საქართველოში პირველად ნორდიკული ფესტივალი გაიმართება

საქართველოში პირველად ნორდიკული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, რომელსაც “ფაბრიკა” 8-9 ივნისს მასპინძლობს, ურბანიზმის, ინოვაციების, აქტიური მოქალაქეობის, ტექნოლოგიების, ლიტერატურის და მრავალი სხვა საკითხის მიმართ ნორდიკული მიდგომები განიხილება.

ნორდიკული ქვეყნების ელჩებმა „ინტერპრესნიუსთან“ ფესტივალის ძირითადი თემები განიხილეს.

„ფესტივალი საქართველოში ნორდიკული ქვეყნების წარმომადგენლობების გაზრდის შედეგია. შვედეთი აქ 2010 წლიდან არის წარმოდგენილი, ნორვეგიამ 2019 წელს გახსნა საელჩო; დანიამ კი 2022 წელს. წელს კი დანიის კულტურის ინსტიტუტმაც გახსნა ოფისი. ასე რომ, დრო დადგა ნორდიკული დღეების შესაქმნელად, რასაც ჩვენ ბევრ სხვა ქვეყანაშიც ვაკეთებთ. ფესტივალის თემებია: დემოკრატია, მდგრადობა და ინოვაცია“, - ამბობს დანიის ელჩი საქართველოში, ანნე ტოფტ სორენსენი.

დანიის ელჩი აღნიშნავს, რომ ნორდიკულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

„ეს ასევე არის რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. ასევე, არსებობს ჩვენი ნორდიკული თანამშრომლობის მკაფიო ხედვა: გავხდეთ ყველაზე მდგრადი და ინტეგრირებული რეგიონი მსოფლიოში. ჩვენ ვართ მსოფლიო ლიდერები ტექნოლოგიებში, მობილობაში, დიგიტალიზაციაში, საჯარო-კერძო პარტნიორობასა და კვლევების ინვესტირებაში. ჩვენთვის აშკარაა საქართველოსთვის ამ გამოცდილების გაზიარება“, - ამბობს ელჩი სორენსენი „ინტერპრესნიუსთან“.

შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, ანა ლიბერგი კი აცხადებს, რომ ნორდიკული ქვეყნები აქტიურად უწყობენ ხელს მწვანე, კონკურენტუნარიან და სოციალურ მდგრადობას.

„ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს მწვანე, კონკურენტუნარიან და სოციალურ მდგრადობას. და რასაც ჩვენ ასევე ვხედავთ არის ის, რომ ჩვენ მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად, და ჩვენ შეგვიძლია მათ ერთად უფრო კარგად გავუმკლავდეთ, ვიდრე მარტო. ესეც ჩვენი აქ მუშაობის ნაწილია“, - აღნიშნავს შვედეთის ელჩი.

„ჩვენ ნამდვილად გვაქვს სრული ნორდიკული პაკეტი; ღონისძიება მოიცავს მრავალ თემას, ახალგაზრდებიდან დაწყებული დემოკრატიული დისკუსიებით დამთავრებული. ჩვენ გვაქვს სამოქალაქო მონაწილეობის თამაშები და გვაქვს შვედური მოდის გამოფენა. გარდა ამისა, გვექნება ტანსაცმლის გაცვლა (clothes swapping), რომელიც საკმაოდ პოპულარულია სკანდინავიასა და ნორდიკულ ქვეყნებში და ასევე ეხება მდგრადობას. ასევე, გვყავს საოცარი დანიურ-ქართული ჯაზის მუსიკოსების ჯგუფი, რომელიც ფესტივალზე იქნება. ჩვენ ასევე გვექნება მოხსენება ურბანიზმისა და არქიტექტურული დაგეგმარების შესახებ, სადაც გვყავს ძალიან კარგი მომხსენებლები თითოეული ნორდიკული ქვეყნიდან, რომლებიც ისაუბრებენ ჩვენი მხრიდან ურბანიზმის მიდგომაზე, რომელიც აყალიბებს ქალაქებს ხალხისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ საოცარ ადგილს, როგორიც თბილისია, ბევრი რამის სწავლა შეუძლია“, - ამბობს ელჩი სორენსენი.

ელჩები ხაზს უსვამენ, რომ ნორდიკული ქვეყნები იცავენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და თანასწორობას. ნორდიკული ქვეყნების პასუხი არის მეტი თანამშრომლობა და ასევე თითოეული ადამიანის უფლების დაცვა მშვიდობასა და თავისუფლებაში.

დიპლომატები ნორდიკული ქვეყნებით დაინტერესებულ პირებს ფესტივალზე იწვევენ, სადაც ისინი 2 დღის განმავლობაში ურბანიზმის, ინოვაციების, აქტიური მოქალაქეობის, ტექნოლოგიების, ლიტერატურისა და მრავალი სხვა მიმართულებით ნორდიკულ მიდგომას გაეცნობიან.

„გულითადად მივესალმებით ჩვენს ქართველ მეგობრებს, რათა ერთად აღვნიშნოთ და მივიღოთ მონაწილეობა ღონისძიებებში, რომლებსაც ვგეგმავთ. ჩვენ მოუთმენლად ველით მას. ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა და აჩვენებს, რომ ნორდიკული კვალი სამხრეთ კავკასიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრად გაძლიერდა. ჩვენ აქ ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის. ეს ასევე ხაზს უსვამს ჩვენს ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის მიმართ“, - ამბობს შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი.

Nordic Days-ის სრული პროგრამა: https://nordicdays2024.my.canva.site/

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო