„საქართველოს ბანკი“ ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყოველწლიურად 5 თანამშრომელს სრულად  დაუფინანსებს

„საქართველოს ბანკისთვის“, როგორც პასუხისმგებლობიანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ მიზნით ბანკი თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელთაც ახლახან თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) შეემატა. „საქართველოს ბანკსა“ და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლიდან ბანკი ყოველწლიურად 5 თანამშრომელს ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრულად დაუფინანსებს.

„თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ფინანსების მიმართულებით გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ინიციატივის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ ყველა თანამშრომელს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს ISET-ისა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივ კონკურსში და სრულად დაიფინანსოს სწავლა ოფიციალური აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო დონის ორწლიან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესს უძღვებიან ქართველი და უცხოელი კვალიფიციური ლექტორები. პროგრამის კურსდამთავრებულები კი კორპორაციული ფინანსების, საინვესტიციო პორტფელის მართვის, რისკების მენეჯმენტის, ბიზნესის შეფასებისა, და ქცევითი ფინანსების მიმართულებით მიღებული ცოდნითა და უნარებით შეძლებენ, ინოვაციური მიდგომები დანერგონ არა მხოლოდ „საქართველოს ბანკში“, არამედ საბანკო-საფინანსო სექტორში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ ტალანტების განვითარების დირექტორის, ნუცა კაციტაძის განცხადებით, მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით კურსდამთავრებულები წამყვან პოზიციებზე მუშაობას შეძლებენ.

„ფინანსური განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ თანამშრომლობა დავიწყეთ ISET-თან, რომლის ფარგლებშიც ბანკი ყოველწლიურად 5 თანამშრომელს შესაძლებლობას მისცემს, სრული დაფინანსებით გაიაროს ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საფინანსო სექტორში „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული CFA საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისია. გვჯერა, მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით კურსდამთავრებულები შეძლებენ წამყვან პოზიციებზე მუშაობას და საქართველოს საფინანსო სექტორში ინოვაციების შემოტანას“,- განაცხადა ნუცა კაციტაძემ.

ISET-ის დირექტორის, თამარ სულუხიას თქმით, ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება ივნისში მიიღო.

„მოხარულები ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა „საქართველოს ბანკთან“ და ვაფასებთ, რომ „საქართველოს ბანკი“ თავის პერსონალს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ისწავლონ ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც არის საქართველოში ერთადერთი CFA ინსტიტუტთან აფილირებული აკადემიური პროგრამა. ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება ივნისში მიიღო. ეს კი არის გარანტია, რომ ფინანსების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის განათლებას ფინანსებში, რომელიც კონკურენტუნარიანია მთელ მსოფლიოში” - განაცხადა თამარ სულუხიამ, ISET-ის დირექტორმა.

„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს თანამშრომლებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო