ჯოზეფ ბორელი - მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს - მონიტორინგს გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს

საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, შესაბამის შეფასებაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან მკაფიო იყო.

„ჩვენ გვქონდა აქტიური დისკუსია საქართველოს შესახებ. მაისის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ ზედიზედ მეორედ, საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკური მოვლენები განვიხილეთ, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება.

ჩვენ ვწუხვართ, რომ [საქართველოს] ოფიციალური აქტორებიდან ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ ქართული ხმები უმაღლეს დონეზე მოვისმინეთ, რომლებიც გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა, გარკვევით ვთქვა: არა, არა! ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო, ლაკონური ვერ ვიქნები, ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს და ამ განცხადებას მხარს 27 წევრიდან 26 უჭერს. ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება.

ჩვენ გვესმის, რომ ეს [საქართველოში არსებული] დინამიკა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება. მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. შემიძლია, ეს უფრო ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ არა უფრო მკაფიოდ“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს ზომებს - შეამცირებს საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას გაზრდის.

„პარალელურად ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას გავზრდით. ჩვენ დეზინფორმაციას დავუპირისპირდებით და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას გავზრდით. მე მოქმედების ვარიანტების დოკუმენტი გავავრცელე, ჩვენ სიტუაციის მონიტორინგს გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს, შევამცირებთ საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს. ჩვენ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერას განვიხილავთ. ეს შეიძლება დაუყოვნებლივ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში მეტი ზომების მიღებას განვიხილავთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველ ხალხს და დემოკრატიისა და ევროკავშირში საქართველოს მომავლის სასარგებლოდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს ჩვენ მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე