ანრი ოხანაშვილი - ვურჩევდი, დაფიქრდნენ, სად არის არგუმენტები - ეს არგუმენტები არის „ქართული ოცნების“ მხარეს - მზად ვართ, საკონსტიტუციო სასამართლოში, ან ქვეყნის ფარგლებს მიღმა წაიღონ საქმე, სიმართლე ჩვენ მხარესაა

ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ, სად არის არგუმენტები - ეს არგუმენტები არის „ქართული ოცნების“ მხარეს - ჩვენ მზად ვართ გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღონ საქმე, გნებავთ სხვა მაღალი განსჯადობის მქონე ქვეყნის ფარგლებს მიღმა უწყებებში, ჩვენს მხარესაა სიმართლე და არგუმენტები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

ოხანაშვილის თქმით, ისინი მზად არიან ნებისმიერ ადგილას, “დაიცვან საკუთარი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მიღებული კონკრეტული საკანონმდებლო აქტი”.

„ერთხელ ხომ გახსოვთ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა, როდესაც ხმალამოღებით გადაეფარნენ პრეზიდენტად წოდებულს? და გახსოვთ იქ წარმართული სამართლებრივი განხილვა და შედეგი. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ სად არის არგუმენტები - ეს არგუმენტები არის „ქართული ოცნების” მხარეს. ჩვენ მზად ვართ გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღონ საქმე, გნებავთ სხვა მაღალი განსჯადობის მქონე ქვეყნის ფარგლებს მიღმა უწყებებში, ჩვენს მხარესაა სიმართლე და არგუმენტები. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიგაქვს საქმე, იქ იმის დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს, რომ სასამართლოს მიმართო, ეს გამოიწვევს წარმოუდგენელ და გამოუსწორებელ შედეგებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვს საფუძველი, რომ იმსჯელო ნორმის შეჩერებაზე. თუმცა ესეც იმდენად აბსურდულია, რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით დაველოდებით საბოლოო მოტივაციას. მზად ვართ, ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლო თუ სხვა ინსტიტუციები, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მიღებული კონკრეტული საკანონმდებლო აქტი“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ კანონი მიღებულია და შესაბამისად, ამოქმედდება, დაიწყება ის სამართლებრივი პროცედურები, რაც იუსტიციის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

„თუ ვინმეს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ სურს მიმართოს ინსტიტუციას, მათი უფლებაა. თუმცა მათი ვალდებულებაა, რომ დაასაბუთონ მიმართვის საფუძვლიანობა. ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც და საერთაშორისო მიდგომებიც შესწავლილი გვაქვს და ვიცით საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომაც ნორმის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ არც ერთი მხრივ არის არგუმენტები მოსარჩელეების სასარგებლოდ და ვერც სტრასბურგის სასამართლოს ექნება მოსარჩელეების მხრიდან სათანადო მოტივაცია და არგუმენტები.

ერთია, როდესაც ამბობს „მივმართავ”, მეორეა დასაბუთების ვალდებულება. ჩვენ მზად ვართ, რომ სადაც სამართლებრივი პაექრობა და მსჯელობა საჭირო იქნება, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პარალელურად ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო