თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გაიხსნა

თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა, საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ესტუმრნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრები ორი პოლიტიკური ჯგუფიდან: “თავისუფალი დემოკრატები” (FDP) და “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” (CDU/CSU); ასევე, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში (მწვანეები / The Greens).

კონფერენცია დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ორგანიზატორების თქმით, მათ დღევანდელ ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლები მიიწვიეს, თუმცა ისინი არ გამოცხადდნენ.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ხუციშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას შორდება.

„მივულოცეთ უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნა და სამწუხაროდ, აღვნიშნეთ, რომ საქართველოსთვის დღეისთვის მოლაპარაკებების გახსნა აღარ იგეგმება. ჩვენმა ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო იმ 9 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც ევროკავშირმა მოგცა, შემოიტანა „რუსული კანონი“, რომელიც დამანგრეველია სამოქალაქო საზოგადოებისთვის, დამოუკიდებელი მედიისთვის და საერთოდ, ქვეყანაში თავისუფალი აზრისთვის. ეს ძალიან კარგად იციან ევროპაში, სწორედ ამიტომ, ორი კვირის წინ, ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოლაპარაკებების გახსნა შეჩერდება. ეს ნიშნავს იმას, რომ შეჩერდება ის, რაზეც ქართველი ხალხი ამდენი წლის მანძილზე ოცნებობდა. დღეს, როდესაც ასეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა გახსნილი მოლაპარაკებების დაწყებისა და შემდეგ უკვე წევრობისთვის, სამწუხაროდ, ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ თავად გააჩერა", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა