როგორ უნდა მოიქცე, თუ საზღვარგარეთ პასპორტი დაკარგე?

სამოგზაუროდ ემზადები და უკვე შეიძინე ავიაბილეთები , სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმრო? ეს იმას ნიშნავს, რომ საოცნებო მოგზაურობამდე სულ ცოტა დაგრჩა. თუმცა, მნიშვნელოვანია წინასწარ გათვალო ისეთი გარემოებები, როგორიცაა საზღვარგარეთ პასპორტის დაკარგვა. აღნიშნული ფაქტი, ბევრისთვის სტრესული სიტუაციაა, თუმცა არსებობს ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ეხმარება მოგზაურს პრობლემის ეფექტურად მოგვარებაში.

რა უნდა გააკეთო, თუ საზღვარგარეთ პასპორტი დაკარგე?

პირველ რიგში, უნდა მოძებნო პოლიციის უახლოესი განყოფილება და დაწერო განცხადება, პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დოკუმენტის დაკარგვის ფაქტის დამადასტურებელი ცნობა მიიღო. შემდეგ, უნდა მიმართო შენი ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოს, რომელიც დაგეხმარება მიიღო უკან დასაბრუნებელი მოწმობა, ან თუ დიდი ხნით იმყოფები და არ გეგმავ მალევე დაბრუნებას, გააკეთე განაცხადი ახალი პასპორტის დამზადების შესახებ.

რა არის დასაბრუნებელი (გამოსამგზავრებელი) მოწმობა?

ეს არის დროებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებას გაძლევს, დარჩე იმ ქვეყანის ტერიტორიაზე, სადაც იმყოფები ან დაბრუნდე სამშობლოში. აღნიშნული დოკუმენტის მოქმედების ვადა გაფორმებიდან არა უმეტეს 30 დღეა. ამ პერიოდის განმავლობაში კი აუცილებლად უნდა გაემგზავრო სამშობლოში.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უნდა მიმართო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, რათა ჩააბარო დროებითი მოწმობა და აიღო ახალი პასპორტი.

რა არის საჭირო დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად?

  1. ამისათვის საჭიროა პოლიციის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის ფაქტს.

  1. შიდა პასპორტი (პირადობის მოწმობა) ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

თუ პასპორტთან ერთად ყველა სხვა დოკუმენტი დაკარგე, მოგიწევთ რამდენიმე ადამიანის პოვნა, რომლებიც დარწმუნებით განაცხადებენ, რომ შენ ნამდვილად შენ ხარ. არსებობს კიდევ ერთი საშუალება - შენი ვინაობის დადგენის მიზნით, საკონსულოს შეუძლია ოფიციალური მოთხოვნა გამოუგზავნოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, თუმცა პასუხის მისაღებად 1 თვემდე ლოდინი მოგიწევს.

  1. განაცხადი დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ (ფორმის მიღება შესაძლებელია საკონსულოში).

  1. ორი ფერადი ან შავ-თეთრი ფოტოსურათი, რომელიც გადაღებულია ღია ფონზე, ზომით - 3.5×4.5 სმ.

  1. დაკარგული პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი (ორიგინალის არქონის შემთხვევაში), მართვის მოწმობა - ეს ყველაფერი დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების სიაში არ შედის, თუმცა გაამარტივებს საბუთის გაფორმებას.

  1. საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან გადახდისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტის ორიგინალი.

რა დოკუმენტებია საჭირო ბავშვისთვის დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად?

  1. დაბადების მოწმობის დედანი ან პირადობის მოწმობა 14 წლის და უფროსი ასაკის ბავშვისთვის.

თუ 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვს პირადობის მოწმობა თან არ აქვს, საჭირო იქნება პირადობისა და მოქალაქეობის დადასტურების პროცედურის გავლაც.

  1. მშობლის საზღვარგარეთის პასპორტი.

  1. განაცხადი დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად.

  1. ბავშვისა და მშობლის ფოტოსურათი, ზომებით 3,5 × 4,5 სმ.

რა დროში მზადდება დასაბრუნებელი მოწმობა?

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, მოწმობა, ჩვეულებრივ, მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაიცემა.

როგორ უნდა დაბრუნდე სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობით?

აეროპორტში რეგისტრაციის დახლთან საზღვარგარეთის პასპორტით გელოდებიან, ამიტომ ავიაკომპანიას წინასწარ უნდა აცნობო შექმნილი სიტუაციის შესახებ. ასევე, აეროპორტში ადრე უნდა მიხვიდე, რადგან ავიაკომპანიის თანამშრომლობს შესაძლოა ჰქონდეთ დამატებითი კითხვები.

რა უნდა გააკეთო მგზავრობამდე? Avia.ge გირჩევთ:

გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ, უმჯობესია გამგზავრებამდე თავი დაიზღვიო. შესაძლო ფორსმაჟორული სიტუაციისთვის მზად რომ იყო და პრობლემა უფრო სწრაფად მოაგვარო, გაითვალისწინე შემდეგი რამ:

  1. წინასწარ მოიძიე და ჩაიწერე დანიშნულების ქვეყანაში ან ახლომდებარე ქვეყანაში საქართველოს საელჩოს ან საკონსულოს მისამართები, ტელეფონის ნომრები და სამუშაო გრაფიკები.

  1. დაასკანერე შენი შიდა და საზღვარგარეთის პასპორტი, მათ შორის, მოქმედი ვიზების გვერდები. ასევე, მართვის მოწმობა და ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობები და გაგზავნე საკუთარ და თქვენი ახლობლის ელ. ფოსტაზე. (დარწმუნდი, რომ გახსოვს შენი ელ. ფოსტის პაროლი, რათა საჭიროების შემთხვევაში, შეძლო სხვისი მოწყობილობიდანაც შეხვიდე).

  1. დაბეჭდე და მოათავსე პასპორტების ასლები ხელბარგისა და ბარგის სხვადასხვა ადგილზე.

  1. ფრენის შემდეგ გადაუღე სურათი საზღვრის კვეთის შტამპს ან შესასვლელ ვიზას და გადაგზავნე შენს ელ.ფოსტაზე.

  1. მოგზაურობაში წასვლამდე გადაიღე 3.5×4.5 ზომის რამდენიმე ფოტოსურათი, რომ უცხო ქვეყანაში არ მოგიწიოს ფოტოსტუდიის ძებნა.

  1. და ბოლოს, შენი საზღვარგარეთის პასპორტი, შიდა პასპორტი, მართვის მოწმობა და ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა, სხვადასხვა ჩანთაში მოათავსე.

გაითვალისწინე ზემოთ აღნიშნული რჩევები, რათა თავიდან აიცილო ისეთი სტრესული გარემოება, როგორიცაა პასპორტის დაკარგვა. და თუ ეს მაინც მოხდება, უკვე იცი, როგორ უნდა მოიქცე მსგავს სიტუაციაში. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო