თუ ობიექტურად შევაფასებთ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობას, ის შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
რწმუნებულის შეფასებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც სამაგალითო ურთიერთობები.
მინდა იცოდეთ, რომ უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე, - განუცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა ახალმა რწმუნებულმა „ინტერპრესნიუსს“ და იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა აღმოფხვრაც კიევს მნიშვნელოვნად მიაჩნია.
არის თუ არა ჯერ ისევ ამ ფაქტორებს შორის მიხეილ სააკაშვილის საკითხი? რას ფიქრობენ უკრაინაში საქართველოს მთავრობის მოწოდებაზე ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის ქართული მხარისთვის გადაცემასთან დაკავშირებით? როგორ აფასებენ ოფიციალურ კიევში საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ კურსს, რომლის გადაწყვეტილებებშიც, რწმუნებულის მტკიცებით, ყველაზე თვალშისაცემი, რუსეთთან დიდი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი ფრენების აღდგენა აღმოჩნდა, ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ვრცლად ინტერვიუში.
- უპირველეს ყოვლისა, მინდა გკითხოთ უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვთავაზობთ მკითხველს ახალ ამბებს პროცესების განვითარების შესახებ, მაგრამ საინტერესოა თქვენი შეფასების მოსმენა, რა ვითარებაა ახლა უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ კურსკის მიმართულებით დაიძრა საბრძოლო მოქმედებები. მსურს გკითხოთ, გაქვთ თუ არა წინსვლა როგორც თავად უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე?
- მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ჰოლდინგს იმისთვის, რომ მომეცა საშუალება რამდენიმე სიტყვა ვთქვა უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ასევე გავესაუბრო თქვენი ჰოლდინგის საშუალებით თქვენს აუდიტორიას. ვფიქრობ, ჩვენმა საუბარმა შეიძლება გარკვეული შედეგი - დაინტერესება მოიტანოს თქვენი მსმენელების, მაყურებლებისა და მკითხველების მხრიდან.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მე მას რამდენიმე ნაწილად დავყოფდი. პირველი, რაც აზრად მომივიდა არის ის რომ, დღეს ომის ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმა არსებობს. ისინი აბსოლუტურად განსხვავდება ვირტუალური თამაშებისგან და პატარა კონფლიქტებისგან, სადაც პროქსი თუ პარამილიტარული ფორმირებებია ჩართული. დღეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.
თუ XXI საუკუნის დასაწყისს ავიღებთ, ომების ისეთ მდგრად სახეობებს, როგორიცაა კიბერ ომი, ატომური ომი, ცივი ომი, დაემატა ისეთი ცნება, როგორიცაა ჰიბრიდული ომი. თითქმის ყველა ეთანხმება განმარტებას, რომ ჰიბრიდული ომი მიმართულია არამხოლოდ მოწინააღმდეგის, ცოცხალი ძალის განადგურებისკენ, მისი ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ და ტერიტორიების დაპყრობისკენ, არამედ იმისკენ, რაც კიდევ უფრო ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, რომელიც აგრესიის ქვეშაა მოქცეული, ეს არის ქვეყნის, მისი ხალხის, პირველ რიგში, მისი ხელმძღვანელობის დისკრიმინაცია მსოფლიო საზოგადოების თვალში. შემდეგ მოდის ბზარის შეტანა პოლიტიკურ ელიტაში, ხალხის ეჭვის, უნდობლობის გაღვივება პოლიტიკურ ელიტასთან, ხელმძღვანელობასთან მიმართებაში და დისკრედიტაცია მთელს მსოფლიოში. ამას ზოგჯერ გაცილებით უფრო მეტი ეფექტი აქვს, განსაკუთრებით აგრესიის ტერიტორიაზე, თუ ომის დროს, ვიდრე თავად ფიზიკურ აგრესიას.
დღეს, თუ დავუბრუნდებით ომს, რუსეთმა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ გამოიყენა ფაქტობრივად ომის ყველა სახეობა, გარდა, ღმერთმა ქნას, რომ ასე მოხდეს, ბირთვული ომისა და ბიოლოგიური იარაღისა. თუმცა თუ გახსოვთ, 2022 წლის დასაწყისში რუსი პროპაგანდისტები კომიკურად ცდილობდნენ თავისი მომხმარებლებისთვის თავს მოეხვიათ იდეა იმის შესახებ, რომ უკრაინა იყენებს საბრძოლო კოღოებსა და საბრძოლო მტრედებს. ისინი ამგვარად ცდილობდნენ ზომბირებული საზოგადოებისთვის, აუდიტორიისთვის თავს მოეხვიათ აზრი რუსეთის მხრიდან ასევე ბიოლოგიური იარაღის გამოყენების მართლზომიერების შესახებ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რუსეთი არ ერიდება ასევე ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ.
როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, მათ არაფერი გამოუვიდათ. უკრაინელმა ხალხმა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა არა მხოლოდ სწრაფად გააქარწყლეს მითი რუსეთის სიძლიერეზე, რუსეთის ჯარის უძლეველობაზე, არამედ რუსეთის სატელიტების მითებიც „კიევის სამ დღეში“ აღების შესახებ.
უკრაინულმა ჯარმა, თუკი სწორედ 2022 წელს ავიღებთ, გაათავისუფლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 50%-ზე მეტი. ეს ძალიან დიდი ტერიტორიაა. მე არ დავასახელებ ოლქებს, სადაც შევიდნენ რუსული ჯარები. უკრაინამ რუსული ჯარები ხერსონიდან დნიპროს მარცხენა სანაპიროზე განდევნა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა, რაც გვაძლევს საშუალებას უზრუნველვყოთ უსაფრთხოების თვალსაზრისით არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ევროპის მთელი რეგიონი. უკრაინამ გაათავისუფლა ხარკივის ოლქი, ეს საკმაოდ მძლავრი ოპერაციები იყო, იმიტომ რომ, ისინი საშუალებას გვაძლევს რუსული იმპერიული ძალების მიერ ყოფილი პოსტსაბჭოური ქვეყნების ტერიტორიებზე თავდასხმის თავიდან აცილება მოხდეს და არამხოლოდ პოსტსაბჭოური, არამედ პოსტიმპერიული ქვეყნებისა, რომლებიც რუსული იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ.
მე ვახსენე ხარკივის ოლქი. ახლა რუსეთი აწარმოებს ეგრეთწოდებულ შეტევას ხარკივის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში. მაისში დაიწყეს. ორი პატარა მონაკვეთია, რამდენიმე კილომეტრია, რუსები უეცრად შევიდნენ ნაცრისფერი ზონაში, მაგრამ ტერიტორიების ეს პატარა მონაკვეთებიც კი ხარკივის ჩრდილოეთში, რამდენიმე კილომეტრი, ცოცხალი ძალის 20 000-ზე მეტ დანაკარგად დაუჯდათ. ზოგადად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგი, დღეის მონაცემებით, თითქმის 600 ათასს შეადგენს. ეს შეუქცევადი დანაკარგებია, მოკლულებზეა საუბარი.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკულად ყველა დაზვერვა რუსების დანაკარგთან დაკავშირებით ასახელებს შემდეგ რიცხვს - ნახევარ მილიონზე მეტი. გაამრავლეთ ეს რიცხვი კლასიკურ სამზე და გეცოდინებათ რუსეთის როგორც შეუქცევადი, ისე სანიტარული დანაკარგების მინიმალური რაოდენობა. ეს კოლოსალური რიცხვია.
უკრაინულმა ჯარმა გააქარწყლა მითი შავი ზღვის ფლოტის უძლეველობის შესახებ. დღეს რუსული ფლოტი იძულებულია თავისი ხომალდები გადაიყვანოს ნოვოროსიისკში და, სამწუხაროდ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, თავის ბაზაზე ოჩამჩირეში საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინამ სამუდამოდ დაასამარა რუსული წყალქვეშა ნავი „როსტოვ-ნა-დონუ“, რომელიც ჩაიძირა კრეისერი „მოსკვას“ და რუსეთის ფედერაციის კიდევ 28 ხომალდის კვალდაკვალ. ეს არ იყო უბრალოდ წყალქვეშა ნავი, ეს იყო წყალქვეშა ნავი, რომელიც იყო ფრთოსანი რაკეტების „კალიბრის“ მატარებელი. უკრაინამ ამგვარად დაიცვა უკრაინის სამხრეთი, უპირველეს ყოვლისა ოდესა, რუსეთის მხრიდან შესაბამისი სარაკეტო დარტყმებისგან.
ეს ყველაფერი მოხდა თან იმ პირობებში, რომ რუსეთისა და უკრაინის პოტენციალი შეუფარდებელია. რუსეთის მხოლოდ სამობილიზაციო პოტენციალი სამჯერ აღემატება უკრაინის შესაძლებლობებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთმა ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინიდან, ყოფილი ვარშავის ბლოკიდან საბჭოური იარაღის ძალიან დიდი რაოდენობის აკუმულირება მოახდინა. უკრაინელების ძალისხმევით ამ იარაღის დიდი ნაწილი ახლა ჯართშია. ასე რომ, შეიძლება მომავალში მშვიდობიანი მიზნებით იქნას გამოყენებული. მე დავასახელე ცოცხალი ძალის დანაკარგები. თუკი ტანკების თვალსაზრისით დანაკარგებს განვიხილავთ, რუსეთმა უკვე დაახლოებით 8 500 ტანკი დაკარგა. ომამდე ექსპერტები ამბობდნენ, რომ რუსეთს 12 000 ტანკი ჰყავდა, ანუ რუსეთმა შეიარაღების სამი მეოთხედი დაკარგა. მან არა მხოლოდ თანამადროვე ტექნიკა და შეიარაღება დაკარგა, არამედ ძველი და მოძველებულიც კი. თუ ასეთი ტემპით გააგრძელებს, შეიძლება მოწმეები გავხდეთ, რომ იგი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T2-ს ტიპის ტანკებით იომებს.
ამიტომ, რა თქმა უნდა, იმის შესახებ საუბარი, აქვს თუ არა უკრაინას შესაძლებლობა გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები, ჩემი მხრიდან არც ისე კორექტული იქნებოდა. ალბათ, უფრო კორექტული იქნება დაისვას კითხვა - რა პირობებში შეძლებს უკრაინა დააჩქაროს თავისი ტერიტორიების რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლება.
მე აქ ამ სიტყვებით გაგცემდით პასუხს: მთელი დასავლური, დემოკრატიული სამყაროს ერთიანობისა პირობებში, იმის გააზრების პირობებში, რომ მხოლოდ ერთიანობა და ერთობა არის უკრაინაში წარმატებული ოპერაციებისა და უკრაინის გამარჯვების საწინდარი. იმ პირობებში, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ყველანაირი ცრუ წარმოდგენა, გაფრთხილება, შიში განზე გადაიდება იმის თაობაზე, რომ უკრაინის გამარჯვებამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის უკონტროლო დაშლა, რომ გაჩნდება ახალი უკონტროლო სახელმწიფოები, ახალი სტრატეგიული კონკურენტები, რომ ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგები ექნება რეგიონალურ და მსოფლიო უსაფრთხოებაზე და, რა თქმა უნდა, დროული და თანამედროვე შეიარაღებისა და იარაღის მიწოდების პირობებში უკრაინული ჯარისთვის, უკრაინის თავდაცვითი ძალებისთვის, მათი შესაძლებლობებისა და იმ სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, რომელსაც ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა და, რა თქმა უნდა, როგორც რეგიონალური, ისე მსოფლიო უსაფრთხოების გარანტიების ქმედითი მექანიზმის პირობებში, რომელიც შემდგომში შეუძლებელს გახდის არაპროვოცირებულ ასეთ ომებს და ომის წარმოების არაადამიანურ ფორმებსა და მეთოდებს. ასე ვუპასუხებდი თქვენს შეკითხვას.
- თქვენ ისაუბრეთ რუსულ ტექნიკაზე და ამ მიმართულებით კრემლის დანაკარგებზე, ახლა მინდა გკითხოთ თავად უკრაინის ხელთ არსებულ ტექნიკაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ უკვე მიიღო რამდენიმე F-16 ტიპის გამანადგურებელი, მაგრამ აქტიურად კეთდება შეფასებები სამხედრო ამუნიციით დახმარების შეფერხებასთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ მეტი მოგვიყვეთ ამ მიმართულებით. თქვენი დაკვირვებით, დასავლეთი უფრო გაბედული გახდა უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის მიწოდების საკითხებში და საერთოდ, არის თუ არა საკმარისი უკრაინისთვის დახმარების ეს ტემპი სასურველი შედეგის მისაღწევად?
- რა თქმა უნდა, ყოველი ომი არის ტესტი არა მხოლოდ ცალკე აღებული ქვეყნისთვის, არამედ მთელი ბლოკისთვის, ეს არის მზადყოფნის ტესტი თავის დაცვის თვალსაზრისით. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამონაკლისი არ გახდა. მან ბევრი სუსტი ადგილი, მოწყვლადობა დაგვანახა ჩვენს პარტნიორებს შორის - ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. პირველ რიგში, ეს არის შეიარაღების არასათანადო დროში მიწოდება. თუ თქვენ ასეთ კითხვებს სვავთ, მაშინ ეს ფაქტი, ალბათ, არსებობს.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი სარაკეტო დარტყმებით ანადგურებს მშვიდობიან ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ანადგურებს ან საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ, ბირთვულ, სასურსათო უსაფრთხოებას, თანაც ისე, რომ ეს გავლენას ახდენს მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე, უკრაინას დღემდე აქვს საჰაერო თავდაცვის საშუალებების საკმარისი რაოდენობა. დღემდე, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ფიქრობს, ღირს თუ არა, რომ მიეხმარონ უკრაინას რუსული რაკეტებისა თუ რუსულ-ირანული დრონების ჩამოგდებაში უკრაინის დასავლეთ ნაწილში, უკრაინის ეგრეთწოდებული მშვიდობიანი ტერიტორიების თავზე და ეს მაშინ, როცა ამ რაკეტებისა თუ დრონების ნამსხვრევები ცვივა, გვაქვს უკვე ბევრი ასეთი ფაქტი, რუმინეთის, პოლონეთის ტერიტორიაზე, აღარაფერს ვამბობ მოლდოვას ტერიტორიაზე.
მე წინა შეკითხვაზე პასუხში აღვნიშნე, რომ ბევრის ცნობიერებაში ჯერ კიდევ „ზის“ რუსეთის წინაშე შიში, ბირთვული ომის გაჩაღების შიში. ანუ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ქვეყნები ირჩევენ ნელი სიკვდილის გზას იმ იმედით, რომ შეიძლება იოლად გავიდნენ, ნაცვლად ადრეული ქირურგიული ჩარევისა, რაც სიცოცხლის შანსს იძლევა. მაგრამ სკალპელის შიში ბევრს გონებას უბნელებს და კრიტიკულად აზროვნების უნარს ართმევს.
ჩემი აზრით, მართებულია ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან მაგალითის აღება, რომლებსაც ესმით უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობა მათივე უსაფრთხოებისთვის. ძალიან მარტივი წესია - თუ გსურთ დაიცვათ თქვენი ქვეყნები რუსეთის აგრესიისგან, შემოჭრისგან, მაქსიმალურად დაეხმარეთ უკრაინას ყველაფრით, რაც აუცილებელია რუსეთზე გამარჯვებისთვის. დამარცხებული რუსეთი ვერ შეძლებს რაიმე სხვა მოქმედება აწარმოოს, მითუმეტეს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ამჟამად შეიძლება თქვენ იცით, ამაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინაში 14 ბრიგადა არ არის ბოლომდე დაკომპლექტებული. შეგიძლიათ მითხრათ, როგორი იქნებოდა საომარი მოქმედებების ხაზი, თუ ეს ბრიგადები მიიღებდნენ აღჭურვილობას, რომლის შესახებაც უკვე დიდი ხნის წინ განაცხადეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა?
როგორც ჩანს, ამის გაცნობიერებას უკვე იწყებენ ჩვენი პარტნიორები დასავლეთში და უკვე იწყება ძალიან ფრთხილი დისკუსიები „საჰაერო თავდაცვის კოალიციის“ შექმნასთან დაკავშირებით.
ეს არის თქვენს შეკითხვაზე პასუხის პირველი ნაწილი.
მეორე. რა თქმა უნდა, უკრაინა უაღრესად მადლობელია და აფასებს იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები გვაწვდიან. „პეტრიოტის“ ნებისმიერი სისტემა, თუ ATACAMS-ის ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, თუ „აბრამსის“ ტანკები თუ F-16 ტიპის თვითმფრინავები, რომელთა პირველი პარტია უკვე გადაეცა უკრაინას, - ეს ათასობით სიცოცხლის გადარჩენაა, ეს არის დაცული სახლები, ქალაქები და სოფლები და ეს გამარჯვებისკენ გადადგმული კოლოსალური ნაბიჯია. ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ და დახმარების შემდგომ მიწოდებას ველით, მაგრამ ნებისმიერ ახალ ტექნიკას, სჭირდება არა მხოლოდ გამოყენება, არამედ ასევე სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ მისი სწორი და ხარისხიანად გამოყენება, სპეციალისტები, რომლებსაც მისი მომსახურება და მტრისაგან დაცვა შეუძლიათ. ეს ასევე მოითხოვს ძალიან დიდ დროსა და ადამიანურ რესურსს, როგორც ფინანსური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
თქვენ ახსენეთ F-16-ის ტიპის თვითმფრინავები. უკრაინამ მიიღო პირველი პარტია, გარკვეული მონაცემებით, ათი თვითმფრინავი, მაგრამ დღეისთვის, როგორც პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ აღნიშნა, მინიმუმ 120 ასეთი საბრძოლო მანქანა სჭირდება უკრაინას.
თავის დროზე, მე ხარკივის საფრენოსნო სასწავლებელში დავიწყე ჩემი ცხოვრების გზა და ვიცი მფრინავის მომზადება რამდენად ძვირი ჯდება, ფინანსურად და მატერიალურად, ასევე დროის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საბრძოლო მანქანის, გამანადგურებლის პილოტის მომზადება. მითუმეტეს, რომ F-16 აბსოლუტურად სხვა, ახალი ტიპის მანქანაა. ეს არ არის საბჭოთა ტიპის მანქანა და პილოტის სწრაფად მომზადება უაღრესად რთულია. როგორც გამოცდილი მფრინავები ამბობენ, ამ შემთხვევაში პილოტის სწავლება „ნულიდან“ უფრო ადვილია, ვიდრე იმ პილოტის თავიდან სწავლება, რომელსაც საბჭოთა მანქანებით ფრენის გარკვეული გამოცდილება აქვს, ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა დგება კიდევ ერთი საკითხი - ეს არის ეგრეთწოდებული საფრენოსნო კოალიციის შექმნის საკითხი. არ არის საიდუმლო, რომ მსოფლიოში ბევრი ყოფილი სამხედრო პილოტია, რომლებსაც ძალიან დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ, დიდი გამოცდილება აქვთ F-16 ფრენების განხორციელების და მზად არიან გამოიყენონ თავიანთი უნარები უკრაინაშიც.
და მესამე პრობლემა - ეს არის, ალბათ, ჩვეულებრივი ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას დროულად მოხდეს უკრაინის ტექნიკით უზრუნველყოფა. ეს განსაკუთრებით ეხება მშვიდობიანი დასავლეთის ქვეყნებს, იმიტომ, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილება „დიახ“-სა და პრაქტიკულ „არის“ შორის დევს ბიუროკრატიული შეთანხმებების რგოლების მთელი ჯაჭვი, რომელიც დროში წელავს ამ მიწოდებებს. ეს ყველაფერი კი აისახება მოვლენების განვითარებაზე შეტაკების ხაზზე უკრაინისა და რუსული ჯარებს შორის ფრონტზე.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ თუ დასავლეთის და მათ შორის, ბალტიის ქვეყნებს სურთ, დაიცვან საკუთარი მოსახლეობა, უკრაინას უნდა დაეხმარონ. ამ კონტექსტში არ შემიძლია არ გავიხსენო დიმიტრი მედვედევის განცხადება, რომლის თქმითაც, „ყველაფერს გააკეთებენ, რომ უახლესი რუსული ტანკები რაიხსტაგამდე მივიდნენ“. ეს ხაზს უსვამს, რუსეთის სურვილს, რომ უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, იქ არ დაასრულოს სამხედრო აგრესია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან ორწელიწადნახევარი გავიდა და შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ უკრაინამ ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა, მშვიდობიანი მოქალაქეები ჯერ კიდევ ყოველდღიურად იხოცებიან - შეიძლება თუ არა უახლოეს მომავალში უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივა გაჟღერდეს და რა პირობებზე შეიძლება იყოს ის დაფუძნებული?
- სწორად აღნიშნეთ, რომ მთელი დასავლური სამყაროს ერთიანობაზე დამოკიდებულია ბევრი ქვეყნის ბედი, არამხოლოდ უკრაინის და სწორედ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული ბევრი ქვეყნის ბედი, მათ შორის საქართველოსი. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ უკრაინაც დიდ დანაკარგებს განიცდის. ეს არის მილიონობით ლტოლვილი, ქვეყნის შიგნით მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირი, ძალიან დიდი ზარალი მიადგა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ეს ყველაფერი მოქმედებს ასევე ხალხის ცხოვრებაზე და მაინც, უკრაინელი ხალხი გაერთიანებულია, ეს სიმართლეა, ეს არ არის ზოგადი სიტყვები. კრიტიკულ მომენტებში ხალხი ავლენს თავის ძალას და თავისი სახელმწიფოს, უკრაინის მიმართ თავდადებას. მხოლოდ უკრაინას არ აქვს დანაკარგები. კოლოსალური დანაკარგები აქვს რუსეთს.
ახლა ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინაში პოკროვსკის მიმართულებით, რუსებმა ორწელიწადნახევრის განმავლობაში თავისი პროგრამის მინიმუმის შესრულებაც კი ვერაფრით ვერ შეძლეს, ვერ გადიან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებზე. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ მიმართულებით რუსეთის დანაკარგი - 70 ათასზე მეტი მოკლულია. ფაქტობივად რუსეთის დანაკარგი ყოველდღე ათასზე მეტია მისი მოსახლეობის ყველაზე აქტიური, ახალგაზრდა ნაწილიდან. ამიტომ მშვიდობის საკითხი, ალბათ, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მეორე მხარესაც ეხება, რომელიც ამ ომშია.
თქვენს მიერ კითხვის ასეთი ფორმით დასმა, ჩემი აზრით, უფრო „ჰიბრიდული“ ომის ჩარჩოებში ჯდება და უფრო ხელსაყრელია რუსი პროპაგანდისტებისთვის, რომლებიც ვითომ და აიძულებენ უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვას, ან აჩვენოს თავის მოსახლეობას, რომ უკრაინას არ უნდა სამშვიდობო მოლაპარაკებები. მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ყველა სამშვიდობო ინიციატივა, 10 პუნქტი ჩადებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულაში ჯერ კიდევ გასულ წელს. ამა წლის 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართა უკრაინაში მშვიდობის მხარდაჭერის პირველი გლობალური სამიტი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნათლად განაცხადა ამ სამიტზე, რომ მშვიდობა უკრაინაში უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ „გაეროს წესდებას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, უკრაინელი ხალხის სამართლიან პრეფერენციებს, ადამიანის სიცოცხლის უპირატესობას, სიცოცხლის ღირებულებას - სიცოცხლის და არა ომის“.
მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, საჭიროა რუსეთი იყოს მზად მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, ბოდიშს გიხდით კალამბურისთვის. ამჟამად რუსეთი არ არის მზად ასეთი მოლაპარაკებებისთვის, ნებისმიერი განცხადებები, მათ შორის მათი ეგრეთწოდებული ლიდერის პუტინის განცხადებები იმით შემოიფარგლება, რომ უკრაინამ უნდა მისცეს მათ ჩვენი უკრაინული ტერიტორიები, თანაც არა მხოლოდ ის ტერიტორიები, რომლებიც დღეს დროებით ოკუპირებულია, არამედ კიდევ ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მთელი რიგი სხვა ტერიტორიები. მშვიდობა რუსეთისთვის ეს არის უკრაინის კაპიტულაცია - რა თქმა უნდა, ასეთი რამ არასდროს მოხდება და ვერ მოხდება.
მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის დასმის საკითხი კი არ დგას, არამედ იმის, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიხიმ აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკებები ეფექტური იყოს, რომ რუსეთმა ისინი კეთილსინდისიერად წარმართოს და რომ ეს მოლაპარაკებები შედეგიანი იყოს.
დღეისთვის რუსეთი, როგორც ვხედავთ, ყველანაირად ახდენს დემონსტრირებას, რომ მზადაა იბრძოლოს უკანასკნელ რუს ჯარისკაცამდე, რუსეთის ხაზინაში არსებულ ჩრდილოეთ კორეულ უკანასკნელ ვონამდე კრემლის გიჟი ლიდერისა და მისი გარემოცვის გაუკუღმართებული, გიჟური იდეებისთვის, ისინი არ ზოგავენ თავისი მოქალაქეების, თავისი - რუსი ხალხისა და სხვა ხალხების სიცოცხლეს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ.
სხვა რამ არც არის მოსალოდნელი. იმიტომ რომ, რუსეთი როგორც ჩამოყალიბდა და არსებობს როგორც ეგრეთწოდებული ტრადიციონალისტური ტიპის სახელმწიფო, რომლის არსებობაც შესაძლებელია მხოლოდ მუდმივი ომებისა და კონფლიქტების პირობებში და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ასეთი სახელმწიფო ამ ფორმით იარსებებს. ეს არის ის, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის.
სხვათა შორის, ახლა უკრაინა ინტენსიურად ემზადება მშვიდობის მეორე სამიტისთვის. უკვე წყდება, სად ჩატარდება სამიტი. ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ ამის შესახებ და მონაწილეთა რაოდენობის შესახებ. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მონაწილეობა პირველ გლობალურ სამიტში და საქართველო შემოუერთდა ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტის მიხედვით შედგა. იმედი გვაქვს, რომ მეორე სამიტიც მოიტანს პოზიტიურ შედეგებს.
რაც შეეხება რუსეთს და მის მისწრაფებას იომოს, საბჭოთა კავშირის არსებობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ვერანაირი მრავალრიცხოვანი კონფლიქტი, ვერანაირი მილიონიანი ჯარი ვერ გადაარჩენს მილიტარულ ქვეყანას, ტოტალიტარულ ქვეყანას, იმპერიას დაშლისგან. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაც რუსეთმა მოიპარა არასამართლებრივად. ასე რომ, გავიხსენოთ როგორ ამოისუნთქა შვებით ევროპამ, მსოფლიომ, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის არსებობა შეწყდა - ჩრდილოეთ ირლანდიით დაწყებული, აფრიკის ქვეყნებით დამთავრებული და იმ დროს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმაც კი. ასე ვუპასუხებ თქვენს შეკითხვას.
- დამეთანხმებით, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული საერთაშორისო პოლიტიკურ ფაქტორებზე - ჩვენ თვალყური ვადევნეთ არჩევნებს ევროპულ სტრუქტურებში, ახლა ამერიკის არჩევნებია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თქვენი აზრით, თუ ექნება გადამწყვეტი გავლენა უკრაინის ომზე, ვინ დაიკავებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს მომავალში?
- შევახსენებ თქვენს მკითხველებსა და მაყურებელს, რომ რუსეთის ომი, აგრესია უკრაინაში დაიწყო არა 2022 წელს, არამედ 10 წლის წინ 2014 წლის დასაწყისში. ამ დროიდან ჩვენ გვაქვს სტაბილური და ურყევი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატების მხრიდან. ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ორი დემოკრატი პრეზიდენტის და ერთი რესპუბლიკელი პრეზიდენტის მხარდაჭერა - ეს პრეზიდენტი იყო დონალდ ტრამპი. ვიმედოვნებთ და აშშ-ში საპრეზიდენტო რბოლა მეტყველებს იმაზე, რომ აშშ-ს პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში უცვლელი დარჩება, ყოველ შემთხვევაში არსობრივი კორექციები არ იქნება შეტანილი. ეს, თავის მხრივ, ობიექტურად გვაჩვენებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე გადამწყვეტი გავლენა ექნება მსოფლიო საზოგადოების ერთობას - როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს ფარგლებში, გაეროს მხარდაჭერით, ასევე, რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, კაცობრიობის პროგრესული ნაწილის მხარდაჭერით, რომელიც მიმართულია და მზადაა დემოკრატიული პრინციპების დასაცავად.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეულია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგალითად, ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნების მხარდაჭერა. ჩვენ ველით ისეთი დიდი სახელმწიფოების პოზიციის რეალურ ცვლილებას, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დააჩქარებს ომის დამთავრებას და შესაძლებლობას მისცემს დემოკრატიულ სამყაროს, მათ შორის უკრაინას, დაუბრუნდეს სამყაროში არსებობის ცივილიზებულ პირობებს.
რუსეთმა, რა თქმა უნდა, დაიწყო ეს ომი, არაპროვოცირებული ომი. იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა, მან უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სამართლიანი სასჯელი მიიღოს ყველაფრის გამო, რაც ჩაიდინა უკრაინაში ბოლო ათი წლის განმავლობაში.
- თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე. როგორ აფასებთ კიევსა და თბილისს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობებს?
- 24 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის 33 წლისთავს. საქართველომ 26 მაისს აღნიშნა თავისი დიდი ეროვნული დღესასწაული. როგორც ისტორიკოსმა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს უძველესი ისტორია აქვს. ისინი ყოველთვის პარტნიორულ ხასიათს ატარებდნენ. შეგვიძლია გასული საუკუნის დასაწყისი გავიხსენოთ, როდესაც უკრაინა და საქართველო ახალგაზრდა სახელმწიფოები, უკრაინული სახელმწიფო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, აქტიურად ეძებდნენ თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, რომელიც იმ დროს იქმნებოდა პირველი მსოფლიო ომის შედეგების შესაბამისად და ცდილობდნენ დახმარებოდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს ამ პროცესში. გავიხსენოთ 1918 წელი, როცა უკრაინის სახელმწიფომ ტიფლისსა და ბათუმში გახსნა თავისი საკონსულოები, როცა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გახსნა თავისი წარმომადგენლობა კიივში, და თავისი საკონსულოები უკრაინის ყველაზე დიდ ქალაქებში - ოდესასა და ხარკივში. გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, აფხაზეთში, უკრაინა მაშინ გულგრილი არ დარჩენილა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს სახელმწიფოს. უკრაინა არ იდგა განზე არც 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთი ისევ შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე ანუ ჩვენს შორის ყოველთვის იყო მეგობრული, თბილი ურთიერთობა. აღარაფერს ვამბობ საბჭოთა პერიოდზე, ორ მსოფლიო ომზე, რომელიც გაჩაღდა იმპერიული, ტოტალიტარული რეჟიმების მიერ, უკრაინელებიც და ქართველებიც ყოველთვის მზად იყვნენ გვერდში დასდგომოდნენ და დახმარებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, თუ ობიექტურად შევაფასებთ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობას, ეს ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი. უკრაინასთან დაკავშირებით გარკვეული ნეგატიური, თუ გაუგებარი განცხადებების მიუხედავადაც კი, რომლებიც დროდადრო ჟღერს ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის, თუ ასე ვთქვათ, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, ჩვენ მაღალი დონის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე. პირველ რიგში, ეს ეხება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას.
საქართველოს ხელმძღვანელობა ეხმაურება ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც უკრაინის მიერ ან უკრაინის მონაწილეობით ხორციელდება. მე უკვე გავიხსენე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში; საქართველო მონაწილეობას იღებს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მუშაობაში. წელს, სხვათა შორის, ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი გაიმართება 11 სექტემბერს კიივში. უკრაინამ საელჩოს საშუალებით გადასცა მოწვევა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიიღოს მასში მონაწილეობა.
ასევე პარლამენტის დონეზე ტარდება ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ღონისძიებები, ტრადიციულად ოქტომბერში. გასულ წელს ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი არჩილ თალაკვაძე, იგი საქართველო-უკრაინის პარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია. ღონისძიების ორგანიზატორების - უკრაინისა და ლატვიის სახელით - წელს ოქტომბერში რიგაში გაიმართება, პარლამენტის ხელმძღვანელობამ ასევე მიიღო ეს მოწვევა. გვაქვს მოლოდინი, რომ წელს სამიტში მოადგილეები მაინც მიიღებენ მონაწილეობას.
ომმაც შეიტანა თავისი კორექტივები. მიუხედავად იმისა, გააუარესა ლოგისტიკა, უკრაინა და საქართველო ახერხებენ სავაჭრო ბრუნვის საკმაოდ ღირსეული მაჩვენებლების შენარჩუნებას.
საქართველო სატრანზიტო ქვეყანა იყო 400 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილისთვის, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს, დაახლოებით, ჩვენი 25 ათასი მოქალაქე იმყოფება საქართველოში. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ პრეფერენციებისთვის, რომლებსაც ისინი აძლევენ უკრაინის მოქალაქეებს, სპეციალური სავიზო რეჟიმის დაწესებისთვის, მათთვის ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევისთვის, შესაძლოა, არც ისე დიდია, მაგრამ ის არის, საქართველოს საჯარო სკოლებში ოთხი უკრაინული სექტორის გახსნისთვის, ანუ საქართველოში უკრაინელ ბავშვებს აქვთ რეალური შესაძლებლობა ისწავლონ უკრაინულ სკოლაში, უკრაინული სტანდარტების მიხედვით და უკრაინული პროგრამის მიხედვით და, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ კეთილგანწყობისთვის და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობისთვის.
მე უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ უკრაინამ შეძლო რუსული ფლოტი შეევიწროებინა, განედევნა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახალხოდ შეერცხვინა და იძულებული გაეხადა გაქცეულიყო. შავი ზღვის აკვატორიის დასავლეთი ნაწილის განაღმვა საშუალებას იძლევა გემების მიმოსვლა აღდგეს უკრაინის ჩორნომორსკსა და საქართველოს ფოთსა და ბათუმს შორის. ესეც, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საქონლის ბრუნვას ვაჭრობისა და კომუნიკაციის განხრით ორ ქვეყანას შორის.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომია, ომმა საქართველოს მოქალაქეები ვერ დააშორა ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დიდი მოთხოვნაა უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე. ბიზნეს წრეები, ბიზნესმენები მუდმივად ახორციელებენ ვიზიტებს უკრაინიდან საქართველოში და საქართველოდან უკრაინაში, ასევე არის გარკვეული ინტერესი ქართველი ინვესტორების მხრიდან უკრაინის ეკონომიკაში ჩართვის კუთხით, ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის პროგრამის ფარგლებში და, რა თქმა უნდა, უზომოდ მადლიერები ვართ, ქართველების ფასდაუდებელი წვლილისთვის, საქართველოს მოქალაქეების, ეთნიკურად ქართველების - უკრაინის მოქალაქეების თავგანწირული მონაწილეობისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში. ეს ის ფაქტორია, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ისტორიაში. როგორც იცით, დღეს ბევრი ქართველი, ეთნიკურად ქართველი, რომელიც უკრაინის მოქალაქეები არიან, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში არიან და იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დამოუკიდებლობისთვის, არამედ ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აღდგენისთვის.
- ამის მიუხედავად, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ უკრაინას არ ჰყავს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გასულ წელს კი პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებს ელის უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან ამ სიტუაციის შეცვლასა და დიპლომატების დასაბრუნებლად?
- ვეცდები თქვენს კითხვას ფაქტებით ვუპასუხო. დასკვნები კი სცადეთ თავად გააკეთოთ, ან ექსპერტებმა სცადონ. ეს ექსპერტების საქმეა. თუკი ახლო წარსულის საკვანძო ფაქტებზე ვსაუბრობთ, 2022 წლის ოქტომბერში, როგორც ცნობილია, უკრაინამ საქართველოს მთავრობისგან მიიღო აგრემანი (თანხმობა) საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის თაობაზე.
როცა უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. უცნაურია და ასეთი რიტორიკა დაემთხვა "პერფორმანსს", რომელიც ანტიუკრაინულმა, პრორუსულმა და იმედი მაქვს, რომ ისინი ანტიქართულიცაა, ძალებმა გამართეს აქ საელჩოს შენობასთან შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს ზოგმა სხვა პოლიტიკოსებმა, ქართველმა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა.
ამასთანავე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინისთვის, საქართველო, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო, არის და დარჩება ძმურ ხალხად და ქვეყნად, რომელთანაც უკრაინა ავითარებდა და განავითარებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობებს თანაბარუფლებიანობის, პარტნიორობის საფუძველზე. სხვანაირად ვერ იქნება.
ამიტომაც ჩვენ, როგორც დიპლომატებს, გვაქვს მოწოდება ამ სიტუაციაში როგორმე დავეხმაროთ ჩვენს უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვაწარმოოთ ნორმალური დიალოგი. ჩვენს დონეზე, დიპლომატიის დონეზე, ბოლო დროის განმავლობაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩვენს კოლეგებთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე მქონდა ორი შეხვედრა. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სხვა ევროპული ქვეყნების დიპლომატებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ის ეძღვნებოდა მთავრობის მოხსენებას მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროკავშირში მიმავალ გზაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ჩემს კოლეგას საქართველოს საელჩოდან უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს ასევე ცოტა ხნის წინ მიეცა საშუალება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოლეგებთან ჰქონოდა შეხვედრა, სადაც საქართველოსთვის აქტუალური საკითხების წამოჭრისა და მათზე პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ყველა აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა ორი სამინისტროს ტერიტორიული პროფილური და ფუნქციონალური დეპარტამენტების ხელმძღვანელების, მნიშვნელოვანი, საკვანძო დეპარტამენტების დონეზე.
გვაქვს მოლოდინი, რომ მალე აღდგება ნორმალური, სრულფასოვანი დიალოგი მინისტრების მოადგილეების დონეზე და ეს ყველაფერი გახდება ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესებისა და აღდგენის საწინდარი იმ დონეზე, როგორზეც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო.
მინდა იცოდეთ, რომ უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე. ამისთვის საჭიროა გარკვეული უარყოფითი ფაქტორებისა და ტენდენციების თავიდან აცილება, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ბურთი, როგორც ამბობენ, ამჟამად მოედნის ქართულ ნახევარშია.
- რამდენად რჩება ამ ფაქტორებს შორის მიხეილ სააკაშვილის საკითხი - დავით არახამიამ მიმდინარე წლის 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლება და მისი უკრაინაში დაბრუნება სიტუაციის ნორმალიზაციის პირობებად დაასახელა. ჯერ კიდევ აქტუალურია ეს საკითხი?
- თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისას მე კვლავ მოვახდენ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას, ხოლო დასკვნები, სურვილისამებრ, თავად გამოიტანეთ. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ცივილიზებული ქვეყნისთვის, მათ შორის უკრაინისთვის, არც საქართველოა გამონაკლისი, ყოველი სახელმწიფოსთვის მისი მოქალაქეების დაცვა ერთ-ერთი საკვანძო და მთავარი ამოცანაა, და ამ ქვეყნის დიპლომატებისთვის. სააკაშვილის საკითხი არ არის გამონაკლისი.
უკრაინა განიხილავს ამ საკითხს მხოლოდ საკონსულო კუთხით, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის კუთხით, როგორც უკრაინის მოქალაქის. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სტატუსს აქვს გავლენა ამ პროცესის განვითარებაზე.
სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხის გადაჭრის თემას არაერთხელ მიეძღვნა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი, ქართული მხარისადმი. ამას ჰქონდა თავისი საფუძველი. სააკაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტი სთავაზობდა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გადაყვანას. ეს თხოვნა, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება.
შემდეგი. სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე უკრაინას არცერთი პასუხი არ მიუღია. ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილიდან უკრაინა ელის პასუხს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი მოთხოვნაზე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტების მიწოდების თხოვნით, მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ 1983 წლის კონვენციის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. პასუხი არ გვაქვს.
2022 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა დამცველი დმიტრო ლუბინეცმა მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილთან წვდომის, მისი მონახულების საშუალების მიცემის თხოვნით. პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია უკრაინას, რაც უკრაინის ომბუდსმენის მიერ უკრაინის მოქალაქის წინაშე კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებას შეუძლებელს ხდის.
გარდა ამისა, უკვე 2021 წლის ნოემბრიდან უკრაინამ გადასცა ქართულ მხარეს განახლებული შეთანხმების პროექტი რეადმისიის შესახებ, რომელიც, ამჟამინდელი რეალიებიდან გამომდინარე, ეხება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ასევე საქართველოს მოქალაქეებსაც. სამწუხაროდ, ეს პროექტი დღემდე განიხილება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ და უკრაინულ მხარეს არ მიუღია რაიმე გარკვეული, გასაგები პასუხი.
და ბოლოს, აღვნიშნავ, რომ „ბატონი სააკაშვილის ფაქტორი“ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მათ შორის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
- ასევე შეგეკითხებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ უკრაინასთან ურთიერთობების დასარეგულირებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს ბოროტმოქმედები, რომლებიც ამჟამად მაღალ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში იკავებენ. ამ კონტექსტში საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის სახელებია ნახსენები. რას ეტყოდით საქართველოს მთავრობას და განიხილება თუ არა ასეთი შესაძლებლობა?
- სისხლის სამართლის დანაშაულისა და სასჯელის საკითხები მჭიდროდ არის დაკავშირებული სასამართლო და სისხლის სამართლის საპროცესო პროცედურების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან. როგორც გავიგე ქართულად დასმულ შეკითხვაში, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ საქართველოს მთავრობის განცხადებების შესახებ. მართლაც ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ჟღერს გაუგებარი განცხადებები, ბოდიშს ვიხდი ნატურალიზმისთვის, მაგალითად „დიდ შეთქმულებასთან“, „გლობალურ პარტიებთან“ და „მასონთა სამეფოსთან“ დაკავშირებით, ანუ გაუგებარი განცხადებებია, რომლებიც უფრო პოლიტიკური ხასიათისაა და ობიექტურად ვერ იქნება ამა თუ იმ პირთა პასუხისგებაში მიცემისა და ერთი ქვეყნიდან მეორეში შესაძლო ექსტრადიციის საკითხის განხილვის საფუძველი.
ეს არა მხოლოდ უკრაინას ეხება. მსგავსი განცხადებები ევროპის მთელი რიგი ქვეყნების მიმართაც ჟღერს, ისინი ერთი და იგივე პირებს ეხება, რომლებიც უკრაინასთან მიმართებაშიც ჟღერს ანუ რომ განვიხილოთ ესა თუ ის საკითხი, უნდა იყოს ნათლად გამოკვეთილი სამართლებრივი საფუძვლები.
- მინდა ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით გავამახვილო თქვენი ყურადღება - ევროკავშირმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოფიციალური თბილისის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვთ და აცხადებს, რომ კრიტერიუმების უმრავლესობთ, საქართველო უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. როგორ უყურებენ ამ პროცესს უკრაინაში? როგორ ფიქრობთ, მართლა უსამართლობის მსხვერპლი გახდა საქართველო?
- თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ათი წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის სამმა ქვეყანამ - უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებს, ხოლო 7 წლის შემდეგ, 2021 წლის მაისში ამ სამმა ქვეყანამ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს ევროკავშირის გზაზე ურთიერთქმედების შესახებ - ეგრეთწოდებული „ასოცირებული ტრიოს“ შესახებ. ფაქტია, რომ ფართომასშტაბიანმა ომმა, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, დააჩქარა ინტეგრაციული პროცესები და ბიძგი მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას დაჩქარებულიყო ჩვენი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განხილვა, მოლაპარაკებების დაწყება.
ჩვენ მართლა ვწუხვართ, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შეჩერების შესახებ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც რომელიმე სხვა ქვეყანა არ ადგენს იმ ორგანიზაციის თუ ელიტარული კლუბის წესებს, რომელშიც მას უნდა შესვლა. დღეს ევროკავშირში 27 ქვეყანაა და თითოეულმა მათგანმა რთული გზა გაიარა კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც ეს საპატიო ორგანიზაცია - ევროკავშირი მოითხოვს.
რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა, ომის მიუხედავად ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს, რათა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები. მთელმა უკრაინელმა საზოგადოებამ მიზნად დაისახა იყოს ევროკავშირის წევრი. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, ამიტომ, ჩემი აზრით, არც ისე სამართლიანი თუ სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ვინმეს რაიმე პრეფერენციებს აძლევენ, ვიღაცას კი არა. თუ ასრულებ წესებს, კლუბის წევრი ხდები, თუ ამ წესების შესრულებას აჭიანურებ, მაშინ ელოდებიან იმ დროს, როცა ეს წესები შესრულდება შენს მიერ. ეს თითოეულის უფლებაა, არავის არავინ ძალით არსად არ შეჰყავს.
მენტალურ დონეზე, უკრაინელებს არ აქვთ საკუთარ წარუმატებლობაში ვინმეს დადანაშაულების თვისება, მიუხედავად უკრაინის რთული ისტორიისა. პირიქით, უმეტესად, უკრაინელები თავის თავს ადანაშაულებენ თავის ცოდვებში, და ამასთანავე ყოველთვის მადლობას უხდიან ყველას, ვინც მათ რაიმეთი დაეხმარა. ასეთი ხალხი გვყავს, ასეთია ჩვენი მენტალობა.
- ევროკავშირის შემდეგ ვაშინგტონის მხრიდან საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგა. ალბათ, მოისმინეთ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, საიდანაც შევიტყვეთ, რომ აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას საქართველოს მთავრობისთვის. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, კერძოდ პრემიერ-მინისტრი კობახიძე, აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ამერიკასა და საქართველოს შორის სიტუაცია აღდგება და მიახლოებით პერიოდად ექვსი თვიდან ერთ წლამდე ასახელებენ. რამდენად ხედავთ უკრაინაში მიმდინარე ომს, იმის ფაქტორად, რაც საქართველოსა და მის პარტნიორებს შორის ხდება? როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება უკრაინაში ომის დასრულებამ მოაგვაროს საქართველოსა და მის პარტნიორებს შორის არსებული ვითარება?
- ღმერთმა ქნას, რომ ნახევარწელიწადში უკრაინაში ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს. ამას ყველაზე მეტად ველით. ეს ყველაზე სასიხარულო მოვლენა იქნება ჩვენს სიცოცხლეში. რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, რაიმე „გადატვირთვას“, გაღრმავებას, აღდგენას, განულებას, ეს ყველაფერი გადატანითი მნიშვნელობით მოიაზრება. რეალურად კი ნებისმიერი ურთიერთობები სახელმწიფოებს, ადამიანებს შორის, როგორც მინიმუმ ორმხრივ საფუძველზე შენდება. ანუ, ის, თუ როგორ ვითარდება და როგორ განვითარდება ორმხრივი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, ამ შემთხვევაში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეს არის მინიმუმ ორი ქვეყნის საქმე - საქართველოსი და ამერიკის შეერთებული შტატების.
რაც შეეხება უკრაინას, ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ჩვენს პარტნიორებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ახლო თუ სხვა ქვეყნებს შორის, თუკი, რა თქმა უნდა, ვინმეს ასეთი დახმარება დასჭირდება ჩვენგან. ჩვენ არ ვართ რუსეთი, უკრაინა არასდროს არავის ახვევს თავს, ასე ვთქვათ, რაიმე სამსახურის გაწევას.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, რაზეც ვისაუბრეთ, ამაზე თანხმდება უსაფრთხოების სფეროში მათ შორის ქართველი ექსპერტების უმეტესობა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის, ბედი ნამდვილად არის დამოკიდებული, პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, რა თქმა უნდა. უსაფრთხოების საიმედო გარანტისა და უსაფრთხოების ქმედითი გარანტიების გარეშე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთს შეუძლია განაახლოს აგრესია მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი გარანტიები და მათი უზრუნველყოფის მექანიზმები კი მხოლოდ უკრაინის გამარჯვების შემდეგაა შესაძლებელი, უკრაინის საბოლოო გამარჯვების შემდეგ.
- პირდაპირ მინდა გკითხოთ, თქვენ ხედავთ, რომ საქართველომ გადაუხვია დასავლურ ვექტორს და რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- რომ ავიღოთ უკრაინის პოლიტიკა ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უსაფრთხოების, თავდაცვისა თუ ეკონომიკურ სფეროში, უკრაინას არც ისე ხიბლავს ის, რომ რომელიმე ქვეყანა, მითუმეტეს უკრაინისთვის ახლო ქვეყანა, აგრესორ ქვეყანასთან რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური დაახლოებაზე მიდის, რომ რომელიმე ქვეყნის მთავრობა თავს არიდებს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების განხორციელებას, მითუმეტეს, როცა ეს სანქციები სოლიდური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა შემუშავებული. გახსნილად გეტყვით, რომ ქვეყანა ბევრწლიანი წყვეტის შემდეგ საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ახდენს აგრესორ ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სოლიდარობის პრინციპებს, რომლებზეც დღეს დემოკრატიული სამყარო, ყოველ შემთხვევაში, უკრაინის მოკავშირე ქვეყნები საუბრობენ რუსეთთან და მის აგრესიასთან მიმართებაში.
უკრაინა სასტიკი ომის პირობებშიც კი მტკიცედ და თანმიმდევრულად იცავს დემოკრატიული სამყაროს განვითარების პრინციპებს, სწორედ ეს განასხვავებს დემოკრატიულ „დასავლეთს“ ტოტალიტარული რეჟიმებისგან - რუსეთისა და სხვა ქვეყნებისგან.
უკრაინაში ყოველთვის ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ვიცავთ ამ წესს, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს მონაწილე და მთავარი ძალა ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტისას. საზოგადოების, მოხალისეების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში, მაშინ მთელი საზოგადოება გაერთიანდა.
ამ კონტექსტში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აპრილში, როცა თქვენთან ცნობილი მოვლენები მიმდინარეობდა, მკაფიოდ განაცხადა, სხვა უფლებების გარდა, რომლებიც უნდა დაიცვან ამა თუ იმ ქვეყნებმა, რომლებიც თავს ევროპულად მიიჩნევენ, შედიან ევროპულ სტრუქტურებში, ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება. აქედან გამომდინარე, უკრაინა ვერ დაუჭერს მხარს უცხო ქვეყნის აგენტების კანონს იმ ფორმით, როგორითაც ის არის. ეს კანონი, როგორც მინიმუმ, უნდა გადაიხედოს, ანდა საერთოდ გაუქმდეს, როგორც ამას გთავაზობთ ევროპული ქვეყნების უმრავლესობა. დავამატებ, რომ უკრაინამ უკვე გადაიტანა მსგავსი ეპიზოდი თავის ისტორიაში. ეს მოხდა 2013-2014 წლების ზღვარზე, უმაღლესმა რადამ იმ დროინდელი შემადგენლობით, მაშინ სამთავრობო პარტია „რეგიონები“ დომინირებდა, მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავდნენ უკრაინელების თავისუფლებას, ეგრეთწოდებული დრაკონული კანონები. ამან გამოიწვია მთელი უკრაინელი საზოგადოების გადატვირთვა. პარტია „რეგიონები“ სამუდამოდ გაქრა და მასთან ერთად სამარცხვინოდ გაიქცა უკრაინის მაშინდელი მეთაური ვიქტორ იანუკოვიჩი. ასე რომ, ასეთია ჩვენი მიდგომები ამასთან დაკავშირებით.
- და ბოლოს, ჩვენ ვხედავთ უკრაინის საკმაოდ მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ცხადია, როგორც აღნიშნეს, ეს იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ერთ-ერთი შედეგი. ამ კონტექსტში მსურს გკითხოთ, რა მდგომარეობაა ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, რადგან ვფიქრობ, თქვენს შემთხვევაში, სამხედრო ალიანსის წევრობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს?
- აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ნატო უაღრესად მნიშვნელოვანი ალიანსია უკრაინისთვის, უკრაინა მიისწრაფვის და ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს იმისთვის, რომ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი გახდეს. ეს გამომდინარეობს უკრაინის კონსტიტუციის საფუძვლებიდან, სადაც ნათლად არის გაწერილი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები - ვიყოთ ამ სივრცის წევრი.
იცით, რომ მიმდინარე წლის ივლისში ვაშინგტონში გაიმართა ნატოს საიუბილეო სამიტი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ვერ მიიღო დიდი ხნის ნანატრი მოწვევა ამ ბლოკში, არსებობს ყველა საფუძველი, ეს სამიტი უკრაინისთვის წარმატებულად მივიჩნიოთ.
კერძოდ, მიღწეული იქნა შეთანხმება 2025 წელს ჩვენი ქვეყნისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე, შეთანხმდნენ უკრაინისთვის დამატებითი თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე, რაზეც ჩვენი საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, ისაუბრეს დახმარების გაწევის, სამხედრო ტექნიკის მოწოდებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების სტრუქტურისა შექმნასა და ანალიზის, წვრთნისა და განათლების ერთობლივი ცენტრის ნატო - უკრაინა შექმნის თაობაზე. ეს არის რეალური მიღწევები, რომლებიც პოზიტიურად აისახება უკრაინაზე და მის შეიარაღებულ ძალებზე.
რაც შეეხება პოლიტიკურ სიგნალებს, ნატოს ქვეყნებმა ნათლად განაცხადეს, რომ მთავარი საფრთხე ბლოკისთვის არის რუსეთი და მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი აღიარეს ბლოკისთვის არსებულ მთავარ საფრთხედ.
მეორე. ნატოს ყველა წევრმა კვლავ აღნიშნა, რომ ისინი, მათი ქვეყნები არასოდეს არ აღიარებენ რუსეთის ტერიტორიებად უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ეს არის უკრაინული მიწები, მათ შორის უკრაინული ყირიმი არის უკრაინული ყირიმი.
რაც შეეხება ნატოში მიწვევას, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ამისთვის საჭიროა, რომ ზოგ ქვეყანას ჰქონდეს დიდი პოლიტიკური ნება და სიმამაცე, პირველ რიგში რუსეთის წინაშე და სხვა ტოტალიტარული რეჟიმების წინაშე, რაზეც ჩვენი საუბრის დასაწყისში ვისაუბრეთ. მაგრამ უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენ მივუახლოვდეთ ჩვენს მიზანს, გავხდეთ ნატოს სრულუფლებიანი წევრები და დარწმუნებული ვარ, რომ იმ დიდი საბრძოლო და არა მხოლოდ საბრძოლო გამოცდილებით, რომელიც დღეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ, ისინი გახდებიან ნატოს საიმედო დასაყრდენი, უკრაინა კი უსაფრთხოების გარანტი არა მხოლოდ მთელი რეგიონისთვის, არამედ მთელი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის, როგორც ბლოკისთვის, ისე და ყველა წევრი-ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
არ დავარღვიოთ მწკრივი! წინ გამარჯვებისკენ!
მსურს ვისარგებლო შემთხვევით და თქვენის ნებართვით მინდა მივულოცო ჩემს თანამემამულეებს, უკრაინელებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ყველა ქართველს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას ამ რთულ დროს, ორი დიდი თარიღი - ეს არის უკრაინის სახელმწიფო დროშის დღე, რომელსაც 23 აგვისტოს აღვნიშნავთ და დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც 24 აგვისტოს აღვნიშნავთ. მინდა სიმტკიცე გისურვოთ - უკრაინელებსაც და ქართველებსაც, სიმამაცე და რწმენა, რომ სიკეთე გაიმარჯვებს, მზე ყოველთვის გაანათებს ცას და ცა იქნება მშვიდობიანი, გისურვებთ გამარჯვების მტკიცე რწმენას, უკრაინა გაიმარჯვებს, ის გავა თავის საზღვრებზე, უკრაინასთან ერთად გაიმარჯვებს საქართველოც. ჩვენი ქვეყნები იცხოვრებენ იმ საზღვრების დაცვით, რომელიც ღმერთის მიერ არის განსაზღვრული, ჩვენი ტერიტორიულად მთლიანი ქვეყნები. გილოცავთ დღესასწაულებს!
სალომე აბულაშვილი
„ინტერპრესნიუსი“