ტოტალიტარული რეჟიმები ერთმანეთის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილები და ერთმანეთის გაძლიერებას ცდილობენ - სამწუხაროდ, სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი ქვეყნები ასე არ იქცევიან , - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომელიც გაეროში მიღებულ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციაზე, ჩინეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი ქვეყნები ასე არ იქცევიან.
მისივე განცხადებით, ქვეყნებთან ურთიერთობას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და ქვეყნებმა ერთმანეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ.
„სამწუხაროდ, სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი ქვეყნები ასე არ იქცევიან. ჩინეთმა, ამ საკითხში, დაიკავა ისეთივე პოზიცია, როგორიც დაიკავეს ნიკარაგუამ, კუბამ, ირანმა, ბელორუსმა, რუსეთმა და მსგავსმა ქვეყნებმა. არცერთი ეს ქვეყანა საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი არ არის. ამიტომ არის, რომ სტრატეგიული პარტნიორი, ვინც არის აშშ და ევროკავშირის ქვეყნები, მათთან უნდა გავაღრმაოთ და განვამტკიცოთ ურთიერთობები.
ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, ყველანაირი გზა მოიჭრას ევროკავშირთან და დასავლეთის ყველანაირი ძაფი ჩაჭრას საქართველოსთან. რა თქმა უნდა, მათთვის ბუნებრივი მოკავშირეა რუსეთი ან ტოტალიტარული ქვეყნები. ჩინეთის კომუნისტური პარტია ბუნებრივი მოკავშირეა ივანიშვილის რეჟიმის.
რა თქმა უნდა, ქვეყნებთან ურთიერთობას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი, რომ ყველაფერი ჩინეთზე გაასხვისო. ყველა მათი ინტერესი დააკმაყოფილო და სანაცვლოდ მათ ნეიტრალურ რეზოლუციასაც არ დაუჭირეს მხარი.
ტოტალიტარული რეჟიმები ერთმანეთის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილები და ერთმანეთის გაძლიერებას ცდილობენ. მსოფლიოში უფრო მეტი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ვიდრე პირიქით.
ზუსტად მათ რიცხვშია რუსეთი და სხვა ტოტალიტარული ქვეყნები. სამწუხაროდ, მათ რიცხვია ჩინეთის რესპუბლიკაც, რომელიც არ ჯდება მეგობრულ და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში. მთავარია ახლა, რომ ივანიშვილმა ამ 5 თვეში ისე არ დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო კავშირები, რომ 100 ქვეყნიდან კიდევ უფრო არ შემცირდეს საქართველოს მხარდამჭერთა რიცხვი“ , - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელსაც 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.