ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს

ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი აცხადებს, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასრულება ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა აუცილებელია „ჰამასმა“ ყველა მძევალი გაათავისუფლოს. დიპლომატი ამასთან არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტის არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს.

რას პასუხობს ისრაელი მოკავშირეების კრიტიკას ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ, ასევე, როგორ აფასებს ისრაელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ჩასვლას, რას ეტყოდა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, ამ და სხვა თემებზე ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- როგორ შეაფასებდით საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, როგორია ისრაელის ოფიციალური პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. იზიარებთ თუ არა საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციას, რომელიც მასში საფრთხეს ხედავს. მეორე მხრივ, ეთანხმებით თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონის მიღება ქვეყანაში გამჭვირვალეობის გასაზრდელადაა აუცილებელი, მაშინ, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამტკიცებენ, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოა?

- ჩვენ ქართველი ხალხის მეგობრები ვართ, სრულიად ქართველი ხალხის. ნამდვილად მტკივნეულია ის უთანხმოება და დაყოფა, რასაც აქ ვხედავთ ბოლო რამდენიმე კვირის, თვის განმავლობაში. მე თავად მოვდივარ ქვეყნიდან, სადაც შიდა დავები და მწვავე უთანხმოებები უცხო არ არის. ისრაელშიც, ჩვენ ხშირად გვყავს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი, რომელთა პოზიციები საკმაოდ დაყოფილია და დაშორებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის საკითხზე. იმედი მაქვს, რომ მოიძებნება გზა, რათა საქართველომ აისრულოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, რადგან რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის მისწრაფება და ოცნება, რომელსაც იზიარებს მოსახლეობის უმეტესობა.

- 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ქვეყანაში უკვე წლებია მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, სადაც მხარეების მთავარი წინასაარჩევნო გზავნილები ძირითადად, ოპონენტების კრიტიკით შემოიფარგლება. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდ, ჯანსაღ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიაროს. რა არის თქვენი მოწოდება ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ?

- ვფიქრობ, ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მე ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გსურთ გავლენა მოახდინოთ თქვენს ქვეყანაზე, თქვენს სახელმწიფოზე, აწმყოსა და მომავალზე, არჩევნებზე ხმის მიცემა ამის გაკეთებისყველაზეკარგი საშუალება. საბოლოო ჯამში,არჩევნები არ არის ერთადერთი რამ, რასაც დემოკრატიული ქვეყანაგულისხმობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდწილად, რაც ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნად გვაქცევს, ეს არის არჩევნები, დღე, როდესაც ხალხის ნება ძალიან მკაფიოდ უნდა აისახოს. ვფიქრობ, ჩემი რჩევაა, ხალხმა ხმა მისცეს. თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, მიეცით ხმა. ან თუ გინდა, რომ რაღაც ისე დარჩეს როგორც არის, მიეცით ხმა და რომ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვას რჩევებზე, ზოგად ატმოსფეროზე,უნდა აღვნიშნოთ, რომ ვინაიდან ჩვენ ვუახლოვდებითსაარჩევნო პერიოდს, ფსონები უფრო იზრდება. ვფიქრობ, ჩვენ ამას ვხედავთმთელ მსოფლიოში. იმის შეცვლა, თუ როგორ არის პოლიტიკა მოწყობილი, ჩემს შესაძლებლობებს მიღმაა.

- რაც შეეხება სხვა თემებს, 22 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანის გარდაცვლილი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისისა და შვიდი სხვა ოფიციალური პირის დაკრძალვას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია ეს კრიტიკა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობა აქვს ირანთან?

- ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი) იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე: ისრაელელების, ებრაელების, დასავლელების, ახლო აღმოსავლელების. ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში. როგორც „ჰამასის“ მფარველებს, მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე, რადგან მათ აღჭურვეს „ჰამასი“ იარაღით და ასწავლის მათი გამოყენება. რაისის მეტსახელი თეირანში მისი ე.წ. ხალხის მიერ არის "ყასაბი თეირანიდან". ეს ის კაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოგვრჩეს ირანის წარსული მცდელობები, განეხორციელებინა ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ ეს დაკრძალვა, ვნახეთ ვინ დაესწრო მას, ვნახეთ „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. გამიკვირდა, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს გასაკვირი იყო.

- ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარ ვითარებაზეც ვისაუბროთ. ღაზის სექტორი უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კონფლიქტურ რეგიონად რჩება. საომარ მოქმედებებს სულ მცირე 35 000 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 800-მდე ბავშვი და 5 000-მდე ქალია. როგორია ისრაელის გეგმა სისხლიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად, როდის და რა შედეგით უნდა ველოდოთ კონფლიქტის დასრულებას და ხომ არ გადაიზრდება ის გლობალურ კონფლიქტში, სადაც ირანი და რეგიონის სხვა ქვეყნებიც იქნებიან ჩართულები?

- ომის დასრულება შესაძლებელია, შეიძლება დასრულდეს ხვალ დილით. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ჩვენ გვჭირდება „ჰამასმა“ გაათავისუფლოს ყველა მძევალი. მათ დაახლოებით 250 ადამიანი გაიტაცეს. მათ ამ დრომდე 128 მძევალი ჰყავთ. მათ უნდა გაათავისუფლონ ყველა მძევალი და მათ უნდა გაათავისუფლონ ღაზას სექტორი რკინის კლანჭებიდან. ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს. როდესაც ხალხი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდებს - თქვენ გინდათ ცეცხლის შეწყვეტა? უთხარით „ჰამასს“ და მის მხარდამჭერებს, გაათავისუფლონ ყველა მძევალი და ჩაბარდნენ. ჩვენ არ შეგვიძლია „ჰამასის“ ტერორისტული რეჟიმის არსებობდა დავუშვათ, რომელიც აკონტროლებს ღაზის სექტორს, საფრთხეს უქმნის ისრაელს და ღაზის მოსახლეობას.

ამ კვირის დასაწყისში ჩვენ გავავრცელეთ კადრები, საშინელი კადრები. მასში ნაჩვენებია ხუთი ახალგაზრდა ჯარისკაცის გატაცების მომენტი. საშინელებაა. ხუთი 19 წლის ლამაზი გოგონა, კარინი, ლირი, აგამი, ნაამა და დანიელა იჯდა, სისხლით დაფარული, საკუთარი და მათი მეგობრების სისხლით, რომლებიც ახლახან მოკლეს, გარშემორტყმული „ჰამასის“ ტერორისტების მიერ. ისინი მათ ისე ექცევიან, როგორც საქონელს. მიმართავდნენ: „ოჰ, ძალიან ლამაზი ხარ. ოჰ, შენ ასეთი ხარ“. რაღაც მომენტში, ზოგიერთი მათგანი ამბობდა, "ამას შეუძლია დაორსულდეს". ეს ვიდეო გაავრცელეს გატაცებულთა ოჯახებმა, რათა ყველამ მკაფიოდ აღიქვას, რა და როგორ მოხდა. ეს ვიდეოჩანაწერი 3 წუთს გრძელდება, ხოლო ახლა ისინი „ჰამასის“ ხელში 230 დღეზე მეტხანს არიან.

ამ კვირაში ჩვენ გვქონდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში. მას ესწრებოდნენ გადი მოზეს შვილები, რომელიც დღემდე ტყვედ ჰყავთ ღაზაში. გადი 80 წლისაა. ბოლოს, როდესაც მათ მიიღეს რაიმე ცნობა, ნიშანწყალი მისი სიცოცხლის შესახებ, იყო დეკემბერი. ივნისში, 7 ოქტომბრიდან რვა თვე შესრულდება. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებდი ყველას, ვისაც სურს ომის დასრულება, უყურონ ამ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, მოუსმინონ ადის შვილების ინტერვიუს და შემოუერთდნენ ყველა მძევლის გათავისუფლების მოწოდებას.

ახლა რაც შეეხება სიტუაციას ადგილზე, რაფაში, ქალაქი რაფა არის ის ქალაქი, სადაც „ჰამასი“ ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია და ჩვენ ვიწყებთ იქ ოპერირებას. ეს არის ძალიან ნელი ოპერაცია, რადგან ამავდროულად, მუშაობისას, ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოსახლეობა მიიღებს იმას, რაც საჭიროა, მათ შორის მათი ევაკუაციისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ომის დაწყებიდან.

ახლა რაც შეეხება ციფრებს, ეს ომია. რა თქმა უნდა, ყველა სამოქალაქო მსხვერპლი ტრაგედიაა. სამწუხაროდ, ჩვენი ჯარისკაცების საკმაოდ დიდი ნაწილი დაიღუპა ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ დროს, ანუ როდესაც არასწორი კომუნიკაციის გამო, ცეცხლი ისრაელის თავდაცვის ძალებმა გახსნეს. იყო საშინელი სტრატეგია სამ მძევალთან, რომელმაც გაქცევა მოახერხა, შემდეგ მათ ისრაელის ძალებმა შეცდომით ესროლეს. ვგულისხმობ იმას, რომ ომის ტანჯვა ყველგან იგრძნობა. თქვენ ისაუბრეთ რაოდენობაზე და რიცხვებზე. ისინი განახევრდა. სამი კვირის წინ გაერომ მოულოდნელად, ჩუმად, ჩუმად შეცვალა შეფასება და გაანახევრა ის. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ომის დაწყებიდან ვამბობდით, ერთი - არ გამოიყენოთ „ჰამასის“ ციფრები, არ გამოიყენოთ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ციფრები და მეორე - ისინი, ვისაც ისრაელი ებრძვის და უშენს ცეცხლს, არიან „ჰამასის“ ტერორისტები და ეს არის ასევე იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც იღუპება.

ომის დაწყებიდან ღაზაში ნახევარ მილიონ ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რისი ვალდებულებაც გვაქვს საერთაშორისო სამართლით და უფრო მეტსაც, რომ ავარიდოთ მსხვერპლი და საფრთხე სამოქალაქო მოსახლეობას და რომ არ იყოს დეფიციტი. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვჭირდება მძევლების გათავისუფლება. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ომი დაიწყო ერთ დღეში 1200 ისრაელელის მკვლელობით. აქ შურისძიებაზე არ არის საუბარი. საუბარია იმის უზრუნველყოფაზე, რომ „ჰამასი“ ვეღარ შეძლებს ამის გამეორებას და საფრთხის შექმნას საკუთარი ხალხისთვის.

რაც შეეხება ომის გაფართოებას, არსებობს ამის შესაძლებლობა. ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ომი ღაზაში და ასევე გვაქვს ფრონტი ჩრდილოეთში. არ ვიცი, რამდენად შუქდება ეს აქ, მაგრამ ყოველდღიურად, „ჰეზბოლა“,ისრაელის ჩრდილოეთის ქალაქებსა და სოფლებს ცეცხლს უშენს. ისრაელის დაახლოებით 100 000 მოქალაქე ცხოვრობს დროებით საცხოვრებელში. ისინი სახლებიდან ევაკუირებულები არიან. ისინი უკან ვერ ბრუნდებიან, რადგან მათი საცხოვრებლები მთლიანად „ჰეზბოლას“ სამიზნეა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ასხვავებს მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჯარისკაცებს ერთმანეთისგან. თუ ვისაუბრებთ უფრო ფართო სურათზე, ყველაფერი უკავშირდება ირანს. არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, ვინც აფინანსებს. ვინც ხელმძღვანელობს და დგას ყველაფრის უკან, დგას ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციის ყველა მცდელობის უკან და ეს არის ირანი.

რა შეიძლება გაკეთდეს? მოხდეს ზეწოლა „ჰეზბოლაზე“, რომ დაბრუნდეს ჩრდილოეთით მდინარე ლიტანთან. ჯერ კიდევ 2006 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციაში ნათლად იყო ნათქვამი, რომ მთელი ტერიტორია, სამხრეთით მდინარე ლიტანამდე და რასაც ჩვენ „ლურჯ ხაზს“ ვუწოდებთ (ამ მონაკვეთს „ლურჯი ხაზი“ ეწოდება, რადგან აქ არ გვაქვს ლიბანთან განსაზღვრული საზღვარი), უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი იარაღისგან, ნებისმიერი შეიარაღებისგან, გარდა ლიბანის სახელმწიფოს კანონიერი არმიისა და რაც ახლა გვაქვს, რეალურად, არის მთელი ეს ტერიტორია სავსე „ჰეზბოლას“ მებრძოლებით და იარაღით. რა უნდა გაკეთდეს? საჭიროა საერთაშორისო ზეწოლა, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუცია რეალურად განხორციელდეს. ზოგადად, იმედი მაქვს, რომ მომავალში ლიბანს „ჰეზბოლა“ ვეღარ გააკონტოლებს.

ისრაელს მთავარი მხარდამჭერები და პარტნიორები ხშირად აკრიტიკებენ და მას მშვიდობისკენ მოუწოდებენ. რამდენად აპირებს ისრაელი მათი აზრის გათვალისწინებას და შეიძლება თუ არა ისრაელს ამის გამო პარტნიორებთან ურთიერთობა დაეძაბოს.

შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობების დახასიათება ყველაზე კარგად შეიძლება ოჯახურ ურთიერთობებთან შედარებით. ოჯახში კამათი ხდება. ორ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პირების ხშირი ვიზიტები ისრაელში. ჩვენ, ახლახან, გვყავდა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი. ყოველთვის, როცა მოდიან, ისინი პრემიერ-მინისტრს და სხვა, შესაბამის მინისტრებს ხვდებიან, რომლებიც სხედან და განიხილავენ სხვადასხვა ოპერაციას და გეგმას ყველასთან. იმიტომ, რომ ამერიკის აზრი ძალზედ მნიშვნელოვანია. ამასთან, ისრაელი არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც განსაზღვრული აქვს ამ ომის მიზნები. ამ ომს აწარმოებს ისრაელი, რათა გავანეიტრალოთ ის მყისიერი საფრთხე, რაც ისრაელელებს ემუქრებათ. მე ვუბრუნდები გადი მოზეს ოჯახს, რომელიც აქ (თბილისში) იყო ამ კვირაში. მათ კიბუცსა (დასავლებები ისრაელში) და ღაზას გალავანს შორის მანძილი კილომეტრნახევარია. ასე ახლოსაა ყველაფერი ისრაელში. როგორც საქართველოში, ყველაფერი ახლოსაა. ეს არ ხდება სადღაც შორს.

შეერთებული შტატები ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს. ასე რომ, დიახ, შეიძლება იყოს კრიტიკა ამის შესახებ, ან კითხვა ამის შესახებ და ჩვენი ამოცანაა ვუპასუხოთ მათ, მაგრამ თუ გადავხედავთ უფრო ფართო სურათს, თუ გადავხედავთ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ისრაელს, ცდილობს ფაქტებით მანიპულირებას. ევროპის წამყვანი ქვეყნები, კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ისრაელს. ისევ და ისევ, ეს არ არის იმის გამო, რომ ვინმეს ომი მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ მეორე მხარეს არის რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება, რომელმაც დაუშვებელია ასე გააგრძელოს არსებობა.

- როგორია თქვენი პოზიცია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით?

- მე ვფიქრობ, რომ ეს არის ცარიელი ჟესტი, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ზიანი მიაყენოს სიტუაციას და ახლა ავხსნი რატომ. წავიკითხე საგარეო საქმეთა მინისტრების ინტერვიუები. მე წავიკითხე ყველაფერი, რაც მათ თქვეს აღიარების დეკლარაციის გარშემო. ვფიქრობ, რომ თუ მათ მართლა სურდათ რაიმეს შეცვლა ადგილზე, მაშინ , როგორც მინიმუმ, ამ აღიარების დეკლარაციაში მათ შეეძლოთ ჩაეწერათ პირობა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა მძევალი.

მათ უნდა ეთქვათ, ჩვენ ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (PLO) ლიდერმა მაჰმუდ აბასმა, დაგმოს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა და განაცხადოს, რომ არ ითანამშრომლებს „ჰამასთან“, რომელიც ევროპაში გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად და როდესაც არაფერს მსგავს არ აქვს ადგილი და გვესმის მხოლოდ: „ჩვენ ვაღიარებთ“ და მათ სჯერათ, რომ ასეთი მიდგომა არის გზა ორივე ერის მომავლის საკეთილდღეოდ, ეს რჩება ცარიელ ჟესტად. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ პალესტინელ ხალხს, თუ გსურთ უზრუნველყოთ, რომ ერთ დღეს ისევ გვექნება ნდობა და შესაძლებლობა, დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას საერთო მომავალზე სასაუბროდ, თქვენ ძალიან მკაფიო უნდა იყოთ პალესტინის ხელისუფლებასთან, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასთან, რომ მათგან არის დერადიკალიზაციის მოლოდინი.

რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ის, რაც თქვენ ნახეთ 7 ოქტომბერს, სამწუხაროდ, არ არის მხოლოდ „ჰამასის“ ტერორისტების შემოვარდნა ისრაელში. ეს იყო პირველი ტალღა. მეორე ტალღა იყო ე.წ. „რიგითი მოქალაქეები“, არა ჰამასის ტერორისტები, რომლებიც შემოვარდნენ, გადაწვეს, მოკლეს და გააუპატიურეს მოსახლეობა. ამიტომ, თუ მე მსურს განსხვავებული მომავალი ჩემი ხალხისთვის, პალესტინელი ხალხისთვის, აუცილებელია, რომ მათ გაიარონ დერადიკალიზაციის პროცესი. თუ ხარ ევროპული ქვეყანა და გსურს ხალხს იმედი მისცე, გადამწყვეტია, რომ აღნიშნო დერადიკალიზაციის ელემენტი, რომ უზრუნველყო, რომ „ჰამასს“ ჰქონდეს ნულოვანი ლეგიტიმაცია სამომავლო მოლაპარაკებებში - არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასთან. სამწუხაროდ, ჩვენ მათგან მსგავსი ვერაფერი დავინახეთ.

- სისხლის სამართლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანიმ ომის დანაშაულებისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და „ჰამასის“ ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა ამ გადაწყვეტილებას ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. დასავლელი ლიდერების ნაწილის შეფასებით, ისრაელისა და „ჰამასისი“ ლიდერებს შორის ტოლობის დასმა დაუშვებელია. თქვენ როგორ შეაფასებდით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას?

- ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ მადლობა გადაგიხადოთ სიზუსტისთვის თქვენს შეკითხვაში, რადგან ზოგიერთი ამბობს, რომ ორდერი გაცემულია. არა, პროკურორმა ორდერის გაცემა ითხოვა და როგორც სწორად თქვით, ბევრმა დაგმო. პრეზიდენტმა ბაიდენმა მას აღმაშფოთებელი უწოდა მრავალი მიზეზის გამო, ასევე იმ მცდელობის გამო, რომ დახატოს ეს ცრუ სიმეტრია ისმაილ ჰანიეს (ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელს) და იაჰია სინვარს (ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის ("ჰამასი") ხელმძღვანელი ღაზას სექტორში) შორის - ფსიქოპათ ტერორისტებსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შორის. თავად ბრალდება, რასაც პროკურორი ამბობს, სიცრუეა. არ ყოფილა და არ არსებობს შიმშილის პოლიტიკა.

ზემოთაც აღვნიშნე, ჩვენ ვსაუბრობთ ნახევარ მილიონ ტონა საკვებზე, სამედიცინო დახმარებაზე, სხვა ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, რომელიც ღაზას სექტორში შვიდი ოქტომბრის შემდეგ შევიდა. არსებობს COGAT-ის ვებგვერდი ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ამ მონაცემებით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყოველდღიური ანგარიში იმის შესახებ, თუ რამდენი სატვირთო შევიდა ისრაელიდან, სახმელეთო პუნქტებიდან. თქვენ ხედავთ, რამდენის გაშვება მოხდა პარაშუტით, რამდენი მიეწოდება ზღვიდან.

ჩვენ უფრო მეტ წყალს ვაწვდით ღაზის სექტორს, ვიდრე შვიდ ოქტომბრამდე ვაკეთებდით ამას. ეს არ არის შიმშილის პოლიტიკა. ჩვენ ვხედავთ სატვირთო მანქანებს, რომლებიც ღაზას სექტორის შიგნით ელოდება UNRWA-ს ( ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და მხარდაჭერის გაეროს სააგენტო) საკვების მიწოდებისთვის. კითხვა უნდა გადაეცეს UNRWA-ს. რატომ არ აწვდიან ისინი დახმარებას ? რატომ არ ავრცელებენ?

მეორე, რაც მინდა ვთქვა ICC-ზე, არის ის, რომ მთელი პრინციპი, რომელსაც ICC ემყარება, არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კომპლემენტარს (complementary principle /ურთიერთ შემავსებელი ფაქტორი). ეს ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფოს არ სურს ან არ შეუძლია თავისით გამოიძიოს, სწორედ მაშინ დგება ICC-ს მოქმედების შესაძლებლობა. ისრაელს აქვს ძალიან ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, ისრაელის ხალხი მოითხოვს ყოვლისმომცველ გამოძიებას, როდესაც ეს დასრულდება. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელსაც ეს სასამართლო (ICC) ეფუძნება და პროკურორის ქმედება, ამ მოთხოვნით, ძირს უთხრის ამ პრინციპს.

და იცით რა იყო ძალიან გასაკვირი? ის (კარიმ ხანი) ისრაელში უნდა ჩასულიყო. ხანი ისრაელში მომავალ კვირას უნდა ჩასულიყო, რათა შეხვედრები გაემართა სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან. მან გადაწყვიტა გაეუქმებინა ვიზიტი და ამის ნაცვლად გამოსულიყო ამ საჯარო განცხადებით და კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო. ისრაელი არ არის ICC-ის წევრი. ჩვენ არ შევუერთდით და, შესაბამისად, არ ვაღიარებთ მის იურისდიქციას, მაგრამ, თუნდაც როდესაც ხარ წევრი, ICC-ში პალესტინელთა წევრობა უკიდურესად საკამათოა. მრავალი, მრავალი ქვეყნის მიერ, პალესტინა არ არის აღიარებული სახელმწიფოდ. რომ შევაჯამოთ: ჩვენ არ ვართ წევრი სახელმწიფო და არ ვაღიარებთ მის იურისდიქციას; პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (PLO) წევრობა არ არის ურთიერთშეთანხმებული, კონსენსუალური; ხოლო პროკურორმა, როგორც აღვნიშნე, არჩია განცხადებების გამოქვეყნება, ნაცვლად პროფესიული ვიტისა და შეხვედრების განხორციელებისა.

ჩვენ გვქონდა მძევლების პირველი გაცვლა ომის დაწყებიდან 50 დღის შემდეგ. ჩვენ უკვე 230-ე დღეზე მეტია ომში ვართ. „ჰამასი“ ძლიერდება. „ჰამასი“ ძლიერდება მსგავსი ქმედებებით და ეს აფერხებს მოლაპარაკებების შესაძლებლობას მეტი მძევლის გასათავისუფლებლად, რათა დასრულდეს ეს ომი. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს აქტი და შესაბამისი პოლიტიკური აქტები, რეალურად საფრთხეს უქმნის ისრაელელებს, რომლებიც ტერორისტებს გამომწყვდეული ჰყავთ საზარელ გვირაბებში.

ბექა ბერიაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო