ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
წერეთლის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ.
„ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენი პარტია და მე ვაპირებდით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, თუმცა მითხრეს, რომ უკვე მზადდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ“,- აღნიშნა მან.
როგორც წერეთელმა ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა, მას აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაასანქცირებს, რაც ეკონომიკურ ნაწილში არა მარტო „ქართული ოცნების“ წარმადგენლებს შეეხება, არამედ ყველას.
„როდესაც ქვეყანას ჰყავს ცუდი ხელისუფლება, ამ ცუდი ხელისუფლების ნეგატივი ყველას ეხება. ყველაფერი გვეუბნება იმას, რომ გზაჯვარედინზე კი არ არიან, დასავლეთისგან დისტანცირდნენ, შესაბამისად სანქცია არის რეაქცია. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სანქციები ყველას შეეხება, ეკონომიკურ ნაწილში ყველას შეგვეხება. ყველას შეგვეხება ლარის კურსის გაზრდა, გაძვირდება ბევრი რამ. ეს არ არის მარტო 80-84 ადამიანის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები.
თუ სანქციები იქნება, პარტნიორებზე არ უნდა გავბრაზდეთ. შენ, როდესაც ირჩევ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც არ ვარგა და ემსახურები, შენც იღებ პასუხისმგებლობას. მოლოდინი მაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება და პირველ რიგში, შეეხებათ მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა წერეთელმა.
ამასთან, გიგი წერეთელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ „ქართულ ქარტიაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია მხარს უჭერს ქარტიას, თუმცა დოკუმენტის საბოლოო გაფორმებამდე გარკვეულ პუნქტებზე მიმდინარეობს მუშაობა.
მისი მოსაზრებით, ქარტია კარგია იმისათვის, რომ პარტიებმა დააახლოონ თავიანთი შეხედულებები და თუ შესაძლებელი იქნება ახალი კონფიგურაციებიც შეიძლება გაჩნდეს.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ იმ პუნქტებს, რომელიც ჩამოთვლილია. პუნქტებზე მუშაობა მიმდინარეობს, ვიდრე დოკუმენტი გაფორმდება. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ ქარტია აღქმულია იმ ჩარჩოდ, სადაც განსხვავებულმა პარტიებმაც კი უნდა იმოქმედონ. კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ აზრები გაიცვალოს და შეთანხმება პრინციპებზე მოხდეს. აქ არის ყველა ის პუნქტი, რომელიც ჩვენ დიდი ხანია წარდგენილი გვაქვს.
ამასთან, შეიძლება პარტიებმა დააახლოონ თავიანთი შეხედულებები და თუ შესაძლებელია ახალი კონფიგურაციის გაჩენის ესეც არის დასაშვები“, - განაცხადა წერეთელმა.
მას არარეალისტურად მიაჩნია ყველა პარტიის გაერთიანება და ერთიანი სიის შექმნა.
მისი თქმით, ერთიანი სია არ იქნება გამარჯვების გარანტი.
„რაც შეეხება ერთიანი სიის საკითხს, ეს თემა გადაღეჭილია. მე არ მივეკუთვნები იმ სკოლას, რომელიც ამბობს, რომ ერთიანი სია არის გადარჩენა. არ მიმაჩნია რეალისტურად, რომ ყველა პარტია გაერთიანდეს. ეს, არ იქნება გამარჯვების გარანტი. მარცხის ტოლფასად არ მიმაჩნია, თუ ერთიანი სია არ იქნება. არჩევნებამდე რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება უფრო ეფექტურად მიმაჩნია იმისათვის, რომ დემოკრატიულად და მშვიდობიანად შევცვალოთ მთავრობა“,- განაცხადა წერეთელმა.