გამოთქვამენ, რომ ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთო ინტერესის ყველა სფეროში გაღრმავდება. გამოთქმულია ევროპულ გზაზე საქართველოს ურყევი მხარდაჭერის მზადყოფნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. თავიანთ განცხადებებში მათ საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.