რომან გოცირიძე რაჟდენ კუპრაშვილზე - როდესაც მშობელი პარტიის თვალში დირეს ვერ ხედავს, ოპოზიციური პარტიების თვალში ბეწვსაც ხედავს და ათასჯერ ადიდებს, ეს სახელმწიფო ინსტიტუტის გამოყენებაა პოლიტიკური დევნისთვის

როდესაც საკუთარი მშობელი პარტიის თვალში დირეს ვერ ხედავს, ოპოზიციური პარტიების თვალში ბეწვსაც ხედავს და ათასჯერ ადიდებს, ეს არის პირდაპირ ამ სახელმწიფო ინსტიტუტის გამოყენება პოლიტიკური დევნისა და საარჩევნო კამპანიაში “ქართული ოცნების” მხარდაჭერისათვის, - ასე გამოეხმაურა “ევროოპტიმისტების” დეპუტატი, რომან გოცირიძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ანგარიშვალდებულება მხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტს გააჩნია.

გოცირიძის განმარტებით, კანონი არასამთავრობო ორგანიზაციას არ სთხოვს რაიმე დოკუმენტის წარდგენას ამ ბიუროში და ესეც უკვე ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნად შეიხლება განვიხილოთ.

„არჩევნებში ყოველთვის უზარმაზარი ოდენობის „შავი ფული“ ტრიალებდა „ქართული ოცნების” საარჩევნო ყულაბაში. ეს ფული პირდაპირ მოდიოდა ბიძინა ივანიშვილისა და იმ ბიზნესმენების მხრიდან, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში კორუფციული გზით იღებდნენ შეკვეთებს. არც მალავდნენ და ფაქტობრივად, ყველა დიდი პროექტის მომგები ქართული კომპანია, რომელიც დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“ ღიადაც კი რიცხავდა ფულს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ყულაბაში. ვინაიდან, „ქართულ ოცნებასაც“ ლეგალურად აქვს რაღაც თანხები დასაწერი - რეკლამებისა თუ ისეთი ხარჯები, რომელსაც ვერ დამალავენ. მაგრამ 10-ჯერ და 20-ჯერ მეტია ის შავი ფული, რომლითაც ეს პარტია ფინანსდება. როდესაც „ქართული ოცნების“ შესახებ არავითარი შენიშვნა არ აქვს ამ სამსახურს და როდესაც საკუთარი მშობელი პარტიის თვალში დირეს ვერ ხედავს და ოპოზიციური პარტიების თვალში ბეწვსაც ხედავს და ათასჯერ ადიდებს, ეს არის პირდაპირ ამ სახელმწიფო ინსტიტუტის გამოყენება პოლიტიკური დევნისა და საარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისათვის. ვინაიდან მსგავსი განცხადება წინასაარჩევნო პერიოდში კეთდება.

მეორე მხრივ, განცხადების ერთი ნაწილი, სადაც საუბარია იმის თაობაზე, რომ თურმე არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიულად აქტიურობენ და მათ მოსთხოვო შესაბამისი დოკუმენტები, როგორც პარტიას - ეს არის უხეში კანონდარღვევა. ვინაიდან ანგარიშვალდებულება გააჩნია პოლიტიკურ სუბიექტს. არცერთ სხვა სუბიექტს, იქნება ფიზიკური თუ იურიდიული, რომლის მოქმედება შეიძლება პოლიტიკურად იყოს ინტერპრეტირებული, ეს ვალდებულება არ გააჩნია. კანონი არასამთავრობო ორგანიზაციას არ სთხოვს რაიმე დოკუმენტის წარდგენას ამ ბიუროში და ესეც უკვე ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნად შეიხლება განვიხილოთ. თუ დღემდე სუს-ი, პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, სამინისტროები და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებები უხეშად ერეოდნენ საარჩევნო პროცესში და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ნაწილს წარმოადგენდნენ, სამწუხაროდ, ახლად შექმნილი დაწესებულება, რომელსაც ობიექტურობის იმიჯი უნდა შეეძინა, პირდაპირ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სამსახურში ჩადგა“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება